ლია მუხაშავრია: "წულუკიანის კისერზეა ის, რომ მართლმსაჯულება ჩამოიშალა"
04-06-2018
ლია მუხაშავრია: "წულუკიანის კისერზეა ის, რომ მართლმსაჯულება ჩამოიშალა"
თუ ეს სიბრმავე გაგრძელდება, ხელისუფლებას ვერ უშველის ზაზა სარალიძის დისკრედიტაციის მცდელობა, როგორც კი მორიგი შანსი გამოჩნდება, ეს ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით

ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი:­ - ქვეყანაში უსამართლობის განცდა წლებია გროვდება. ბევრი მოქალაქე ჩივის, რომ სიმართლის დადგენას ვერ ახერხებენ. როგორც კი ამ ადამიანებმა ქუჩაში გამოსული ზაზა სარალიძე დაინახეს, ყველანი გვერდით დაუდგნენ. ეს უნდა დაინახოს ხელისუფლებამ, რომელსაც დიდი ხანია საზოგადოების ხმა აღარ ესმის ან არ უნდა მოისმინოს.
რატომ
ჩამოიშალა მართლმსაჯულება, რატომ აღარ აქვს ნდობა პროკურატურას და რატომ გვაქვს საფუძვლიანი განცდა, რომ პროკურორები ისევ თეთრი ძაფით კერავენ საქმეებს? - ამ კითხვებზე "ქართულ ოცნებას" პასუხს უკვე არა მხოლოდ ოპოზიცია, საზოგადოება სთხოვს და უნდა თუ არა მმართველ გუნდს, პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი ისეთ
შეუქცევად სახეს მიიღებს, მის შეჩერებას სკამებზე მოკალათებული ჩინოვნიკები ვეღარ მოახერხებენ.
"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მართლმსაჯულების სისტემური რეფორმის დაპირებით მოვიდა, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია. პირიქით, აბა, მთავარ პროკურორად ფარცხალაძე უნდა დაესვათ, ბოტასების ქურდი, რომელსაც არც განათლება ჰქონდა და არც გამოცდილება? თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო ვინმე ბადაშვილი, რომელიც იმდენად უსახური ფიგურა იყო, მისი გვარი მედიამაც ძლივს დაიმახსოვრა? ან შოთაძე რა პრინციპით შეარჩიეს მთავარი პროკურორის პოსტზე? პირი, რომელიც ადეიშვილის ხელის ბიჭად ითვლებოდა! აღარაფერს ვამბობ ლაშა ნაცვლიშვილზე, რომელმაც ყოფილი მაღალჩინოსნების ყველა საქმის გამოძიება შეაფერხა.

- მთავარი პროკურორის კანდიდატურის წარდგენა პარლამენტისთვის იუსტიციის მინისტრს ევალება. ელით, რომ მთავარი პროკურორის შერჩევისას ამჯერად მაინც გააზრებულ გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი?
- თეა წულუკიანის კისერზეა ის, რომ სასამართლოს დღეს გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძე მართავს, მის კისერზეა, რომ სასამართლო მოქალაქეებისთვის სამართლის პოვნის ადგილად კი არა, უსამართლობის წყაროდ იქცა და მართლმსაჯულება ჩამოიშალა.
წულ­უკიანის პასუხისმგებლობაა ისიც, რომ პროკურატურა არაპროფესიონალი, უსახური გამომძიებლ­ებითა და მუშაკებითაა დაკომპლექტებული. რატომღაც ამ პასუხ­ისმგებლობას "ქართულ ოცნებაში" ვერ ხედავენ და ისევ გვიცხადებენ, რომ თურმე ისევ წულუკიანმა უნდა შეარჩიოს მთავარი პროკურორი.
მინისტრს, რომლის ვერც ერთმა კადრმა ვერ გაამართლა როგორც მთავარ პროკურორად, ისე სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ მოსამართლედ, ამხელა მანდატი ისევ უნდა მივანიჭოთ? არ არის მშვიდობა სამართლიანობის გარეშე და ეს ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა. ეს უნდა დაინახოს ხელისუფლებამ, რომელსაც ეტყობა კიდეც, რომ შეშინებულია, მაგრამ კრიზისიდან გამოსავლის პოვნა არაპროფესიონალიზმის გამო უჭირს.

- ის, რომ სასამართლომ დაანგრია პროკურატურის მიერ გაგზავნილი საქმე, აჩენს იმედს, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს?
- სამართლებრივად თუ შევაფასებთ­ მოსამართლის გადაწყვეტილებას, სასამ­ართლომ დაამარცხა პროკურატურის მიერ შეკერილი"ამორალური საქმე. თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ ქართულ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც პოლიტიკოსები ყველაფერზე მიდიან და ყველა ყველას ნათესავი და მეგობარია. ხელისუფლებისკენ გასროლილი პირველი სასიკვდილო ტყვია სწორედ სასამართლომ გაისროლა, მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა ზაზა სარალიძის აღშფოთება და მის გვერდით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება. რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ვისაც სურს პოლიტიკური კრიზისისგან სარგებლის მიღება, ეს ნაბიჯი გადაედგა?

- რას გულისხმობთ, მოსამართლემ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება?
- "ნაციონალურ მოძრაობას" თავად "ქართულმა ოცნებამ" გადაუდგო მსუყე ლუკმა თავისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებით. საგამოძიებო სტრუქტურები ყველა ქვეყანაში განვითარდნენ, ჩვენ კი მიუხედავად უამრავი შემოთავაზებისა, უარი ვთქვით, დაგვხმარებოდნენ საერთაშორისო პარტნიორები უწყებების რეფორმირებაში. ხელისუფლებას ურჩევნია, ჭაობში იჯდეს და იქიდან შეეცადოს საზოგადოების დაშინებას, უსამართლობასთან შეგუებას. ქვეყნის საკვანძო სტრუქტურები ჩამოშლილია, მართლმსაჯულება აღარ არსებობს და ამას უკვე თითოეული მოქალაქე საკუთარ ტყავზე გრძნობს.
პოლიტიკური პარტიების ზაზა სარალიძ­ესთან გამოჩენამ საზოგადოებაში უკმაყო­ფილება გამოიწვია და ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ მას სხვა გამოსავალი არ დაუტოვა ხელისუფლებამ და ამიტომაცაა მზად ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად საბრძოლველად. ვნახოთ, რა რესურსი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს - რეალურად, ახლა რუსთაველის გამზირზე ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს. ადრე თუ გვიან, საპარლამენტო არჩევნებამდე მივალთ და უნდა ვიცოდეთ, ვის მივცეთ ხმა და ვის აქვს პროცესების მართვის რესურსი.
- ის, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის პროცესი პოლიტიკოსების მხრიდან დისკრედიტირებულია, რა გავლენას მოახდენს ხორავას ქუჩის საქმის რეალურ გამოძიებაზე?
- "ქართული ოცნება" დღეს კრიზისშია და არ მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წარიმართება. სამი დღის განმავლობაში, სანამ პარტიები გამოჩნდებოდნენ ზაზა სარალიძის გვერდით, უხერხემლობისა და სისუსტის გამო მთავრობამ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ვერ გაბედა. ბევრი გაუბედურებული ოჯახია დღეს ქვეყანაში, რომლებიც უკმაყოფილო არიან როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოსა და შსს-ს მუშაობით. თუ ეს სიბრმავე გაგრძელდება, ხელისუფლებას ვერ უშველის ზაზა სარალიძის დისკრედიტაციის მცდელობა, როგორც კი მორიგი შანსი გამოჩნდება, ეს ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით.

"კუპრავას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება?!"


გურამ გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარს მაღალჩინოსნების მიერ მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა: "ჯერ ჩემი შვილის საქმეც არ დასრულებულა, გამოძიება ისევ მიმდინარეობს და დღემდე არ ვიცით, ვინ არის მკვლელი, შესაბამისად, ის, რაც ახლა ხდება, არ მიკვირს.
მე ჩემი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მაშინ დავაფიქსირე, როცა მურუსიძე აირჩიეს მოსამართლედ და ამის მერე ამ ხელისუფლების არაფერი მჯერა.
ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურება ცხადად მიდგება თვალწინ. ჩემთვის ცხადზე ცხადია, რას განიცდის ახლა ის, მაგრამ
უბედურებაა ისიც, რომ მის გვერდით დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი შვილი მოკლა. მე მხოლოდ ამის გამო ვერ მივალ და გვერდით ვერ დავუდგები ზაზა სარალიძეს. კუპრავას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება?!

- საზოგადოების ნაწილი "სარალიძის საქმეს" ადარებს "გირგვლიანის საქმეს", თქვენ როგორ ფიქრობთ, არის მსგავსება?
- მაშინ თავიდანვე გამოიკვეთა, რომ მკვლელობის უკან იდგა ხელისუფლება და საქმეში ჩართული იყვნენ როგორც ქვედა რგოლები, ისე ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტიც და ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.
"სარალიძის საქმეში" ასეთი ფაქტი არ არის და ამიტომ ვერ შევადარებ ამ ორ ამბავს, თუმცა, გამოძიებისას იგივე მეორდება. უსამართლობის განცდა ყველაზე საშინელებაა, სწორედ ამიტომ მე ამ კაცის გვერდში ვდგავარ. მას მოუკლეს შვილი და ითხოვს, რომ მკვლელი დაისაჯოს. ფაქტია, რომ ვიღაც მკვლელებს აფარებს ხელს.

"მკვლელები გამოდიან და იმ გაუბედურებულ კაცს ვითომ იცავენ"


ჯამბულ გამცემლიძე, 2008 წლის 8 მაისს თბილისში, პატრულის მიერ მოკლული 31 წლის გიორგი გამცემლიძის მამა: "არ ვიცი, გამოძიება როგორ მიდიოდა, მაგრამ ფაქტია, პროკურატურაში დღესაც არიან მოკალათებული მიშა სააკაშვილის "ნამცეცები", რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ საქმე გაფუჭდეს, რათა მთავრობის დისკრედიტაციას შეუწყონ ხელი. ბავშვს 12 ჭრილობა აქვს და მოსამართლემ თავისი ბუნდოვანი განაჩენით მკვლელი ვერ დაადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი სტრასბურგმა გაამართლა, საქმე 6 წელია თაროზეა შემოდებული. შოთაძეს ღია წერილითაც მივმართე, პირადადაც შევხვდი, მაგრამ ვერც მას და ვერც მის გამომძიებლებს ვერაფერი შევაგნებინე. ეს კაცი გადასაყენებელი იყო.
რახანია ვყვირი, მაგრამ ჩემი ხმა არ ისმის, სარალიძის ხმა კი ნაძირალა ნაცხროვამ გაიგონა. კაცი მათ ხელში იმ იარაღად შეიძლება იქცეს, რაც საქართველოს დაღუპავს. სწორედ ეს უნდა არაკაც სააკაშვილს, რომ ქვეყანაში არეულობა დაიწყოს. ვერ ხედავთ, აქციაზე რა ამბავია? მკვლელები გამოდიან და იმ გაუბედურებულ კაცს ვითომ იცავენ. მივწერე ზაზას, ნაცხროვას ჩამოშორდი და ჩვენც გვერდით დაგიდგებით-მეთქი, მაგრამ არ ესმის".

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით