თინა ხიდაშელი: "კვირიკაშვილი არ უნდა გადადგეს, ეს უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება"
თინა ხიდაშელი: "კვირიკაშვილი არ უნდა გადადგეს, ეს უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება"
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - კვირიკაშვილს ნანახი აქვს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვითომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები და იქ კარგად ჩანს, სად და ვინ ატვირთა პოლიტიკოსების დასაშინებლად ფირი. აი, ამას თუ გააკეთებს კვირიკაშვილი, დარწმუნებული ვარ, ზაზა სარალიძის მართვას ვეღარ მოახერხებს ზვიად კუპრავა

რატომ მივიდა პროცესები ქუჩის აქციებამდე და ვინ არის პასუხისმგებელი მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებზე, "კვირის პალიტრა" თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს ესაუბრა:

- ქალბატონო თინა, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ზვიად კუპრავას განცხადებით დავიწყოთ
საუბარი - მან აქციაზე გაავრცელა ვიდეოფირი და განაცხადა, რომ შესაძლოა ზაზა სარალიძეს პროვოკაცია მოუწყონ და რომ ეს ინფორმაცია თქვენმა ძმამ, მიხეილ ხიდაშელმა მიაწოდა.

- ზვიად კუპრავამ ისიც განაცხადა, რომ ჩემი ძმა სუს-ში მუშაობდა, თუმცა მიხეილ ხიდაშელს არასდროს უმუშავია ამ უწყებაში, არც კუდ-ში... ის პოლიციის თანამშრომელი
იყო და ირაკლი ოქრუაშვილმა გაათავისუფლა სამსახურიდან, მას შემდეგ არც ერთ უწყებაში არ უმუშავია.

- არ გიცდიათ გაგერკვიათ, რა ინფორმაცია აქვს თქვენს ძმას?
- არა, მასთან დიდი ხანია კონტაქტი არა მაქვს, ტელეფონის ნომერიც კი არ ვიცი სხვადასხვა პირადი მიზეზის გამო. რა ინფორმაცია აქვს მას, შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გაარკვიონ.

- ვინ არის პასუხისმგებელი, რომ საზოგადოებას ამ რეზონანსულ საქმეზე არაერთი კითხვა აქვს და ამის გამო თანამდებობის დატოვებამ მოუწია ირაკლი შოთაძესაც.­ ან როგორ მოხდა, რომ სამართლებრივი პროცესი ქუჩის აქციებში გადაიზარდა?
- ასეთ მოვლენებს ერთი კონკრეტული ახსნა არასდროს აქვს - ეს არის ემოციური პროცესი, რომელიც უზარმაზარი ტრაგედიის ფონზე ვითარდება, და შეცდომაა, როდესაც საზოგადოების ნაწილი ცდილობს დისკურსის გადატანას, ვინ იყო ზვიად კუპრავა ან რას აკეთებდა ის ცხრა წლის განმავლობაში. მოზარდები ჩვენ თვალწინ, ქუჩაში დახოცეს და გამოძიება დასრულდა იმით, რომ მკვლელი ბუნებაში არ ჩანს. ანუ, კითხვაზე პასუხი, რომელსაც როგორც მოკლული მოზარდების მშობლები და საზოგადოება ელოდა, უპასუხოდ დარჩა. ზუსტად ესაა ამ პროცესის მთავარი არსი და სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეს მთავარი დაავიწყდა, რასაც ახალისებენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ ქუჩა საჯარო სივრცეა და როდესაც მოვლენები სწორედ ქუჩაში გადადის, იქ ვერავის განვუსაზღვრავთ, ვინ უნდა იდგეს ჩვენ გვერდით ან ვინ რა პოლ­იტიკური არჩევანი უნდა გააკეთოს."ხომ გაგიგიათ, წმინდა ადგილი ცარიელი არასდროს რჩება.

- თუმცა მაინც ბევრმა და მათ შორის, მშობლებმა, რომელთა შვილებიც წინა ხელისუფლების დროს დახოცეს, გამოთქვეს აზრი, რომ იქ, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დგანან ტრიბუნაზე, ზაზა სარალიძის გვერდით დადგომა უმძიმთ.
- სწორედ ამიტომ ია მეტრეველსა და გურამ გირგვლიანს საჯაროდ მივმართე, რომ სარალიძის გვერდით დამდგარიყვნენ. თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამდნენ, ზაზას გვერდით "ნაციონალების" ადგილი არ დარჩებოდა. ასეთ დროს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენა პრევენციაა პროვოკაციების თუ ბოროტი განზრახვების თავიდან ასაცილებლად.
თუ ზაზა სარალიძესთან გურამ გირგვლიანი დადგებოდა, ტრიბუნასთან ვინმე კუპრავას ადგილი არ იქნებოდა. სამწუხაროდ, მათ ადგილი დაუთმეს კუპრავასთანა ხალხს.

- ისიც ფაქტია, რომ ხორავას ქუჩის საქმემ უფრო ბევრი კითხვა და უნდობლობა­ გააჩინა ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. რა გამოსავალი აქვს ამ ვითარებიდან ხელისუფლებას?
- ხორავას ქუჩის ტრაგედიამ დაგვანახა, რამდენად მძიმე ვითარებაშია მართლმსაჯულების ყველა რგოლი - სასამართლო, პროკურატურა და შს სამინისტრო.
ბოლო 26 წელია, კრიტიკულ მომენტში ხელისუფლება ყოველთვის დიდ სილას აწნავს საზოგადოებას - წარმოგიდგენიათ, თუ ისეთ რეზონანსულ საქმეში, რომელსაც მთელი საზოგადოება ექვსი თვე ადევნებდა თვალს, მაინც ასეთი კითხვის ნიშნები დაგვრჩა, რა ხდება იმ საქმეების განხილვისას, რომელიც ჟურნალისტებმა თუ საზოგადოების აქტიურმა წევრებმა არ ვიცით?!
შეუძლია ხელისუფლებას შეუსრულებელი დაპირებებიც აპატიოს, შესაძლოა სულაც არ არის ბედნიერი, რომ ლარი უფასურდება, მაგრამ ხელისუფლებას უჯერებს, რომ ეს ევროს გამყარების ან რუსეთში არსებული ინფლაციის შედეგია და არ გაბრაზდეს, მაგრამ ხელისუფალს არ აპატიებს, თუ დაინახავს, რომ იქ, სადაც სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლება უნდა გამოეყენებინა და სამართალი აღესრულებინა, უსამართლოდ მოიქცა. ეს უნდა დაინახოს დღეს ხელისუფლებამ, თორემ "ნაციონალური მოძრაობა" რომ პროვოკაციებს გეგმავს და ქვეყანაში არეულობა სჭირდება, ახლა აღმოაჩინა ვინმემ და მე მიმტკიცებენ ამას?
შესაძლოა ვანო ზარდიაშვილისთვის გაუგებარია, რატომ ვამბობთ ამდენ ცუდს "ნაციონალურ მოძრაობაზე", მაგრამ მეც და კიდევ ბევრმა, რომლებიც წლების განმავლობაში ვებრძოდით "ნაციონალურ მოძრაობას", ეს ბევრჯერ გვინახავს და ამიტომაც გავუშვით ისინი სახლში. არც ერთ ქვეყანაში რევოლუცია ოპოზიციის გამო არ მომხდარა, რევოლუცია ხელისუფლების შეცდომების კასკადის შედეგია. სოციალურ ქსელში ვიღაც წერდა, გირგვლიანი სახელმწიფომ მოკლა და მოზარდების საქმესთან მსგავსებას ვერ ვხედავო.
დიახ, გირგვლიანი მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა მოკლეს, მოზარდები - თანატოლებმა, მაგრამ სახელმწიფო მაშინ კი არ კლავს, როდესაც უჩინო ან ჩინიანი მოქალაქე ესვრის ვინმეს, სახელმწიფო მაშინ კლავს, როდესაც მკვლელს არ სჯის - სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სახელმწიფოს როლი საქმის გამოძიებაში.
გირგვლიანის საქმეში სახელმწიფოებრივი ტრაგედია ის კი არ იყო, თაკო სალაყაიამ როგორ დაგეგმა სანდრო გირგვლიანის დასჯა, ეს ერთი ოჯახის ტრაგედია იყო, რომელიც სახელმწიფოებრივ ტრაგედიაში მაშინ გადაიზარდა, როდესაც მთელმა სახელმწიფო მანქანამ პრეზიდენტიან-პარლამენტიან-მოსამართლეებიანად დამნაშავეების დაცვა დაიწყო. ამიტომაც ჩაჰბარდა წინა ხელისუფლება წარსულს.

- და ჩანს, რომ დღესაც ცდილობს სახელმწიფო მანქანა დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას?
- როდესაც სასამართლო პროცესი დამთავრდა შედეგით, რომ მკვლელი დღემდე გამოვლენილი არ არის, იმას მაინც ველოდი, რომ ბატონი შოთაძე ბოდიშს მოიხდიდა და იტყოდა, რომ შეეშალა და თანამდებობიდან წასვლაც ამიტომ გადაწყვიტა. ასეთ შემთხვევაში გამიჩნდებოდა იმედი, რომ თუ "ქართული ოცნება" "ნაცმოძრაობის" შეცდომებს ვერ ითვალისწინებს, საკუთარი შეცდომებიდან მაინც გამოაქვს დასკვნები. ნაცვლად ამისა, შოთაძე თანამდებობიდან მადლობებით გაუშვეს, მეტიც, მეორე დღესვე შსს-მ ორი განცხადება გაავრცელა და ის კი არ გვითხრა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მკვლელი ვიპოვოთო, დავადგენთ, როგორ დაინგრა სასამართლოში გამოძიების მიერ გაგზავნილი საქმეო. ანუ, ან მოსამართლეზე აღძრეს საქმე, ან იმ პირებზე, რომლებმაც, სავარაუდოდ, გავლენა მოახდინეს სასამართლოზე. რა ჰქვია ამას?
ასეც რომ იყოს და აბსოლუტურად დამაჯერებელი სცენარი წარმოგვიდგინონ მტკიცებულებებით, რომ მოსამართლე გავლენის ქვეშ იყო ან ქრთამი აიღო, დღეს გამოძიებამ ეს ამოცანა უნდა დაისახოს?
შსს-ს მეორე განცხადება კიდევ უფრო საოცარი იყო - ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს, რომ ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება და ამიტომ ადამიანი, რომელიც 10 ათასი კაცით გარშემორტყმულ აქციაზე დგას, თურმე კონსპირაციულ ბინაში უნდა წაიყვანონ და იქ მიხედავენ. ეს ხომ შიზოფრენიას ჰგავს?!
ამიტომ ახლა ერთადერთი გამოსავალი არსებობს­ და ჯერ კიდევ არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ისეთ ჩიხშია, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს - კვირიკაშვილი არ უნდა გადადგეს, ასეთ დროს თანამდებობიდან გადადგომა უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება.

- უკვე მერამდენე დღეა აქციის­ მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
- არ ვიზიარებ ამ მოთხოვნას და ეს მანიშნებელია, რომ ვიღაცებს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. პირიქით, გიორგი კვირიკაშვილმა სრულად უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ პროცესი განიმუხტოს და ეს ავტომატურად მოხდება, თუ სამართლის დაკანონება დაიწყება -
ხელისუფლებას მიეცა შანსი, საზოგადოებას დაანახოს, რომ გამოდის პრობლემებიდან, რომელშიც აღმოჩნდა - ჩინჩალაძე, მურუსიძე, ფარცხალაძე და კეზერაშვილის სხვა ხელის ბიჭები დაიბაროს და უთხრას, გმადლობთ სამსახურისთვის, მაგრამ კარგად ბრძანდებოდეთო.
შემიძლია ვრცელი სია გავუგზავნო, ვინ დაიყენეს გვერდით! მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორის შერჩევაც გამჭვირვალედ და საზოგადოებრივი მოთხოვნიდან გამომდინარე წარიმართოს და რაც მთავარია, მალე გამოვლინდნენ ხორავას ქუჩის საქმეში დამნაშავეები. საერთოდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი საქმე დაგროვდა კვირიკაშვილის კისერზე, რომლებიც სწორედ ახლა უნდა გადმოიღოს თაროდან და დაგვიმტკიცოს, რომ ამ ქვეყანაში არავინაა ხელშეუხებელი.
მათ შორის, ვიდეოფირების გავრცელების საქმე, რომლის უკანაც ვინ იდგა და ვინ გაავრცელა, გიორგი კვირიკაშვილმა კარგად იცის. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - მას ნანახი აქვს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვითომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები და იქ კარგად ჩანს, სად და ვინ ატვირთა პოლიტიკოსების დასაშინებლად ფირი. აი, ამას თუ გააკეთებს კვირიკაშვილი, დარწმუნებული ვარ, ზაზა სარალიძის მართვას ვეღარ მოახერხებს ზვიად კუპრავა. ისე კი დღეს რევოლუციური ტალღა ქვეყანაში არ არსებობს და ისედაც არ მინდა, მორიგი რევოლუცია ვიხილო საქართველოში. ეს კინო ნანახი გვაქვს და ისიც ვიცით, რა შედეგით მთავრდება. ეს რისკი უნდა მოხსნას გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც, ჩემი აზრით, ერთადერთი ნათელი წერტილია დღეს "ქართულ ოცნებაში", მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებს, პირადად იქნება პასუხისმგებელი პროცესების შემდგომ განვითარებაზე.

"უსამართლობა მძიმე ნაღმია, თუ ზომები არ მიიღეს, ამ მთავრობასაც გადაიყოლებს"


როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გვესაუბრება:
- პირადად მეც, ისევე როგორც მოსახლეობის დიდ ნაწილს, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის მიმართ გაორებული დამოკიდებულება მაქვს - ადამიანურად მესმის მისი აღშფოთება და სამართლიანი გულისწყრომა იმის გამო, რომ შვილის მკვლელების გამოვლენა და დასჯა ვერ მოახერხა, მაგრამ იმასაც ნათლად ვხედავ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ პოლიტიკურ კაპიტალად გამოიყენონ მისი ტრაგედია - ეს დაუშვებელია. ცდილობენ მთავარი მიზნის - რომ დამნაშავეები დაისაჯონ და ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს ელიტური კასტისთვის თუ ნებისმიერი მასთან დაკავშირებული ფიგურისთვის ხელის დაფარება - დისკრედიტირებას. ახლა მთავარია, ხელისუფლებამ სწორი კომუნიკაცია დაამყაროს ზაზა სარალიძესთან, გადადგას ნაბიჯები, რომელიც სარალიძისთვის მისაღები იქნება.

- აქციაზე მივიდა პრემიერ-მინისტრი, იქმნება საგამოძიებო კომისია პარლამენტში, საქმე პროკურატურიდან დაუბრუნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არსებობს დაპირება, რომ გამოძიებისას ნებისმიერ ინფორმაციაზე წვდომა ექნება დაზარალებულების ოჯახს... კიდევ რა იქნება ხელისუფლების შემხვედრი ნაბიჯი მაშინ, როდესაც აქციაზე მთავრობის გადადგომას ითხოვენ?
- აუცილებელია ზაზა სარალიძესა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის უშუალო კომუნიკაცია, რაშიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უშლიან ხელს ორივე მხარეს. ისიც უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ დააგვიანა რეაგირება სარალიძის მოთხოვნებზე, დააგვიანა მასთან კონტაქტის დამყარება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად ითხოვდა შვილმკვდარი მამა პირველ პირებთან შეხვედრას და მათთან იმ ხარვეზებზე საუბარს, რასაც სამართლებრივად აწყდებოდა მისი შვილის მკვლელობის საქმეში.
ახლა ზაზა სარალიძის მოთხოვნას, რომ მთავრობა გადადგეს, არაფერი აკავშირებს მიზანთან, რომ საქმე ამჯერად მაინც სწორად გამოიძიონ - ეს უკვე პოლიტიკური მოთხოვნაა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" მართავს.

- ხელისუფლებამ შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც ზაზა სარალიძესთან კომუნიკაციაზე უარი თქვა?
- ხელისუფლების მთავარი შეცდომა­ იყო ის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს არ მიაქცია ყურადღება - სამართლიანობის დამკვიდრების ლოზუნგით მოსულ ხელისუფლებას ე.წ. ძველი, დისკრედიტირებული პირების აღზევებისთვის არ უნდა შეეწყო ხელი. სწორედ ამან გაუჩინა ხალხს უსამართლობის განცდა. უსამართლობა მძიმე ნაღმია, რომელმაც შეიწირა წინა ხელისუფლება და თუ ზომები არ მიიღეს, დიდია ალბათობა, ეს მთავრობაც გადაიყოლოს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები