"კუპრავა "ნაციონალების" ზონდერი, ამორალური ადამიანია" - კვირის პალიტრა

"კუპრავა "ნაციონალების" ზონდერი, ამორალური ადამიანია"

ზვიად კუპრავა ამბობს, რომ 26 მაისს ეძინა და აქციის დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია, რაც მტკნარი სიცრუეა. ეს კაცი გარეწარია. სატირალია, როცა ეს ბინძური საქმეების შემსრულებელი ულტიმატუმებს უყენებს ხელისუფლებას. ამ ძალას უნდა დესტაბილიზაციის გამოწვევა და სააკაშვილის შემოყვანა საქართველოში, რასაც ვერ ეღირსებიან

ია მეტრეველი, 2004 წლის 23 ნოემბერს სამართალდამცავების მიერ მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა: "მინდა სამძიმარი ვუთხრა დაღუპული ბავშვების ოჯახებს. სარალიძის გვერდით პირველი მე დავდგებოდი, მაგრამ დღეს შვილმკვდარი და გაუბედურებული მამის გვერდით ძალადობრივი სისტემის შემქმნელები დგანან. ირაკლი შოთაძე სარალიძეს ეხვეწებოდა, ადვოკატთან ერთად შემხვდიო და დაიჟინა, არა, კუპრავასთან ერთად მოვდივარო. კუპრავა "ნაციონალების" ზონდერი, ამორალური ადამიანია. ასეთები გამწარებულ მამას თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ. სწორედ ამიტომ არ ვდგავარ იქ. აქციაზე არც ბავშვი ახსოვს ვინმეს და არც შვილმკვდარი მამა. ჩემთვის მამის მოთხოვნებიც გაუგებარია. მას მთელი მთავრობა, პარლამენტი დაუდგა გვერდში და ამის მერე რა მოთხოვნებს აყენებს? ამ სისხლისმსმელებს უნდათ, რომ არეულობა დაიწყოს.

კუპრავა "ნაცმოძრაობის" ზონდერჯგუფების ყოფილი ლიდერია. ადრე პატრულში მუშაობდა და ასეთი შემთხვევა ჰქონდა: ოჯახი გაძარცვეს და გამოძახებაზე რომ მივიდა, ძვირფასეულობა მოიპარა. შემდეგ ისე მოახერხა, რომ ყველაფერი მის მეწყვილეს დაჰბრალდა. ამ ფაქტზე საქმე აღიძრა, მაგრამ ჩაიფარცხა...

ერთხანს ცილისწამების კასკადით შემომიტია და მის წინააღმდეგ სარჩელიც კი შევიტანე. კუპრავა მონაწილეობდა 26 მაისის დარბევაში და ამის დამადასტურებელი ფოტოებიც გავრცელდა. ამბობს, რომ 26 მაისს ეძინა და დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია, რაც მტკნარი სიცრუეა. ეს კაცი გარეწარია. მთელი მთავრობა ფეხზე დგას, ყველა მონდომებულია სიმართლე დადგინდეს და დამნაშავეები დაისაჯონ, ლევან დადუნაშვილის მამა აქციაზე მივიდა და სარალიძე ამის მერეც აგრძელებს მოთხოვნების გახმაურებას, რომ მთავრობა გადადგეს... მიმყარდება აზრი, რომ უნდათ არა საქმის გამოძიება, არამედ ხელისუფლების შეცვლა. კუპრავა კი გამოდის და აცხადებს, უფლებადამცველი ვარო. სატირალია, როცა ეს ბინძური საქმეების შემსრულებელი ულტიმატუმებს უყენებს ხელისუფლებას. ამ ძალას უნდა დესტაბილიზაციის გამოწვევა და სააკაშვილის შემოყვანა საქართველოში, რასაც ვერ ეღირსებიან!

"ეს არის სექტა!"

ბექა ვარდოსანიძე, სამოქალაქო აქტივისტი, ბლოგერი: - გავრცელებულია კუპრავას ფოტო, თავზე კაპიუშონით, სადაც 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილეობს. კუპრავა სააკაშვილთან დაახლოებული პირია და მის მითითებებს ასრულებს. გავრცელდა მასთან გადაღებული ფოტოც და ახლახან შეხვდა კიდეც სააკაშვილს.

კუპრავას გარდა, აქციის ორგანიზატორია ლაშა ცუცქირიძე, რომელმაც აქციიდან გაიყვანა ლევან დადუნაშვილის მამა. გავრცელდა მისი მუქარის შემცველი განცხადებები: "ჩემი წერა გახდებით! მიშა, შენ ჩემი პრეზიდენტი ხარ და შენ გამო სიცოცხლესაც გავწირავ". აქციაზე გამოსულმა დავით დადუნაშვილმა თქვა მასზე, შავებში ჩაცმულმა მაღალმა კაცმა საუბრის საშუალება არ მომცა, სარალიძეს უჩქმიტა და ჩემზე უთხრა, არ დაელაპარაკოო... ეს კაცი ლაშა ცუცქირიძეა, საბურთალოს ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის წევრი.

მესამე ორგანიზატორი ტიტე გედენიძეა, ის წითელმაისურიანი ბიჭი, რომელიც მიკროფონს არ აგდებს ხელიდან და სტუდენტ გოგონაზე ამბობს, ორი წუთით გავედი და თურმე სუს-ის აგენტი შემოპარულაო. ტიტე გედენიძე "ნაცმოს" ახალგაზრდა ორგანიზაციის აქტივისტია. მან იცის აქციის წაყვანა, ტრენინგები აქვს გავლილი. ლამის ჩაქოლა გოგო, რომელმაც თქვა, პარტიულობას ვემიჯნებითო. აქციაზე ვნახე შეშინებული გოგონა, რომელმაც გაავრცელა ვიდეო, იქ საუბრის საშუალება არ მომეცა, მანამდე გვერდზე გამიყვანა და გამომკითხა, რის თქმას აპირებ, აპოლიტიკური ხარ თუ არაო. ამ გოგონას უნდა მოეყოლა, სინამდვილეში რა ხდებოდა აქციაზე. მოსწავლეებს 77-ე სკოლასთან ჰქონდათ აქცია, სადაც განაცხადეს, რომ არ აძლევდნენ გამოხატვის საშუალებას, მათ უნდოდათ ეთქვათ, სოლიდარობას ვუცხადებთ სარალიძეს, მაგრამ ვემიჯნებით მკვლელ "ნაციონალებსო".

აქციაზე გამოჩნდა გიული ალასანიაც. სამარცხვინოა, როცა "ნაცმო" დადუნაშვილებს სუს-თან გარიგებულებს უწოდებს. ძალიან ბინძურ განცხადებებს ავრცელებენ მათი მხარდამჭერებიც. ეს არის ჩვეულებრივი სექტა, შვილმკვდარ მამას ხელების ქნევა და სტვენა დაუწყეს, თითქოს ამ საქმეს ერთი მსხვერპლი ჰყავდეს.

ნანა ფიცხელაური