"უგულავას მეგობარი ზაქაიძე მაფიოზი­ და "ცეხავიკია", რომელმაც ნარმანიას დროსაც იხეირა" - კვირის პალიტრა

"უგულავას მეგობარი ზაქაიძე მაფიოზი­ და "ცეხავიკია", რომელმაც ნარმანიას დროსაც იხეირა"

"ღამეებს გავათენებთ, ტერიტორიას ცოცხალი ჯაჭვით შემოვღობავთ და ვაკის პარკში სასტუმროს არ ავაშენებინებთ!"

სააპელაციო სასამართლოს 28 მაისის გადაწყვეტილებამ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" აშენების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააყენა - სასამართლომ "მწვანე ალტერნატივის" სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ, დააკმაყოფილა შპს "ტიფლის კოსტავასა" და "გრაალის", ანუ იმ კომპანიების აპელაცია, რომლებმაც რეკრეაციულ ზონაში შვიდსართულიანი სასტუმრო უნდა ააშენონ...

ყველაფერი 2013 წლის 24 ივლისს დაიწყო, როდესაც გიგი უგულავამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების უფლება გასცა. ამავე წელს ტერიტორია მშენებლობის უფლებით "ტიფლის დეველოპმენტმა" 2 700 000 დოლარად შეიძინა - უგულავას მიერ გაცემული განსაკუთრებული ნებართვის საფუძველზე ვაკის პარკში "ტიფლის დეველოპმენტი" შვიდსართულიანი სასტუმროს სამშენებლო პროექტით გამოჩნდა, მშენებლობა კი 2016 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უგულავას გაცემული ნებართვის უკან, რისთვისაც ყოფილმა მერმა თვითნებურად შეცვალა საკანონმდებლო რეგულაციები, პირადი ინტერესები იდგა - სასტუმროს ქართველი და უცხოელი ინვესტორები აშენებდნენ, მათ შორის გოგა ზაქაიძე, რომელიც უგულავას მეგობარია. გადაწყვეტილება გარემოს დამცველებმა იმთავითვე გააპროტესტეს, მით უმეტეს, რომ მათ კომპანიას არაერთი სამშენებლო დარღვევა აღმოუჩინეს. კერძოდ, მშენებლობის უფლება გაიცა მიწის ნაკვეთის გამოყენების ისეთი პირობის საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, არაკანონიერი ადმინისტრაციული აქტის მიხედვით შედგა. მშენებლობის ნებართვის რეკრეაციულ ზონაში გაცემის გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ქალაქის მერს მხოლოდ მყარი დასაბუთების შემთხვევაში, სასტუმრო "ბუდაპეშტთან" დაკავშირებით კი ასეთი დასაბუთება თავიდანვე არ არსებობდა, რაც კანონდარღვევაა. დასაბუთების ვალდებულების იგნორირება უნდა გამხდარიყო აქტის გაუქმების საფუძველი, რაც უკვე ხუთი წელია მომდევნო მერებმა რატომღაც ვერ მოახერხეს.

2014 წლის თებერვალში მშენებლობის შესაჩერებლად სასამართლოში სამი სარჩელი შევიდა - "პარტიზანულმა მებაღეობამ", "მწვანე ალტერნატივამ" და "უსაფრთხო სივრცემ" მერიას უჩივლეს და ნებართვის გაუქმება მოითხოვეს. ოთხწლიანი სამართლებრივი დავა რატომღაც ინვესტორის გამართლებით დასრულდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "მწვანე ალტერნატივის" წევრი ნინო გუჯარაიძე აფასებს:

- აბსოლუტურად გაუგებარია, სააპელაციო სასამართლო რა მტკიცებულებებს დაეყრდნო, როდესაც ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა. სარჩელი დასაბუთებული გვქონდა - უგულავას გადაწყვეტილებაში რამდენიმე უკანონობა გამოიკვეთა. იმისთვის, რომ მერიას თავისი დისკრეციული უფლებამოსილება გამოეყენებინა და გამონაკლისი დაეშვა სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს აშენების ნებართვაზე, რამდენიმე საკანონმდებლო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო. მათ შორის, უნდა დაესაბუთებინა, რატომ არის ამ ადგილზე სასტუმროს აშენება დედაქალაქის განვითარებისთვის აუცილებელი. ასეთი დოკუმენტაცია არ არსებობს. გიგი უგულავამ ნებართვის გაცემით საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის რამდენიმე მუხლი დაარღვია.

სანამ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდებოდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2013 წელს მერიამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, ბათილად ცნო გიგი უგულავას გამოცემული აქტები და საქმე განსახილველად მერიას უკან დაუბრუნა. ამიტომაც მოულოდნელი იყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ჩათვალა, რომ ნებართვა კანონიერია. ეს გადაწყვეტილება კიდევ იმიტომ არის მიუღებელი, რომ სასამართლოში განხილვებს მერიის წარმომადგენელი არასოდეს დასწრებია, ანუ მერიას საკუთარი პოზიცია არც კი დაუცვია.

- თუ მერიას პოზიცია არ დაუცვია, არსებობდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც ბათილად ცნო უგულავას გამოცემული აქტები და თქვენც დასაბუთებული არგუმენტები წარადგინეთ, მაშინ, რა ახსნა აქვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას?

- კანონში წერია, რომ რეკრეაციულ ზონაში, პარკებში კომერციული ობიექტის აშენება დაუშვებელია, თანაც, სასტუმრო ხომ არ არის ობიექტი, სადაც ადამიანები მხოლოდ დასაძინებლად მიდიან, ის მოიცავს კომპლექსურ ცენტრებს - რესტორნებს, საპარკინგე ტერიტორიას... ამიტომაც გაუგებარია, რა მოხდა სააპელაციო სასამართლოში. კონკრეტული მტკიცებულებები არა მაქვს, რაიმე ტიპის გარიგებასთან გვაქვს თუ არა საქმე, თუმცა ფაქტია, ეჭვი არსებობს, რატომ მისცეს გამონაკლისის სახით ინვესტორს ვაკის პარკში მშენებლობის უფლება.

წარმოიდგინეთ, რამდენი ხე გაიჩეხება მხოლოდ პარკინგისთვის, განადგურდება მთის ძირისთვის დამახასიათებელი ეკოსისტემა და დაიწყება ფაუნის მიგრაცია. მხოლოდ კომუნიკაციების გაყვანა მიაყენებს უდიდეს ზიანს რეკრეაციულ ზონას, რადგან მასშტაბური ჩარევა გახდება აუცილებელი...

კომპანია "ტიფლის დეველოპმენტის" დირექტორი ნიკოლოზ ფორჩხიძე აცხადებს, რომ მერიას ტერიტორიის გამოსყიდვა 11 მილიონად შესთავაზეს. აქედან 3 მილიონი მიწის ნაკვეთში გადაიხადეს, 1 მილიონი უკვე დახარჯეს, დანარჩენი 7 მილიონი კი მინიმალური მოგების თანხაა, რომელსაც მშენებლები ვარაუდობდნენ. თუმცა, მერიამ ტერიტორიის გამოსყიდვაზე უარი განაცხადა... გოგა ზაქაიძე ამბობს, რომ არაოფიციალურ საუბრებში მერიის წარმომადგენლები ვაკის პარკის სანაცვლოდ ვარკეთილის ან ვაზისუბნის ტერიტორიებს ახსენებდნენ, რაც არაადეკვატური შემოთავაზებაა... ალეკო ელისაშვილი, საკრებულოს ყოფილი წევრი:

- ცნობილია, რომ ინვესტორი კომპენსაციად მერიისგან 11 მილიონს ითხოვდა, იქნებ ამიტომაც უჭირს მერიას გადაწყვეტილების მიღება? - 11 მილიონის მოთხოვნა აბსურდია. მერია სულაც არ არის ვალდებული, ინვესტორის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. სასამართლო დავის პარალელურად, კომპანიას მშენებლობის დაწყების უფლება ჰქონდა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია, შესაბამისად, ერთი თეთრიც არ დახარჯულა. რაც შეეხება ნებართვისთვის გადახდილ თანხას, ეს არ არის კოლოსალური თანხა და ბევრი გამოსავლის მოძებნა შეიძლება, მაგრამ გამოსავლის მოძებნა არც კალაძეს სურს...

სირცხვილია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე კახა კალაძე პოზიციას ვერასდროს აფიქსირებს, მას მხოლოდ სელფის ჯოხით სირბილი შეუძლია.

წარმოიდგინეთ, როგორი აბსურდული ვითარება შეიქმნა - უგულავას გაცემულ ნებართვას ვერც ერთი მერი ვერ აუქმებს. მთელი ამ საქმის აბსურდულობა იმაშია, რომ როგორც დავით ნარმანიას, ისე კახა კალაძეს, გიგი უგულავას უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლო დავის გარეშეც შეეძლოთ, თუმცა ეს არ გააკეთეს.

- რატომ? - მარტივი გასაგებია, რატომაც - "ტიფლის დეველოპმენტის" მეწილეები გოგა ზაქაიძე და ედუარდ შევარდნაძის ნათესავი, მამუკა შევარდნაძე არიან. თავიდანვე ცნობილი იყო გოგა ზაქაიძის კავშირები გიგი უგულავასთან, მეტიც, ზაქაიძის ბიზნესპარტნიორი უგულავას ყოფილი ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი იყო. ასე რომ, უგულავამ ზაქაიძეს როგორც ფინანსური, ისე პირადი ინტერესის გამო მისცა სკვერში შვიდსართულიანი სასტუმროს აშენების უფლება. ზაქაიძე "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემწირველიც გახლდათ და განთქმული იყო გულუხვობით მაღალჩინოსნებთან - ზუსტად იცოდა, ვისთვის რამდენი ქრთამი მიეცა და ვის როგორ დალაპარაკებოდა, რომ საკუთარი ბიზნესინტერესები ფართოდ გაეშალა. დარწმუნებული ვარ, ახლაც დიდი ფულის სანაცვლოდ მიიღო მშენებლობის გაგრძელების ნებართვა - მრჩება შთაბეჭდილება, რომ მან მოსამართლისთვისაც არ დაიშურა ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრაქტიკანტი იურისტიც კი ამ დავაში ინვესტორის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა.

ზაქაიძე მაფიოზი და "ცეხავიკია", რომელმაც უგულავასთან მეგობრობის შემდეგ, ნარმანიას მერობის დროსაც იხეირა. სხვათა შორის, სწორედ ზაქაიძე აშენებს სპორტის სასახლის უკან საცხოვრებელ სახლს, სადაც მომიჯნავე კორპუსსა და ამ შენობას შორის მანძილი მხოლოდ 45 სანტიმეტრია. ასეთ ნებართვას რიგითი მშენებელი ვერ მიიღებდა.

რაც მთავარია, უგულავას უკანონობა ისევ შერჩა და, ალბათ, კიდევ ბევრ ფულს იშოვის, თუ ვაკის პარკში სასტუმროს აშენება დაიწყო, მაგრამ ვპირდები - ღამეებს გავათენებთ, დღისით ტერიტორიას ცოცხალი ჯაჭვით შემოვღობავთ და ვაკის პარკში სასტუმროს არ ავაშენებინებთ. მთელი თბილისი გარეთ გამოვა!

რუსუდან შელია