"მირზა სუბელიანის დაკავებით ვერ გამაცურებენ" - კვირის პალიტრა

"მირზა სუბელიანის დაკავებით ვერ გამაცურებენ"

"ფაქტია, შსს-ც პროკურატურის გზას დაადგა და მკვლელებს ისევ ხელს აფარებენ"

როგორც ჩანს, ხორავას ქუჩის ტრაგედია კიდევ დიდხანს იქნება ხელისუფლებისთვის დამოკლეს მახვილი - შსს-მ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დაკითხვაზე სამჯერ დაიბარა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა, რაც ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ითვალისწინებს. მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე კი მისი შვილის მკვლელებისა და ყველა იმ პირის გამოვლენას ითხოვს, ვინც დამნაშავეებს მფარველობდა და მტკიცებულებებს აყალბებდა.

- შსს-ს ნაბიჯს სუბელიანის დაკავებასთან დაკავშირებით, მივესალმები, მაგრამ მისთვის წარდგენილი ბრალი ჩემთვის გადმოგდებული საკენკია, რომელსაც მე არ ავკენკავ. მირზა სუბელიანს, რომელიც გამოძიების პირველივე დღიდან საქმის გაყალბებასა და მოწმეების დაშინებაში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უნდა აკავებდნენ?! თანაც, დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს - როდესაც მიხეილ კალანდიასთან მირზა სუბელიანი მივიდა, მასთან ერთად მისი მეუღლე და შვილიც იყვნენ. თუ მინისტრი გახარია მეუბნება, რომ სუბელიანი მხოლოდ ბრალის შეუტყობინებლობისთვის უნდა დააკავოს, ამ ლოგიკით სუბელიანის მეუღლე და შვილი, ვის გამოც დაიწყო ეს ტრაგედია, არ უნდა დაიჭირონ? კიდევ ერთი კითხვა: რა ინტერესი ჰქონდა სუბელიანს, მკვლელისთვის ხელი დაეფარებინა, ვინ არის მკვლელი და რატომ იყო დაინტერესებული მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი მაღალჩინოსანი გამოძიებისთვის ხელი შეეშალა და მკვლელი დაეცვა, დაინტერესდა ვინმე? მოვლენები ისე ვითარდება, ფაქტია, შსს-ც პროკურატურის გზას დაადგა და მკვლელებს ისევ ხელს აფარებენ.

- პროკურატურიდან შსს-ს საქმე ორი კვირის წინ დაუბრუნდა. გახარიას უწყებას დღეს აქვს რესურსი ასეთ მოკლე დროში დასაბუთებული პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას? - რა თქმა უნდა, აქვს! ხელისგულზე დევს ყველა მასალა, გაყალბების მტკიცებულებები, მონაწილე პირების ინტერესი და მიზნები. ორი კვირა კი არა, სამი დღეც საკმარისი იყო ამის გამოსავლენად. სუბელიანის შვილი რომ მინიმუმ დანაშაულის ორგანიზებისთვის უნდა იყოს დაკავებული, ამასაც ორკვირიანი გამოძიება სჭირდება? თუ შსს-ს ინტერესი მხოლოდ ის არის, ვინ არ შეატყობინა გამოძიებას მკვლელის ადგილსამყოფელი, მიხეილ კალანდიას დედამაც იცოდა მკვლელის ვინაობა და რატომ მასაც არ აკავებენ? დღეს მე, ცოცხალ-მკვდარ ადამიანს, მოსიარულე გვამს, რომელიც შვილთან ერთად პირველ დეკემბერს მოკვდა, მინდა თქვენს კითხვებზე პასუხი გაგცეთ, მაგრამ თავადაც ხომ ხედავთ, კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები და რა უნდა გითხრათ?! როდესაც პროკურატურაში ვიყავი და პროკურორ ზვიად ფხაკაძეს სუბელიანზე, მის ცოლსა და შვილზე კითხვები დავუსვი, მიპასუხა, კარგი რა, მთელ ოჯახს ხომ არ დავიჭერო?! იმავე უმეცრებას აგრძელებს დღეს გახარიაც, რომლის მიმართ ნდობა ჯერ კიდევ მაშინ დავკარგე, ორი თვის განმავლობაში რომ ვეხვეწებოდი, შემხვდი, რათა ჩემს ტრაგედიაზე, ე.წ. ელიტის მხრიდან ჩემი შვილის სულის გათელვაზე ინფორმაცია მოგაწოდო-მეთქი. მაშინ პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა.

- ფაქტია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დღეს ხელისუფლება იძულებულია, გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს. მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი - მერაბ მორჩაძე, გახარიას მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გპირდებათ, რომ გამოძიება ყველა დამნაშავეს გამოავლენს, პარლამენტში შექმნილია დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ. ამის მიუხედავად, რატომ არ გაქვთ მოლოდინი, რომ საბოლოოდ, ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს? - მერაბ მორჩაძის დაკავება არაფერს ნიშნავს, მასთან ერთად კიდევ ორი პირი იმყოფებოდა, რომლებმაც ასევე მოახდინეს ზეწოლა მიხეილ კალანდიაზე, მათი ვინაობა ცნობილია და საქმეშიც დევს, რატომ არ დაიჭირა ისინი შსს-მ? ჯერ კიდევ 15 აპრილს პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ იცოდა, ვინ იმყოფებოდა მორჩაძესთან ერთად და შსს-მ ახლა მხოლოდ მორჩაძის გვარი აღმოაჩინა? დეტალურად აგიხსნით - სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდიამ პირველ ჩვენებაში განაცხადა, მაღალჩინოსნები ჩემზე ზეწოლას ახორციელებდნენ და დაკითხვისას, გვერდით ოთახში მამაჩემს სცემდნენო. ფხაკაძემ უკვე იცოდა, ვისაც გულისხმობდა მიხეილ კალანდია და ისიც იცოდა, რომ სამიდან ერთ-ერთი სწორედ მერაბ მორჩაძე იყო. ამის შემდეგ მიხეილ კალანდია ხელმეორედ დაიბარეს გამოკითხვაზე, სადაც განაცხადა, დეიდაჩემის სახლში ვიყავი, როდესაც მირზა სუბელიანი მოვიდა, მაგრამ მეძინა და არ მინახავს, წინა ჩვენება ტყუილი იყო და ახლა გეტყვით სიმართლესო. ზეწოლაც უარყო და ბრალდებულების სასარგებლოდ მისცა ჩვენება. თუ მორჩაძემ პირველი ჩვენების წინ განახორციელა კალანდიაზე ზეწოლა, მეორე ჩვენების მიცემამდე ვინ შეაცვლევინა აზრი? ეს პირი რატომ არ არის გამოვლენილი, ხომ უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება, ვინ შეაცვლევინა კალანდიას ჩვენება? ასე რომ, ნუ მეთამაშებიან, ვერ მომატყუებენ, საქმის ყველა დეტალი ვიცი, მკვლელებიც ცნობილია ჩემთვის და ვინ, როგორ და როდის აყალბებდა, ზუსტი დრო და თარიღი შემიძლია დავასახელო, რაც დაწვრილებით აღვწერე კიდეც როგორც საპარლამენტო კომისიასთან, ისე გამოძიებასთან. უმეცარი ნაბიჯებით ვერ გამაცურებენ.

- ამიტომაც მიიღეთ გადაწყვეტილება ქუჩაში აქციები გააგრძელოთ? - რა თქმა უნდა! ხალხს ვთხოვ, გვერდით დამიდგნენ, თუ დღეს სიმართლე ვერ ვიპოვე, ხვალ სულ რომ ამოგვიხოცონ შვილები პატიოსან მოქალაქეებს, ე.წ. ელიტა ხელშეუხებელი გახდება. დღეს მე დამცინიან, პროკურორები დაკითხვაზე არც კი დაუბარებიათ და სკოლის დირექტორს დაატარებენ ჩვენების მისაცემად. კიდევ უფრო დიდი ცინიზმი - შსს პროკურატურაში გამოძიებულ საქმეს ხელახლა იძიებს, პარალელურად კი, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში დაობს, მოსამართლე ეკა არეშიძემ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და რეალური მკვლელები მხოლოდ ორი დაკავებული მოზარდიაო. სად არის ლოგიკა, თუ მე აღარ მესმის უკვე რა ხდება?! ვის ატყუებენ, მე თუ საზოგადოებას?! რატომ დადის ჩემი შვილის მკვლელი ისევ ქუჩაში?

თავიდან ბოლომდე თეთრი ძაფით იკერებოდა ეს საქმე და მინისტრმა წულუკიანმა ტაში დაუკრა ყოფილ მთავარ პროკურორს. არ არის ეს დაცინვა?! თუ ფიზიკურად გამანადგურებენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში გავჩერდები, ბოლო ამოსუნთქვამდე დავუპირისპირდები სისტემას, რომელმაც შვილის მკვლელობა არ მაკმარა და დათოს სულსაც არ ასვენებს. იმის მტკიცებაც კი დამჭირდა, რომ ჩემი შვილი მოძალადე არ იყო, ყველას გვერდში ედგა, მეგობრობაც იცოდა და ძმაკაცობაც, 51-ე სკოლის ერთი მოსწავლეც კი ვერ იტყვის, დათო მჩაგრავდაო, არ გამიზრდია ასეთი შვილი და ამიტომ ვამბობ ამას ღმერთის წინაშე.