"ამ საქმეში შსს-ს როლი სამა­რთლებრივი აბსურდია"
11-06-2018
"ამ საქმეში შსს-ს როლი სამა­რთლებრივი აბსურდია"
შეძლებს თუ არა შს სამინისტრო ხორავას ქუჩის საქმის ხელახლა გამოძიებას, თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი გვესაუბრება:

- მირზა სუბელიანისთვის წაყენებული­ ბ­რალის არც კვალიფიკაციაა სწორი და არც დროული ნაბიჯებია გადადგმული. პირიქით, პროცესი კანონის შესაბამისად­ მოქმედების შთაბეჭდი­ლებას არ ტოვებს. როლი, რასაც დღეს შსს-ს მიაწერენ, სამა­რთლებრივი აბსურდია, ეს უწყება პასუხისმგებლობის საკითხს არ განს­აზღვრავს და გახარიას მოადგილის განცხადება, რომ ყველა დამნაშავის­ პასუხისმგებლობის საკითხს შსს დააყენებს, ნონსენსია, ეს არ არის მათი კანონიერი­ ფუნქცია. პასუხისმგებლობის საკითხს
აყენებს პროკურატურა, შესაბ­ამისად, გაუთვითცნობიერებელ მოქალაქეს ექმნება ილუზია, რომ თუ საქმე პროკურატურამ ვერ გამოიძია, ამას შსს გააკეთებს.

- ანუ, გახარიას უწყების ქმედებები დღეს კანონის ფარგლებს სცდება და საქმე ისევ პროკურატურას უნდა გამოეძიებინა?
- ჯერ ერთი, გახარიას უწყება თავიდანვე ჩართული იყო გამოძიებაში. სწორედ მან დააკავა ბრალდებულები, უზრუნველყო­ ოპერატიულ-მექანიკური
სამუშაო, რომე­ლსაც პროკურატურა ზედამხედველობდა. დღესაც შსს-ს ხელახალ გამოძიებას იურიდიულად ისევ პროკურატურა ხელმძღვანელობს და კურირებს. ბრალდების დოკუმენტი, დაკითხვის ოქმები თუ სხვა პროცედურები შსს-ში პროკურორის გარეშე ვერ შედგება. შსს თავისი დანაყოფებით დანაშა­ულის გახსნას ემსახურება, რისი ტექნიკური შესაძლებლობაც პროკურატურას არა აქვს, ანუ ეს ორი ორგანო ერთმანეთის გარეშე­ არ და ვერ ფუნქციონირებს. ასე რომ, ამ საქმეში პროკურატურასთან ერთად­ პასუხისმგებელი უწყება შსს-ც იყო, დანაშაული სწორედ გახარიას უწყებამ გახსნა,­ სამართლებრივი პროცედურები­, მაგალითად, ქაღალდზე ბრალდების გადატანა, მისი გაფორმება, რა მიმართულებით დაწყებულიყო გამოძიება და სხვა დეტალები უკვე პროკურატურამ განსაზღვრა შსს-დან გადაგზავნილი მასალების შესაბამისად.

- მთავარი პრობლემაც ის არის, რომ ზაზა სარალიძის განცხადებით, პროკურა­ტურაში გამოძიება არასწორად წარიმართა. თუ გამოძიებას დღესაც­ პროკურატურა კური­რებს, რამდენად რეალურია, რომ საკუთარი გამომძიებ­ლების დანაშაულს თავად გამოავლენს?
- გამოძიება თავიდანვე უცნაურად წარიმართა და თუ ეს ვიღაცის მფარველ­ობის, ქრთამის აღებისა თუ უცოდინარობის გამო მოხდა, აუცილებლად უნდა გაირკვეს. ის ფაქტიც, რომ პარლამენტში დროებითი­ საგამოძიებო კომისია შეიქმნა, ნიშნავს, რომ სახელმწიფოც აღიარებს მართლმსაჯულების ხარვეზებს და უნდობლობას უცხადებს მისივე დაქვემდებარებაში მყოფ საგამო­ძიებო უწყებებს. სამწუხაროდ, ეს არც პირველი და არც უკანასკნელი საქმე იქნება, რომელიც კიდევ ბევრჯერ­ ჩაგვახედებს რეალობაში - რამდენად ჩამოშლილია ქვეყანაში მართლმსაჯულება და რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს სისტემის არარსებობის შედეგები. უბედურება კი ის არის, რომ სახელმწიფო მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოდის.
ზაზა სარალიძე იბრძოლებს თუ ქუჩაში დგომას სახლში ყოფნას ამჯობინებს, ამაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო მანქანის სწორი მოქმედება.
მაშინ, რად გვინდა პროკურატურა, თუ დაზარალებულებს მხოლოდ სახალხო მანიფ­ესტაციების შემდეგ მოვუსმენთ? ან რად გვინდა შსს, თუ საკუთარ პასუხისმგებლობას კი არ გააცნობიერებს, საზოგადოებას ილუზიებს შეუქმნის და მოატყუებს?

- რა გამოსავალია ამ ვითარებიდან?
- აბსოლუტურად ხელახლაა ასაწყობი­ მთელი ჯაჭვი - შსს, პროკურატურა და სასამართლო. ბევრი რეფორმაა გასატარე­ბელი როგორც საკადრო, ისე მექანიზმების გასამართად. მნიშვნელოვანია, ვინ იქნება მთავარი პროკურორი - არანორმალური ვითარება გვქონდა, როდესაც საზ­ოგადოებაში გაჩნდა კითხვა, ჰქონდა თუ არა წინა პროკურორს დიპლომი.
მთავარი­ პროკურორი კვალიფიციური და დამოუკიდებელი ფიგურა უნდა იყოს და ის არ შეიძლება­ უყვარდეს ხელისუფლებას ან მმარ­თველ პარტიას. თუ ამ ორ მხარეს ერთმანეთი უყვარს, პროცესი აუცილებლად ჩიხში შევა. არც სიძულვილის ენაა გამოსავალი, მაგრამ რევერანსები, რასაც ბოლო დღეებში ვადევნებდით თვალს, კიდევ ერთხელ ააშკარავებს ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის აღრევას ან გაუაზრებლობას.

- თეა წულუკიანის განცხადებას გული­სხმობთ? მან მადლობა გადაუხადა შოთაძეს და პროგრესულ ხელმძღვანელად შეაფასა.
- დიახ, რევერანსები ამ შტოებს შორის დაუშვებელია! მთავარ პროკურორს ნებისმიერი მძიმე გადაწყვეტილების მიღება ყოველგვარი ადამიანური ფაქტორების გათვალისწინების გარეშე უნდა შეეძლოს და ეს, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს.
არასერიოზულია ისიც, რომ მმართველმა გუნდმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავარ პროკურორ შოთაძეს დააკისრა, როდესაც ის პოლიტიკური თანამდებობის პირი არ იყო. ამასთან, დააკვირდით, როგორ გაგრძელდა პროცესი - შსს პროკურატურის ზედამხედველობით იძიებს საქმეს, რომელიც უკვე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული აქვს პროკურატურას.

- და რა შეიძლება იყოს ამ სამართლებრივი გაუგებრობის შედეგი?
- შსს-ს ქმედებები გვაჩვენებს, რომ უწყება მკვლელობის გარემოებებს კი არ იძიებს, დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის გამოძიებითაა დაინტერესებული. მკვლელობის საქმის გამოძიება კი დასრულებულია და ამაზე შეიძლება მხოლოდ სასამართლოს ზედა ინსტანციებმა - სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა იმსჯელონ. სააპელაციო სასამართლოში პროკურატურის სარჩელი ნიშნავს, რომ ბრალდება, ანუ პროკურატურა და შსს ერთად მიიჩნევენ, რომ დავით სარალიძე სწორედ იმ ორმა დაკავებულმა მოკლა, რომლებიც თავიდანვე მისცეს პასუხისგებაში და დღეს არავინ იძიებს გარეთ მყოფ იმ ორ შესაძლო მკვლელს, რომელზეც დიდი ხანია ლაპარაკობს ზაზა სარალიძე.
რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები