"მე არ მივყვები "ამსტერდამის დაჯგუფების" პოლიტიკურ ნაბიჯებს" - კვირის პალიტრა

"მე არ მივყვები "ამსტერდამის დაჯგუფების" პოლიტიკურ ნაბიჯებს"

"სუბელიანის დაკავება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ამის გამო არც უნდობლობის გამოცხადება ღირს ჯერ და არც ნდობის"

ხორავას ქუჩის ტრაგედიის სამართლებრივმა ხარვეზებმა პოლიტიკური კრიზისი შექმნა, რა გამოსავალი აქვს ამ ჩიხიდან მმართველ გუნდს,"პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, "შენების მოძრაობის" დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი გვესაუბრება:

- როგორ აფასებთ სუბელიანის დაკავებას? არის თუ არა ეს გზავნილი, რომ ხელისუფლება აღარ აპირებს ხელი დააფაროს მაღალჩინოსანს?

- სახელმწიფომ პირი უნდა გაასამართლოს იმ დანაშაულისთვის, რისი ჩადენაც დაუმტკიცდება. ხორავას ქუჩაზე არ მომხდარა მხოლოდ მკვლელობა, მოხდა სხეულის განზრახ დაზიანებაც და ფაქტია, რომ სხვადასხვა დანაშაულში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდა არა ორი, არამედ ბევრი პირი; ფაქტია, რომ უკვე გამოძიების პროცესში მოხდა არაერთი ახალი დანაშაული - შეუტყობინებლობა, დაფარვა, ცრუჩვენებების მიცემა, მოწმეებზე ზეწოლა, მტკიცებულებების განადგურება. ამიტომ სუბელიანის დაკავება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ამის გამო არც უნდობლობის გამოცხადება ღირს ჯერ და არც ნდობის.

- ზაზა სარალიძე ამბობს, რომ შსს-მ სუბელიანისთვის დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლის წაყენებით მას დასცინა.

- რაც ამ საქმეზე ბოლო ორ კვირაში გაკეთდა, ვგულისხმობ მთავარი პროკურორის გადადგომას, საპარლამენტო კომისიის შექმნას, დაზარალებულებთან შეხვედრებს, ახალ დაკავებულებს, ამის მეათედი გასული ექვსი თვის განმავლობაში რომ გაკეთებულიყო, პრობლემა არ გაჩნდებოდა. ხელისუფლება შეეცდება მინიმალური პოლიტიკური დანაკარგით გამოძვრეს ამ საქმიდან და, რა თქმა უნდა, ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ასე არ მოხდეს. რაც შეეხება მთავრობის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნებს, არა მგონია, რომ ამ ყველაფერს"ზაზა სარალიძის მოთხოვნები უნდა დაერქვას. მამას, რომელსაც შვილის მკვლელი თავად გაუხდა დასადგენი, სრული მორალური უფლება აქვს, უნდობლობა გამოუცხადოს არათუ მთავრობას, არამედ საზოგადოდ სისტემას. ეს მოთხოვნები მორალური სიბრტყიდან პოლიტიკურში გადაიტანა ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელსაც რევოლუციურ-რევანშისტული დღის წესრიგი აქვს...

- მართლმსაჯულების კრიზისი მმართველმა გუნდმაც აღიარა, როდესაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა. - მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის კრიზისი განაპირობა "ოცნების" პოლიტიკური ლიდერების, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ-მსოფლმხედველობრივმა შეცდომამ. საკადრო საკითხში აქცენტი გაკეთდა "სწორი", ანუ "საჩვენო" და არა სწორი, ანუ კანონიერი გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე. ამგვარ პოსტრევოლუციურ მიდგომას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა - წინა ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი სისტემაში მომუშავე პირების შესაძლო საბოტაჟის თავიდან აცილება. დასაწყისში "საჩვენოს" შინაარსი იყო საქვეყნო და არა "ნაცური", მაგრამ იგი მალე გახდა "საოცნებო" და არა სასხვისო. ზუსტად იგივე მცდარი გზა გაიარა სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციის" შემდგომ - მან სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური მეურვეობა დააწესა კორუმპირებული რევანშისტების გასანეიტრალებლად, რაც შემდეგ "ნაციონალური" ჭეშმარიტების დასაცავად გამოიყენა. ორივე შემთხვევაში კანონის უზენაესობა შეეწირა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. მეც და სხვებიც ვამბობდით, რომ 2004 წლის მაისში ასლან აბაშიძის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდგომ ქვეყანა უნდა გადასულიყო კანონის უზენაესობის კალაპოტში. მაშინდელმა ლიდერებმა ეს არ მოინდომეს და ამიტომაც 2003 წლის "ვარდების რევოლუცია" 2012 წლის ფორმით საარჩევნო და არსით რევოლუციური ცვლილებით დასრულდა. მეც და სხვებიც ვამბობდით, რომ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანა უნდა გადაგვეყვანა კანონის უზენაესობის რელსებზე. ამ საკითხზე შიდაოცნებურ-კოალიციური მძაფრი ბრძოლა 2016 წლის გაზაფხულზე სახელმწიფო სისტემაზე ერთპარტიულ-ერთპიროვნული პატრონაჟის მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო გამარჯვება, რომელიც 2012 წლის ცვლილებებს უქადის დამარცხებას.

- ოპოზიციურ პარტიებთან ერთად წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ იუსტიციის მინისტრის გადადგომას, თუმცა მოთხოვნას მთავრობის ხელმძღვანელი უსაფუძვლოს უწოდებს. - იუსტიციის მინისტრმა პროკურორის გადადგომაში დაინახა კანონის უზენაესობისთვის შექმნილი საფრთხე, რასაც ვერ ხედავდა პროკურატურასთან თუ სასამართლოსთან დაკავშირებულ უამრავ სხვა საკითხში, ან ხედავდა, მაგრამ საჯარო განცხადების ღირსად მხოლოდ ეს უკანასკნელი შემთხვევა ჩათვალა. სამწუხაროდ, წულუკიანის ბოლო განცხადებებმა არ გააჩინა იმის განცდა, რომ ხორავას ქუჩის ტრაგიკულმა ეპოპეამ მას ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობა დაანახა.

პირიქით, გაჩნდა განცდა, რომ არ იზიარებს პრემიერის თუ შს მინისტრის შეშფოთებას. ბუნებრივად გაჩნდა მისი გადადგომის მოთხოვნაც, მით უმეტეს, რომ მას არა გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ახალი მთავარი პროკურორის შერჩევაში. კანონით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, თუ წულუკიანი გადადგომა-არგადადგომამდე, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა შავგულიძის, ანა დოლიძის ან მსგავსი ბიოგრაფიის მქონე სხვა პრინციპული პროფესიონალების შერჩევით დაუმტკიცებდა ყველას, რომ მანაც მიიღო მწარე გაკვეთილი.

- ანუ "ქართულ ოცნებას" უჭირს პოლიტიკური უნარების გამოვლენა თუ უბრალოდ არც აქვს? - მმართველი გუნდის კრიზისი ნელ-ნელა სახელისუფლებო კრიზისში გადადის. საჭიროა სისტემური ინსტიტუციური ცვლილებები და არა ვინმეს გადაყენება ან დაკავება. სააკაშვილის საფრთხობელად გამოყენება აღარ გამოვა და არც "ამსტერდამის დაჯგუფების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიმსვლელთა რაოდენობით იზომება საზოგადოების უკმაყოფილების ტემპერატურა. ანტიკრიზისული სისტემური ხედვის გამოვლინებად ჩაითვლებოდა ხელისუფლების მიერ სამი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები: პირველი, ხორავას ქუჩისა და მსგავსი ტრაგედიის პასუხად არაოცნებელი პროფესიონალის დანიშვნა მთავარ პროკურორად; მეორე +- მართლმსაჯულების სისტემისადმი დაცემული ნდობის პასუხად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახლა დაკომპლექტება არამურუსიძეებით; მესამე - ერთპარტიული მონოპოლიის გამო პოლიტიკური სისტემის მოშლის პასუხად რიგგარეშე თუ მორიგი არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება.

- 10 ივნისის აქციაზე საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი რუსთაველზე არ გავიდა, მათ შორის, არც თქვენ, რატომ?

- პრობლემის ერთნაირად აღქმა არ ნიშნავს მისი მოგვარების გზების ერთნაირად აღქმას. მჯერა, რომ სააკაშვილის პირდაპირი თუ ირიბი დაბრუნება ხელისუფლებაში ამ პრობლემების მოგვარების მცდარი გზაა და ამიტომ არ მივყვები "ამსტერდამის დაჯგუფების" პოლიტიკურ ნაბიჯებს. რუსთაველის გამზირზე კარვების გადატანა სწორედ "ამსტერდამის დაჯგუფების" გადაწყვეტილებაა და არა ზაზა სარალიძის. ნუ დაგვავიწყდება, წინ არჩევნებია. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე დისკუსია მალე გადაიზრდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიებში. ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ამ პროცესში ყველას ყოველთვის ერთად ვიხილავთ.

რუსუდან შელია