"ხელისუფლება დაფიქრდეს, წულუკიანს გადაეფარება თუ..." - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება დაფიქრდეს, წულუკიანს გადაეფარება თუ..."

"ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა წულუკიანის გადადგომას მოითხოვდა" ქვეყნის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარი პროკურორის შესარჩევი კონსულტაციების პროცესს ემიჯნებიან, სანამ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას არ დატოვებს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პროკურატურაში შექმნილ პრობლემებზე პასუხისმგებელი არა მხოლოდ ირაკლი შოთაძე, იუსტიციის მინისტრიცაა. რა არგუმენტები აქვს სამოქალაქო სექტორს, როდესაც თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს, "კვირის პალიტრის" კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე პასუხობს:

- მისი ექვსწლიანი მინისტრობის ისტორია გვაძლევს საფუძველს თამამად განვაცხადოთ, რომ თეა წულუკიანი წარუმატებელი მინისტრია და მეტიც, მისი მმართველობის სტილი ქვეყნის მთავარ ჯაჭვს - მართლმსაჯულების სისტემას აზიანებს. წულუკიანის რეკომენდაციით, ექვსი წლის განმავლობაში მეხუთე მთავარ პროკურორს ვცვლით. ყოველ ცვლილებას ავტომატურად მოჰყვებოდა ახალი ხედვები, ცვლილებები, მათ შორის, მოადგილეებისა თუ შუა რგოლის დონეზე. ასეთ პირობებში სისტემის რომელ ჩამოყალიბებასა და სრულყოფაზე უნდა ვისაუბროთ? ამიტომაც მივედით შედეგამდე, როდესაც პროკურატურის მუშაობაში კრიტიკულად მწვავე ხარვეზები იკვეთება. მეტიც, კარგად გვახსოვს, როგორ მთავარ პროკურორებს გვთავაზობდა იუსტიციის მინისტრი - ერთი კრიმინალში იყო შემჩნეული, მეორე ისე წავიდა, საზოგადოების უმრავლესობას მისი სახელიც კი არ ახსოვს და ამ ბექგრაუნდის გათვალისწინებით, მთავრობა ისევ იუსტიციის მინისტრს უნდა ანდობდეს ახალი მთავარი პროკურორის შერჩევას? - არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას პრემიერი სოცქსელში გამოეხმაურა და მოგიწოდათ, ნუ ჩაერევით იმ საკითხებში, რომელიც სამოქალაქო სექტორის კომპეტენცია არ არისო. თუ თქვენ არ ჩაერთვებით მთავარი პროკურორის შერჩევაში, პროცესი ლეგიტიმაციას დაკარგავს? - ჩვენ უარს ვამბობთ მხოლოდ წულუკიანთან ერთად კონსულტაციებზე. თუ გადადგება, მზად ვართ, ახალ მინისტრთან მთავარი პროკურორის შერჩევაში ჩავერთოთ. მით უმეტეს, დრო კიდევ გვაქვს - კონსულტაციები ერთი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს და როგორც პრემიერი დაჰპირდა ზაზა სარალიძეს, მისი მიზანია, ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალურად ჩართვა. მაგრამ

იქნებ პრემიერმა გვიპასუხოს, როგორ უნდა ველაპარაკოთ თეა წულუკიანს, რომელმაც მადლობა გადაუხადა შოთაძეს საქმიანობისთვის და მეტიც, თანამდებობაზე დარჩენას სთხოვდა. ამის შესახებ წულუკიანმა თავად გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ეს ნიშნავს, რომ ის ვერ აღიქვამს ხორავას ქუჩის საქმის სიმწვავეს. ეს ასევე ნიშნავს, რომ მას მთავარ პროკურორად სწორედ შოთაძის მსგავსი კადრი წარმოუდგენია. გარდა ამისა, არაერთი რეფორმა შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომელიც თეა წულუკიანმა ჩააგდო - მაგალითად, დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა, რომლის მოდელად შემოგვთავაზა პროცესი პერსონალური მონაცემების ინსპექტორის დაქვემდებარებაში გადასულიყო, თუმცა იქვე გვითხრა, რომ ზედამხედველად პროკურორი უნდა დარჩენილიყო. მან ჩააგდო ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტი, რომელიც ოთხი წლის წინ მომზადდა და ახლაც მის კაბინეტში იმტვერება. მძიმე ვითარებაშია სასამართლო - 2018 წელია, ჩვენ კი ისევ ვსაუბრობთ რეალობაზე, როდესაც მოსამართლეები გაუმჭვირვალედ ინიშნებიან უვადოდ, იუსტიციის საბჭოში ისევ გაუგებარი პროცესებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროპულ სასამართლოში მის მიერ შერჩეულ ორ მოსამართლეს კვალიფიკაცია დაუწუნეს და დასაცინი გახდა ქვეყანა. ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა ამის გამო თეა წულუკიანის გადადგომას მაშინვე მოითხოვდა, თუმცა თავად მინისტრმა პასუხისმგებლობაც კი ვერ იგრძნო. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პოზიციებს ბევრად მეტი გულისყურით ადევნებენ თვალს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც დიდი ხანია ხედავენ ჩვენს პრობლემებს. ამიტომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, თეა წულუკიანს გადაეფარება თუ სისტემის რეალურ გაჯანსაღებაზე დაიწყებს ზრუნვას.

რუსუდან შელია