"პარადოქსია, რომ "ოცნებას" "ნაცმოძრაობის" ყოფილი იდეოლოგები "ასამართლებენ..."
11-06-2018
"პარადოქსია, რომ "ოცნებას" "ნაცმოძრაობის" ყოფილი იდეოლოგები "ასამართლებენ..."
"ისევ ზაზა სარალიძის გონიერების იმედი მაქვს, რომ საკუთარი შვილის ტრაგედიას არავის გამოაყენებინებს და საზოგადოებასთან პირნათელი დარჩება..."

პოლიტიკური პროცესები ე. წ. ხორავას ქუჩის საქმის განაჩენს მოყოლილმა საპროტესტო ტალღამ ძალზე დაძაბა. მოვლენები სწრაფად იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ ამ საქმის მონაწილეებზე შესაძლო ზეწოლისა და სხვა პირთა მიერ დანაშაულის შესაძლო შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი კიდევ დააკავა, მათ შორის მირზა სუბელიანი, რომელიც მკვლელობის დროს პროკურატურის მაღალჩინოსანი გახლდათ და მის შესაძლო ბრალეულობაზე მოკლული დავით სარალიძის
მამა, ზაზა სარალიძე, მთელი საგამოძიებო პროცესის განმავლობაში ლაპარაკობდა.
ახლა უმთავრესია, მოზარდების მკვლელობიდან 6 თვის შემდეგ მაინც დადგინდეს ზუსტი სურათი იმისა, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე 1-ლ დეკემბერს. ასევე გამოვლინდეს ყველა ის დამნაშავე, ვინც სხვადასხვა უწყებაში აყალბებდა საქმის მასალებს, გაირკვეს ისიც, რა იყო მათი მოტივი. შეუძლებელია, ხელისუფლებას
არ ესმოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საქმის ობიექტურად გამოძიება, თუმცა მეორე საკითხია, შესწევს კი ძალა გახსნას ეს დანაშაული და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ როგორც ზაზა სარალიძეს მიაჩნია, ამ ორი პირის დაკავება მხოლოდ მისი და საპროტესტო ტალღის გაჩერებისკენ მიმართული ნაბიჯია? - გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

- პოლიტიკოსები, რომლებმაც ბოლოდროინდელ აქციებში გადაწყვიტეს მონაწილეობა, 10 ივნისისთვის ფართომასშტაბიან აქციას აანონსებდნენ, თუმცა ის მაინცდამაინც ხალხმრავალი ვერ გამოდგა. აქციაზე ვნახეთ, რომ პარტიების წარმომადგენლებმა ისევ ჩრდილში ყოფნა არჩიეს, ასევე შეიცვალა მოთხოვნებიც - ყველასთვის მოულოდნელად ზაზა სარალიძემ გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვა, ასევე მოითხოვა თეა წულუკიანის თანამდებობიდან წასვლა...
- ჩემი აზრით, პოლიტიკოსების ისევ უკანა პლანზე გადასვლა განაპირობა ხალხის სიმცირემ, ხალხი რომ ყოფილიყო ბევრი და მათ მოეხერხებინათ საპროტესტო მუხტის გამძაფრება, დარწმუნებული ვარ, პარტიული ლიდერები არავის დაუთმობდნენ ტრიბუნებს. რადგან ცოტა ხალხი შეიკრიბა, არ მოისურვეს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაენახა, რომ ვერ შეძლეს კრიტიკული საპროტესტო მასის გამოყვანა. სიმართლე გითხრათ, რატომ ჰქონდათ ილუზია, რომ ამას მოახერხებდნენ, სრულიად გაუგებარია. ამიტომაც ვერ იღებენ შედეგებს, რომ ამ ილუზიებით ცხოვრობენ.
- მაშინ, როდესაც აქციაზე, ფაქტობრივად, ხალხი აღარ დარჩა, აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს კარვების შუა რუსთაველზე გადატანის გადაწყვეტილება, როგორ შეაფასებთ მომხდარს?
- ყველაზე მეტად არ მინდა, რომ ზაზა სარალიძე იქცეს ბრმა იარაღად იმ პოლიტიკოსების ხელში, რომლებიც ყველაფერზე წავლენ საკუთარი ამბიციებისთვის: არ მოერიდებიან არც დესტაბილიზაციას, არც სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, არც პანკისის თემით მანიპულირებას.
წარმოუდგენელია იმ ტკივილის და შეურაცხყოფის ატანა, რასაც ზაზა სარალიძე განიცდის, მაგრამ მასთან დამნაშავეა ხელისუფლება და არა მთელი ერი და ქვეყანა, ის პროვოკაცია კი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მისი და მაჩალიკაშვილის კარვების გადატანას რუსთაველის სავალ ნაწილზე, შეიძლება ფართომასშტაბიან სამოქალაქო დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს.
ხელისუფლებას რა უჭირს: უამრავი ადამიანი ამ ხელისუფლებაში წინა ხელისუფლებაშიც იყო მოკალათებული და მომავალ ხელისუფლებაშიც მონახავს გასაქანს. ნებისმიერი დესტაბილიზაცია ისევ რიგითი ადამიანების, მთლიანად საზოგადოების და ქვეყნის ზურგზე გადავა. ისევ ზაზა სარალიძის გონიერების იმედი მაქვს, რომ საკუთარი შვილის ტრაგედიას არავის გამოაყენებინებს და საზოგადოებასთან პირნათელი დარჩება...
ჩემი აზრით, ამ აქციამ მიიღო ზაზა სარალიძისთვის ყველაზე დამაზიანებელი განვითარება, იმიტომ, რომ აქცია, რომელიც ასოცირდება "ნაცმოძრაობასთან", ვერ იქნება იმ მასშტაბის, რომ რეალური შედეგი მოიტანოს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა - თუ ახლა იქირქილებენ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ხალხის გამოყვანა ვერ შეძლეს, გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანენ და დამნაშავეებს არ დასჯიან, მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ...
თუ საზოგადოება არ დარწმუნდა, რომ სიმართლე დადგინდა, ყველა დამნაშავე დაისაჯა, ხელისუფლებას უფრო დიდი პრობლემები შეექმნება. შეიძლება პროცესი განსაზღვრულ ეტაპზე დროებით შეჩერდეს, მაგრამ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ გაქრება და, ადრე თუ გვიან, ისევ აფეთქდება.
სამართლიანი გამოძიება არის ხელისუფლების გადარჩენის ერთადერთი გზა. შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ ხვალ-ზეგ რევოლუცია მოხდება და ამ ხელისუფლებას ვინმე გადააგდებს, მაგრამ ეს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე თუ არ მივიდა, ნამდვილად გახდება ამ ხელისუფლების ცუდი დასასრულის დასაწყისი. სხვა თუ არაფერი, ეს უსამართლობის განცდა ჭრის იმ მთავარ ღერძს, რომელზეც "ქართული ოცნება" მოვიდა - ეს არის სიცოცხლის უფლების, ადამიანის უფლებების დაცვა და ღირსების აღდგენა. ეს იყო "ქართული ოცნების" რაობა და როდესაც ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ეს საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. დანაშაულია, როდესაც ის სამართალდამცავი სისტემა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის სახე იყო, ამ ხელისუფლების სახედაც იქცა.
რამ განაპირობა ამ პრობლემების წარმოქმნა? - სწორედ იმან, რომ "ქართულმა ოცნებამ" მემკვიდრეობით მიღებულ დანაშაულებრივ სისტემაზე უარი არ თუ ვერ თქვა და მისი საკუთარ სამსახურში ჩაყენება სცადა. აი, სწორედ იმ შეცდომებმა, რაც ამ 6 წლის განმავლობაში დაუშვეს, ერთად მოიყარა თავი ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეში.
მოკლედ, ნახევარზომები საკმარისი არ იქნება. როგორც უკვე ვთქვი, პროტესტი შეიძლება მინავლდეს, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოების ნდობადაკარგულმა პოლიტიკოსებმა საკუთარ ამბიციებს ვერ სძლიეს და ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროცესში უმნიშვნელოვანეს მიზანზე მაღლა დააყენეს საკუთარი ინტერესები და წინა პლანზე მოინდომეს ყოფნა.
- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები და ამ საქმეში ახალი ბრალდებულები უკვე აშკარად წარმოაჩენს, რომ საქმეს ნამდვილად აყალბებდნენ და მას სხვა დამნაშავეებიც ჰყავს, რაც გამოძიებამ 6 თვის განმავლობაში ვერ დაადგინა. რა გამოდის, ზაზა სარალიძეს სიმართლის დასადგენად რომ არ ებრძოლა, საქმე ისე ჩაიფარცხებოდა, როგორც მავანს სურდა? საკითხავია, როდესაც ასეთი გახმაურებული საქმის გაყალბება სცადეს, კიდევ რამდენი გაუხმაურებელი დანაშაულის გამოძიება და სასამართლო წარიმართა უსამართლოდ? ეს ხომ ცხადყოფს, რომ საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს?
- რა თქმა უნდა, ეს არის ინდიკატორი იმ შეცდომებისა, რაც "ქართული ოცნების" წიაღში 6 წლის განმავლობაში გროვდებოდა, ანუ მთელი ეს პრობლემები ამ ერთმა საქმემ გახეთქა. შედეგად, იმის ნაცვლად, "ნაციონალური მოძრაობის" დამკვიდრებული უსამართლობის განცდის ამოძირკვაზე ეზრუნათ, დღეს ყოფილი "ნაციონალები" ასამართლებენ "ოცნებას" უსამართლობისთვის! არადა, სწორედ ეს მორალური უპირატესობა განასხვავებდა "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობისგან", რის გამოც ამომრჩეველმა აირჩია. თუ ეს მორალური სხვაობა წაიშალა, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა, მაშ, რა უპირატესობა აქვს "ოცნებას" წინამორბედთან?
- თქვენი აზრით, კიდევ რა მნიშვნელოვანი საკითხები წამოჭრა ამ პროცესმა, რამდენად ღრმაა შექმნილი კრიზისი და საშინაო პოლიტიკის რა პრობლემები გაშიშვლდა?
- უპირველესად გაშიშვლდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების არჩეული ძალაუფლების შენარჩუნების გზა.
მაინც რაში მდგომარეობს ეს გზა? - უპირველესად ეს არის "ნაციონალური" გამოცდილების­ შესისხლხორცება, რასაც დაამატეს თანამედროვე ტექნოლოგიები.
ეს როგორ ჩანს კონკრეტულ ქმედებებში?­ - ყველა პოლიტიკური ჯგუფის, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ლიდერების მარგინალიზაცია სოციალური ქსელებისა და სპეციალურად მართული საინფორმაციო კამპანიების საშუალებით, რაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლის სურვილს უკარგავს ადამიანებს, მათ შორის ახალ თაობას.
ეს "ქართულ ოცნებას" სჭირდება იმისთვის, რომ იყოს ერთადერთი უალტერნატივო ძალა პოლიტიკურ სივრცეში, მით უფრო "ნაციონალური მოძრაობის" ფონზე და არ დაუშვას ახალი ლიდერების გამოჩენა, რომელთაც საზოგადოების ნდობა ექნებათ და შესაბამისად, ხალხის მობილიზება შეეძლებათ.
მეორე, რითაც "ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, არის თავად "ქართულ ოცნებაში" "დაყავი, გაამარგინალე და იბატონეს" პრინციპი, რათა არც პარტიაში გამოჩნდნენ პერსპექტიული ლიდერები, რაც "ოცნებისვე" ერთფეროვან მასად გადაქცევას უწყობს ხელს.
ასევე გამოაჩინა, როგორ ჰყავთ ხელისუფლებაში, ასე ვთქვათ, საჩვენებელი დასავლური "ფლიგელი" იმ ახალგაზრდების სახით, რომელთაც დასავლური განათლება და პროფესიული გამოცდილება აქვთ. პარალელურად თვალს უხუჭავენ ან ახალისებენ მართულ ჯგუფებს, ე.წ. ნაციონალისტებს, "ფაშისტებს" და ა.შ. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ საზოგადოების საპროტესტო განწყობა ნებისმიერი მიმართულებით გააკონტროლონ, თანაც ისინი, საჭიროების შემთხვევაში, ზონდერჯგუფებადაც გამოდგებიან.
შემდეგი ხერხია "მგელი მოდის" ტაქტიკა, ანუ იმის ძახილი, მოდიან "ნაციონალებიო", რასაც "ნაციონალური მოძრაობაც" უწყობს ხელს. ამ ტაქტიკის შედეგად ქართული პოლიტიკური სპექტრი კვლავ და კვლავ რჩება ორპოლუსიანი, ოღონდ ადრე იყო თეთრი და შავი, ანუ "ოცნება" და "ნაციონალები", ახლა არის რუხი და შავი და ისევ "ოცნება" და "ნაციონალები", შუაში კი, ფაქტობრივად, არავინ ჩანს.
ხელისუფლების შენარჩუნების კიდევ ერთი ხერხია, გყავდეს პარლამენტში პარტნიორებად "ევროპული საქართველო" და "პატრიოტები", რომელთაც რეიტინგის ზრდის რესურსი, ფაქტობრივად, არა აქვთ.
დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, მართული პროკურატურა და სასამართლო, ის პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ქმნიდნენ სააკაშვილის ხელისუფლების რეჟიმის ფასადს და ახლა "ქართული ოცნების" სახეს ქმნიან. როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ გამოიყენებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" კადრებსა და სისტემას, მაგრამ ისე გადაეხლართნენ ერთმანეთს, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე, გაუგებარია.
სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა შეკრა დღევანდელი "ქართული ოცნების" ხელწერა. მეტიც, "ნაციონალების" სისტემა ტექნოლოგიურად უფრო გამრავალფეროვნდა და ამას "ფეისბუკომებიც" დაერთო. ეს არის აბსოლუტურად მორალს მოკლებული კამპანიები ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც საბოლოოდ თვითონ მათ მიუბრუნდება ძალიან ცუდად. ჯერ არ არსებობს მეთოდი, რომელიც ამოშანთავს ახალი ლიდერების გამოჩენას საზოგადოებაში. ყველა იარაღის წინააღმდეგ, ადრე თუ გვიან, კონტრიარაღი იქმნება.
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა მოკლული მოზარდის საწინააღმდეგო წარმოუდგენლად ამორალურ საინფორმაციო კამპანიაზე. ეს იმდენად მძიმე რამეა, რომ არ მინდა ხელისუფლებისკენ გავიშვირო ხელი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება ამას არ აღკვეთს, ეს სწორედ მას წარმოაჩენს ძალიან ცუდ ჭრილში. და არავინ მითხრას, რომ აქ სიტყვის თავისუფლებასთან გვქონდა საქმე.
ამაზე მეტი დაღი რა უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, როდესაც საზოგადოება იწყებს ფიქრს, რომ ის დაღუპულ 16 წლის ბიჭს ებრძვის, მისი ეშინია...
ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა აღკვეთოს ამორალური კამპანიები. მთელი ეს პროცესი სწორედ ხელისუფლებას ანადგურებს მორალურად, ხელისუფლებას, რომელმაც თუ თვითონ არ აწარმოა ეს კამპანია, სხვას მისცა ამის საშუალება. რის ხარჯზე ინარჩუნებს "ქართული ოცნება" ძალაუფლებას? - საზოგადოების დიდ ნაწილს ეშინია "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნების, მათი რევანშისა და შურისძიების.
უამრავი ჩემი ნაცნობი იმის შიშით ადევნებდა ამ პროცესებს თვალს, რომ "ნაციონალების" დაბრუნება რეალობად არ ქცეულიყო, რასაც ამძაფრებს თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეების ნაწილი, რომელიც საკუთარი გვარებითა და სახელებით საკუთარი "ფეისბუკგვერდებიდან" და ტელეეთერიდან პირდაპირ იმუქრება ანგარიშსწორებით, ფიზიკური განადგურებით ემუქრება იმ ხალხს, ვინც მათი ამომრჩეველი არ არის - ჩვენ მოვალთ და ფიზიკურად დაგამთავრებთო!
"ნაციონალურ მოძრაობას" არ ეყო იმის გონიერება და წინდახედულობა, რომ თავაშვებული მომხრეები გააჩეროს, მაგრამ ეს "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემაა, "ქართული ოცნების" პრობლემა კი ის არის, რომ თანდათან იშლება ზღვარი "ნაციონალებისგან" მომავალ საფრთხეებსა და "ქართული ოცნებისგან" მომავალ საფრთხეებს შორის.
რატომ ვამბობ ამას? როდესაც არ იძიებ დაჩეხილი მოზარდების მკვლელობას, მეტიც, შენი ხელისუფლების პირობებში მოკლულ ბავშვებს ებრძვიან, ეს არანაკლებ ამძაფრებს დაუცველობის განცდას.
თუ არ დაისაჯა ყველა დამნაშავე, კიდევ უფრო გაძლიერდება დაუსჯელობის სინდრომი. ეს იქნება მავანთათვის მწვანე შუქის ანთება აგრესიული და სასტიკი დანაშაულების ჩადენისთვის.
- თუ შსს-მ მართლაც დაადგინა, რომ საქმე გაყალბდა, გამოდის, გამომძიებლების, პროკურატურის თანამშრომლების, ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლების, მოკლედ, ფართო წრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. იქნება თუ არა ეს ხელისუფლების, მთავრობის მნიშვნელოვანი ცვლილებების წინა პირობა?
- თუ "ქართულ ოცნებას" გადარჩენა უნდა, ის რადიკალურ განახლებას უნდა შეუდგეს. ყველა გზა და რესურსი ისევ ბიძინა ივანიშვილისკენ მიდის, მან უნდა აღიაროს ცვლილებების აუცილებლობა და თავისი ახალი მისია, როგორც პოლიტიკაში ახალი თაობის შემომყვანისა. ეს არის ობიექტური აუცილებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ახალ თაობასთან თანამშრომლობა ადვილი არ იქნება...
ამ მთავრობაშიც არიან ფიგურები, რომელთა დარჩენაც ღირებულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, აუცილებელია რადიკალური საკადრო ცვლილებები და მიდგომების შეცვლა.
პირველი რიგის ამოცანაა მთავარ პროკურორად ისეთი პირის შერჩევა, ვისაც შერჩენილი აქვს საყოველთაო ნდობა, რეიტინგი და ამასთანავე, კვალიფიციური იურისტია.
- სამოქალაქო სექტორი იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ სწორედ მისი არასწორი რეფორმების შედეგია, რომ პროკურატურა და სასამართლო კვლავაც საზოგადოების უნდობლობას იწვევს. წულუკიანთან ამ პროცესებამდეც უამრავი შეკითხვა არსებობდა. რატომ გახდა ის "ქართული ოცნებისთვის" ასეთი შეუცვლელი და მოუწევს თუ არა მას თანამდებობის დატოვება?
- ამ პროცესში ხელისუფლებისთვის წულუკიანის დაცვა კი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის, რომ ხელისუფლებას არ სურს გადავიდეს ჩოქბჯენში. ვფიქრობ, ხელისუფლებაში ბევრი თვლის, რომ შოთაძე ძალიან მალე დათმეს, რასაც ახალ-ახალი მოთხოვნები მოჰყვა. ახლა ფიქრობენ, რომ თუ წულუკიანს გადააყენებენ, მოთხოვნები უფრო გამძაფრდება. გარდა ამისა, როცა საზოგადოება არჩევანს აკეთებს, უპირველესად ძლიერ და შედეგიან ძალას ირჩევს. ეს არის არჩევნების ანაბანა. ხელისუფლებას იმისიც ეშინია, რომ ბევრი მარცხი დაგროვდება მის ყულაბაში, რაც პრობლემებს შეუქმნის. რაც შეეხება წულუკიანს, ხელისუფლება, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ის სამთავრობო ცვლილებებთან ერთად შეცვალოს: საპრეზიდენტო არჩევნების წინ ან მას მერე.
- ერთი მხრივ, შსს-მ დაიწყო ხორავას ქუჩის საქმის ახალი გამოძიება, მეორე მხრივ, პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომლის შემადგენლობაში უმრავლესობას ოპოზიციური პარტიის, "ევროპული საქართველოს" წევრები შეადგენენ. როგორ ფიქრობთ, კომისია მოახერხებს ვითარებაში სიცხადის შეტანას თუ პოლიტიკური დაპირისპირებისა და პოპულიზმის მორიგი კერა გახდება?
- თუ შეიძლება ამ ვითარებაში ვინმეს მომგებიან პოზიციაზე ვილაპარაკოთ, ეს ნამდვილად "ევროპული საქართველოა", თუმცა ესეც დროებითია. თავისთავად ის, რომ ამ კომისიის მართვის ბერკეტი მათ აიღეს ხელში, ნამდვილად აძლევთ უპირატესობას. სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს - ხელისუფლებამ იქამდე მიიყვანა საქმე, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის თუ უსამართლობისთვის "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი იდეოლოგები "ასამართლებენ". რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან ეს პროცესი პოლიტიკური და მორალური რეინკარნაციისთვის გამოიყენონ, თუმცა რა გამოუვათ, ძნელი სათქმელია, რადგან ამას საზოგადოების დიდი ნაწილის ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით