"არ მინდა, ზაზა სარალიძე იქცეს ბრმა იარაღად იმ პოლიტიკოსების ხელში, რომლებიც ყველაფერზე წავლენ" - კვირის პალიტრა

"არ მინდა, ზაზა სარალიძე იქცეს ბრმა იარაღად იმ პოლიტიკოსების ხელში, რომლებიც ყველაფერზე წავლენ"

შეუძლებელია, ხელისუფლებას არ ესმოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ე.წ. ხორავას საქმის ობიექტურად გამოძიება, თუმცა მეორე საკითხია, შესწევს კი ძალა გახსნას ეს დანაშაული და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ როგორც ზაზა სარალიძეს მიაჩნია, ამ ორი პირის დაკავება მხოლოდ მისი და საპროტესტო ტალღის გაჩერებისკენ მიმართული ნაბიჯია? მიმდინარე პროცესებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აფასებს, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- პოლიტიკოსები, რომლებმაც ბოლოდროინდელ აქციებში გადაწყვიტეს მონაწილეობა, 10 ივნისისთვის ფართომასშტაბიან აქციას აანონსებდნენ, თუმცა ის მაინცდამაინც ხალხმრავალი ვერ გამოდგა. აქციაზე ვნახეთ, რომ პარტიების წარმომადგენლებმა ისევ ჩრდილში ყოფნა არჩიეს, ასევე შეიცვალა მოთხოვნებიც - ყველასთვის მოულოდნელად ზაზა სარალიძემ გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვა, ასევე მოითხოვა თეა წულუკიანის თანამდებობიდან წასვლა...

- ჩემი აზრით, პოლიტიკოსების ისევ უკანა პლანზე გადასვლა განაპირობა ხალხის სიმცირემ, ხალხი რომ ყოფილიყო ბევრი და მათ მოეხერხებინათ საპროტესტო მუხტის გამძაფრება, დარწმუნებული ვარ, პარტიული ლიდერები არავის დაუთმობდნენ ტრიბუნებს. რადგან ცოტა ხალხი შეიკრიბა, არ მოისურვეს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაენახა, რომ ვერ შეძლეს კრიტიკული საპროტესტო მასის გამოყვანა. სიმართლე გითხრათ, რატომ ჰქონდათ ილუზია, რომ ამას მოახერხებდნენ, სრულიად გაუგებარია. ამიტომაც ვერ იღებენ შედეგებს, რომ ამ ილუზიებით ცხოვრობენ.

- მაშინ, როდესაც აქციაზე, ფაქტობრივად, ხალხი აღარ დარჩა, აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს კარვების შუა რუსთაველზე გადატანის გადაწყვეტილება, როგორ შეაფასებთ მომხდარს?

- ყველაზე მეტად არ მინდა, რომ ზაზა სარალიძე იქცეს ბრმა იარაღად იმ პოლიტიკოსების ხელში, რომლებიც ყველაფერზე წავლენ საკუთარი ამბიციებისთვის: არ მოერიდებიან არც დესტაბილიზაციას, არც სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, არც პანკისის თემით მანიპულირებას.

წარმოუდგენელია იმ ტკივილის და შეურაცხყოფის ატანა, რასაც ზაზა სარალიძე განიცდის, მაგრამ მასთან დამნაშავეა ხელისუფლება და არა მთელი ერი და ქვეყანა, ის პროვოკაცია კი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მისი და მაჩალიკაშვილის კარვების გადატანას რუსთაველის სავალ ნაწილზე, შეიძლება ფართომასშტაბიან სამოქალაქო დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს.

 

ხელისუფლებას რა უჭირს: უამრავი ადამიანი ამ ხელისუფლებაში წინა ხელისუფლებაშიც იყო მოკალათებული და მომავალ ხელისუფლებაშიც მონახავს გასაქანს. ნებისმიერი დესტაბილიზაცია ისევ რიგითი ადამიანების, მთლიანად საზოგადოების და ქვეყნის ზურგზე გადავა. ისევ ზაზა სარალიძის გონიერების იმედი მაქვს, რომ საკუთარი შვილის ტრაგედიას არავის გამოაყენებინებს და საზოგადოებასთან პირნათელი დარჩება...

ჩემი აზრით, ამ აქციამ მიიღო ზაზა სარალიძისთვის ყველაზე დამაზიანებელი განვითარება, იმიტომ, რომ აქცია, რომელიც ასოცირდება "ნაცმოძრაობასთან", ვერ იქნება იმ მასშტაბის, რომ რეალური შედეგი მოიტანოს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა - თუ ახლა იქირქილებენ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ხალხის გამოყვანა ვერ შეძლეს, გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანენ და დამნაშავეებს არ დასჯიან, მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ... თუ საზოგადოება არ დარწმუნდა, რომ სიმართლე დადგინდა, ყველა დამნაშავე დაისაჯა, ხელისუფლებას უფრო დიდი პრობლემები შეექმნება. შეიძლება პროცესი განსაზღვრულ ეტაპზე დროებით შეჩერდეს, მაგრამ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ გაქრება და, ადრე თუ გვიან, ისევ აფეთქდება.

სამართლიანი გამოძიება არის ხელისუფლების გადარჩენის ერთადერთი გზა. შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ ხვალ-ზეგ რევოლუცია მოხდება და ამ ხელისუფლებას ვინმე გადააგდებს, მაგრამ ეს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე თუ არ მივიდა, ნამდვილად გახდება ამ ხელისუფლების ცუდი დასასრულის დასაწყისი. სხვა თუ არაფერი, ეს უსამართლობის განცდა ჭრის იმ მთავარ ღერძს, რომელზეც "ქართული ოცნება" მოვიდა - ეს არის სიცოცხლის უფლების, ადამიანის უფლებების დაცვა და ღირსების აღდგენა. ეს იყო "ქართული ოცნების" რაობა და როდესაც ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ეს საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. დანაშაულია, როდესაც ის სამართალდამცავი სისტემა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის სახე იყო, ამ ხელისუფლების სახედაც იქცა. ...

- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები და ამ საქმეში ახალი ბრალდებულები უკვე აშკარად წარმოაჩენს, რომ საქმეს ნამდვილად აყალბებდნენ და მას სხვა დამნაშავეებიც ჰყავს, რაც გამოძიებამ 6 თვის განმავლობაში ვერ დაადგინა. რა გამოდის, ზაზა სარალიძეს სიმართლის დასადგენად რომ არ ებრძოლა, საქმე ისე ჩაიფარცხებოდა, როგორც მავანს სურდა? საკითხავია, როდესაც ასეთი გახმაურებული საქმის გაყალბება სცადეს, კიდევ რამდენი გაუხმაურებელი დანაშაულის გამოძიება და სასამართლო წარიმართა უსამართლოდ? ეს ხომ ცხადყოფს, რომ საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს?

- რა თქმა უნდა, ეს არის ინდიკატორი იმ შეცდომებისა, რაც "ქართული ოცნების" წიაღში 6 წლის განმავლობაში გროვდებოდა, ანუ მთელი ეს პრობლემები ამ ერთმა საქმემ გახეთქა. შედეგად, იმის ნაცვლად, "ნაციონალური მოძრაობის" დამკვიდრებული უსამართლობის განცდის ამოძირკვაზე ეზრუნათ, დღეს ყოფილი "ნაციონალები" ასამართლებენ "ოცნებას" უსამართლობისთვის! არადა, სწორედ ეს მორალური უპირატესობა განასხვავებდა "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობისგან", რის გამოც ამომრჩეველმა აირჩია. თუ ეს მორალური სხვაობა წაიშალა, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა, მაშ, რა უპირატესობა აქვს "ოცნებას" წინამორბედთან?

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი ხელმომწერი, შეიძონეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად