მარნეულის მერი, რომელიც არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული - ვინ არის თემურ აბაზოვი? - კვირის პალიტრა

მარნეულის მერი, რომელიც არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული - ვინ არის თემურ აბაზოვი?

მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მას მერე მოექცა, რაც 13 ივნისის დილას, მისი დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამ ინფორმაციიდან რამდენიმე საათში პროკურატურაში ბრიფინგიც გაიმართა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

12 ივნისს სტუდია "მონიტორმა" ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს. სტუდია "მონიტორთან" თემურ აბაზოვმა ამგვარი რამ უარყო, მეტიც, განაცხადა, რომ ვიდეოც კი არ ჰქონდა ნანახი. "არც გამიგია, პირველად მესმის, ეს ფაქტი არ ვიცი, გაგონილი არ მაქვს", - განაცხადა აბაზოვმა.

სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება. აბაზოვთან ერთად საქმეში ფიგურირებს პარლამენტარი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აზერ სულეიმანოვი.

პროკურატურის ინფორმაციით, მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" - აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია "ქართული ოცნებიდან" - რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რ.ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე. ოფისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია "ქართული ოცნებიდან" რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები. პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს ქ.მარნეულში, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო "ფეისბუკის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

თემურ აბაზოვი დაკავებულია საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით;

რამინ ალახვერდიევის და მოქალაქე ე.გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ვინ არის თემიურ აბაზოვი?

თემურ აბაზოვზე ინფორმაცია მისი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

36 წლის აბაზოვმა 2003 წელს დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია, 2003 წელს დაამთავრა თურქეთის რესპუბლიკის უშიშროების მეცნიერებათა აკადემია ანკარაში.

2004 წელს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექტორად;

2005 წელს მუშაობდა სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმრთველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მესამე განყოფილების ინსპექტორად;

2005 წელს იყო შპს JTI-ში საქართველოს წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში;

2006 წელს იყო საქართველოს პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომელი;

2006-2007 წლებში იყო თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოში "ANADOLU"-ს წარმომადგენელი საქართველოში;

2007-2011 წლებში მუშაობდა შპს "ელიტა ბურჯში" მარკეტინგის სამსახურის მენეჯერად;

2011-2015 წლებში მუშაობდა შპს "ელიტა ბურჯში" მარკეტინგის სამსახურის უფროსი;

2012 წელს იყო შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" პროექტის ხელმძღვანელის თანაშემწე და სპეციალური შტაბის უფროსი;

2013 წელს იყო კოალიცია "ქართული ოცნების" მარნეულის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარე;

2015 წელს მუშაობდა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სპეციალური ღონისძიებების უზრუნველყოფის სამმართველოს განყოფილების მთავარ სპეციალისტად;

2015-2017 წლებში იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის სამმართველოს უფროსი/ პოლიციის ატაშე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში;

ფლობს აზერბაიჯანულ, ქართულ, თურქულ, რუსულ და ინგლისურ ენებს;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

აღსანიშანვია, რომ თემურ აბაზოვს, რომელიც არის საჯარო პირი, ქონებრივი დეკლარაცია შევსებული არ აქვს.

აბაზოვი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის "ქართულმა ოცნებამ" მარნეული მერობის კანდიდატად 7 სექტემბერს წარდგენილი ამირან გიორგაძე თეიმურაზ აბაზოვით შეცვალა, თავად ამირან გიორგაძემ აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გაიგო. უცნობია, თუ რატომ გადაწყვიტა მმართველმა გუნდა ასე, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ გიორგაძის აბაზოვით ჩანაცვლება გააპროტესტა.

თემურ აბაზოვი აქტიურია სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით "ინსტაგრამზე".