"ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ..."

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ფაქტს საპრალამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. პირადად მე ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდი - ველოდი მთავრობის მოხსენებას, ანგარიშს გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე საკმაოდ ბევრ პოზიტივთან ერთად, იყო კრიტიკაც, თუმცა “დღევანდელ სწრაფ გადაწყვეტილებას“ არ ელოდა. ვოლსკის ინფორმაციით, პრემიერი-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს დღეებში გაიმართება.

"გუშინ სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განხილულა. პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება პირადი შეხედულებით მიიღო. გუშინ იყო განხილვა როგორც პოზიტივების, ასევე ნეგატივების თაობაზე, რაზეც საკმაოდ ღიად ვილაპარაკეთ. ვთქვით, რომ არის ბევრი პოზიტივი, მაგრამ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენები", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა გუნდში კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, მისი თქმით, ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი.

"ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო სწრაფი განვითარება ეკონომიკის, უფრო სწრაფად სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელება. 4 წლის წინ არ გვქონდა ჩვენ ასეთი ეკონომიკური ზრდა, ახლა უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. "ინტერპრესნიუსი"