"მასში ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე" - რას ამბობდა ივანიშვილი კვირიკაშვილზე? - კვირის პალიტრა

"მასში ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე" - რას ამბობდა ივანიშვილი კვირიკაშვილზე?

"ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები", - განცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერობიდან წასვლის თაობაზე გაკეთებული განცხადებისას. მან არაერთხელ მინიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა გარკვეული უთანხმოება, თუმცა ის გვარ-სახელით ერთხელაც არ უხსენებია. გავრცელებული ინფორმაციით, კვირიკაშვილის მთავრობის გადადგომა სწორედ ექსპრემიერ ივანიშვილის კატეგორიული მოთხოვნა იყო. აშკრაა, რომ მას კვირიკაშვილის და მისი მინისტრთა კაბინეტის მუშაობა აღარ აკმაყოფილებდა. არადა, იყო დრო მისი მისამართით ქების სიტყვებს არ იშურებდა. გთავაზობთ მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომელშიც კვირიკაშვილს აფასებდა: "კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი რომ ვიცი, ერთადერთი რაც მაწყნარებს. ის გათვლის გარეშე არაფერს აკეთებს. გარდა იმისა, რომ კარგი მენეჯერია, კარგი ფინანსისტიცაა".

"ისეთი მოწესრიგებული კაცი, შინაგანად დაბალანსებული, როგორიც გიორგი კვირიკაშვილია, ჩემთვის აღმოჩენა იყო. ასეთი კიდევ რამდენიმე პიროვნება ვიცოდი მხოლოდ. გიორგი არის საოცრად მოწესრიგებული. თუ მის წარსულსაც გადავხედავთ, ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრია. ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს მას, რომ დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას".

"ეს კაცი (გიორგი კვირიკაშვილი) გარწმუნებთ, რომ არ იბრძვის არაფრისთვის, არ იბრძოდა არასდროს, ყველაფერს ნაკლი ერთადერთი რაც აქვს, შეიძლება პატარა გადაცდომაზეც უარი თქვას სავარძელზე. ასეთი დამოკიდებულება აქვს, იმდენად წესიერი კაცია, რომ შეცდომა რომ იყოს მთავრობაში, რაღაც რომ მოხდეს, შეიძლება წავიდეს. არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს".

"გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა ადამიანობის, წესიერების, უანგარობის და იმის განწყობის, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს და მხოლოდ იგივე დანიშნულება და იგივე მიზანი აქვს გიორგისაც. ქონებრივად შეიძლება უფრო მეტი გამაჩნდეს, მაგრამ გიორგის ჩემზე არანაკლები განწყობა აქვს და ამისთვის არის მთავრობაში. მარტო გიორგი არ არის ასეთი, სხვებიც არიან, მაგრამ გიორგიზე შემიძლია გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი, რომ საოცარი პიროვნებაა. ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში, იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და ამავდროულად არის ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი, ფინანსისტი და მხოლოდ იმ განწყობით გახლავთ მთავრობის მეთაური, რომ მოემსახუროს თავის ქვეყანას".

იხილეთ ასევე: "კვირიკაშვილი აღმოჩნდა პირველი, ვინც მიანიშნა, რომ ბიძინამ მოხსნა" - რას წერენ "ფეისბუკში" პრემიერის წასვლაზე?