ბახტაძე პრემიერად, ცქიტიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად?! - კვირის პალიტრა

ბახტაძე პრემიერად, ცქიტიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად?!

პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვირიკაშვილის შემცვლელად სამი სავარაუდო კანდიდატურა სახელდება, ესენია: მაია ცქიტიშვილი, მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია. სამივე კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრი გახლდათ. 14 ივნისს უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეიკრიბება და მთავრობის ახლებურ დაკომპლექტებაზე იმსჯელებს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ამ სამიდან პრემიერად მამუკა ბახტაძეს წარადგენენ, ხოლო მაია ცქიტიშვილი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. ის, რომ კვირიკაშვილს ბახტაძე ჩაანაცვლებს, გარკვეული მინიშნება თავად უმრავლესობის წევრების მხრიდანაც კი კეთდება.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი არსებული სამთავრობო გუნდიდან უნდა აირჩეს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლოგიკურია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს.

"მე ვფიქრობ, სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება. ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს კანდიდატს. მე ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სავარაუდოდ, უმრავლესობის დღევანდელ გაფართოებულ შეხვედრაზე დასახელდება.

მოგეხსენებათ, კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება 13 ივნისს გააკეთა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერობის კანდიდატი საპარალმენტო უმრვალესობამ უნდა შეარჩიოს, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. ახალ მინისტრთა კაბინეტს კი თავად პრემიერი დააკომპლქტებს.

კულუარული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში კვირიკაშვილის არცერთი კადრი აღარ იმუშავებს. რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ პოსტებს დატოვებენ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. ჯანელიძემ ამასთან დაკავშირებით მინიშნება უკვე გააკეთა კიდეც. მისი თქმით, მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

"ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გავატარე ჩემი საჯარო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პერიოდი. მან მომცა შესაძლებლობა ერთად გვემუშავა როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ასევე, საგარეოსა და მთავრობაში. ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი, უდიდესი პატრიოტი და პროფესიონალი. მე უდიდესი გამოცდილება მივიღე მასთან მუშაობით და მოხარული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ ეკონომიკურსა და საგარეო პოლიტიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი სახით დიდი მეგობარი შევიძინე. დიდი მადლობა, გიორგი. წარმატებებს გისურვებ", - დაწერა ჯანელიძემ სოციალურ ქსელში.

მისი გუნდის წევრი არა, თუმცა სავარაუდოდ თანამდებობას დაემშვიდობება თეა წულუკიანიც, რომლის გადაყენებას უკვე 2 კვირაა არასამთავრობო სექტორი ითხოვს. დანარჩენი მინისტრები კი დიდი ალბათობით საკუთარ პოსტებს შეინარჩუნებენ.

მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად გასული წლის ნოემბერში დაინიშნა მანამდე კი საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო.

2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

2013 წლიდან დღემდე იგი საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

მაია ცქიტიშვილი კი 2012 წლიდან იყო მთვარობის კანცელარიის უფროსი სულ ცოტა ხნის წინ კი დაინიშნა რეგიონალური განვითარებისა და ინფასტრუქტურის მინისტრად. ასევე ნამუშევარი აქვს "ქართუ ბანკში".

იხილეთ ასევე: მამისთვის ნაჩუქარი 120 000 აშშ დოლარი და 50 000-ლარიანი რემონტი - რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია?

თიკო ოსმანოვა (სპეციალურად საიტისთვის)