"დავუშვათ, რაც 2008 წელს მოხდა, მოსკოვსა და თბილისში მყოფი დვორკოვიჩის და ბოკერიას გარიგების შედეგია" - კვირის პალიტრა

"დავუშვათ, რაც 2008 წელს მოხდა, მოსკოვსა და თბილისში მყოფი დვორკოვიჩის და ბოკერიას გარიგების შედეგია"

"ბიძინა ივანიშვილი სხვების ზურგს უკან იმალება და ეშინია საქართველოს ბედზე პასუხისმგებლობა აიღოს, თუმცა მას რეალურად ყველაფერი ნაყიდი აქვს და ყველაფერს აკონტროლებს"

რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის წამყვანმა ოლღა ჟურავლიოვამ და ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ჩვენი ერთ-ერთი მსმენელი ინტერნეტით გვატყობინებს, რომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი მას 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებს ახსენებს, როცა რუსეთმა საქართველოსთან ომი დაიწყო...

მაქსიმ შევჩენკო: - მე უკვე მესამე გადაცემაში ვსაუბრობ საქართველოს შესახებ. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა რუსულ საინფორმაციო სივრცეში ნაკლებად შუქდება. რაც შეეხება 2008 წელს... კარგი იქნება, თქვენც რომ გაიხსენოთ... ჩემი აზრით, საქართველო ამიერკავკასიის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. ამასთან, ჩვენ დღემდე არ ვიცით ბოლომდე იმ ომის იდუმალი მექანიზმები, თუ როგორ და რატომ დაიწყო. ჩვენ აქ, ამ რადიოეთერში ასე ვამბობთ: მიხეილ სააკაშვილმა შეუტია ან არ შეუტია... მაგალითად, იულია ლატინინა ახლახან ამავე სტუდიაში ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არაფერ შუაშია, საქართველოს თავს რუსეთი დაესხაო. დავუშვათ, არსებობს ასეთი ვერსია: ის, რაც მაშინ მოხდა, მოსკოვში და თბილისში მყოფი ადამიანების გარიგების შედეგია, ვთქვათ, არკადი დვორკოვიჩისა და გიგა ბოკერიასი, რომლებიც ერთმანეთს ჯერ კიდევ ყმაწვილობის ასაკიდან იცნობენ, ჭადრაკის სფეროდან. ჩემი აზრით, აქ ბევრი რამ არის გამოსაძიებელი.

- ანუ გარიგება იმისთვის, რომ რუსეთს საქართველოსთვის ტერიტორია წაერთმია?

- არა. სანამ ვლადიმირ პუტინი პეკინში იმყოფებოდა, აქ, როგორც ამბობენ, უნდა შექმნილიყო ისეთი სიტუაცია, როცა მიხეილ სააკაშვილი მსუბუქი მიხტომით იღებს ცხინვალს - ისე, რომ ჩარევას ვერავინ ასწრებს. იგი როკის გვირაბამდე მიდის. შემდეგ მას - შეტევის შედეგს აღიარებენ ისევე, როგორც იგორ ივანოვმა მიხეილ სააკაშვილი აღიარა თავის დროზე თბილისში ჩასვლის დროს. გავიხსენოთ, რომ იგორ ივანოვი, როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძესთან კი არ ჩავიდა, არამედ მიხეილ სააკაშვილთან.

მოკლედ, პეკინში მყოფი ვლადიმირ პუტინი საქმის კურსშია არაა, აქ კი, მოსკოვში, ის ადამიანები მოქმედებენ, რომლებიც დიმიტრი მედვედევთან ერთად მოვიდნენ ხელისუფლებაში, მისი გუნდი, რომელიც სიტუაციას მართავს: ისინი ელაპარაკებიან მიხეილ სააკაშვილს, აღიარებენ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებას.. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს ვერსია ზოგიერთს შეიძლება კონსპიროლოგიურად მოეჩვენოს („შეთქმულების თეორიიდან“), ზოგს არა, მაგრამ ჩემთვის უკიდურესად საინტერესო მომენტს სწორედ ეს მოლაპარაკება წარმოადგენს. და ის, რაც დღეს, დავუშვათ, საქართველოში ხდება. ბიძინა ივანიშვილი კვლავ ახალი პრემიერის ზურგს უკან იმალება, რაც უკვე უსიამოვნო, უწესო სახეს იღებს. შენ ხომ ოლიგარქი ხარ, რომელიც საქართველოს ფლობ... თითოეულმა ქართველმა იცის, რომ შენ ქვეყანაში ყველაფერს აკონტროლებ... და ამ დროს თითქოსდა გეშინია გამოჩნდე და შენს მაგივრად ვიღაც მარიონეტულ ფიგურას ნიშნავ... მე, უბრალოდ, მეშინია, რომ საქართველოში შეიძლება ძალიან სერიოზული მოვლენა მოხდეს, რომელიც ძირეულად შეცვლის სიტუაციას ჩვენთვის კავკასიაში. დარწმუნებული ვარ, რომ არის ომის პარტია, რომელმაც ყოველგვარი საზღვრებისა და ფრონტების მიუხედავად, უკრაინაში ომი გააჩაღა...

- და რით ემუქრება ეს რუსეთს? - რუსეთს ეს ემუქრება მორიგ კონფლიქტში ჩათრევით, საიდანაც გამოსასვლელი არ არსებობს, თანაც ეს იქნება მოძმე მართლმადიდებელ ქვეყანასთან, ჩვენთან მაქსიმალურად დაახლოებულ მართლმადიდებელ ხალხთან, უძველეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომლის მეთაურ ილია მეორესთან პატრიარქ კირილეს მჭიდრო ურთიერთობა აქვს და ასე შემდეგ.

- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებიც ჩამოვიდნენ საფეხბურთო მუნდიალზე დასასწრებად...

- ორივეს კარგად ვიცნობ, ორივე ღირსეული ადამიანები არიან...

და ამ დროს საქართველოსთან როგორი ძმური ურთიერთობა გვექნება? ამის წარმოდგენა რთულია... აი, ამ ფონზე ქართველებს თითქოსდა ომისაკენ უბიძგებენ. ერთადერთი, რაც სიტუაციას აკავებს, ისაა, რომ იქ ამერიკელი ელჩი არ არის (მას ვადა ამოეწურა და აშშ-ში დაბრუნდა), რომელიც კონკრეტულ ბრძანებას გასცემს ოპოზიციისადმი, როდის და როგორ დაიწყონ. ყველაფერი, რაც ხდება - ნარკომანთა ბუნტი, ის მღელვარება, რომელიც მოზარდთა მკვლელობამ გამოიწვია, ეს მცდელობებია, სიტუაციის ერთგვარი მოსინჯვა. როცა იქ რეალური ამერიკელი ელჩი გამოჩნდება, მერწმუნეთ, რაღაც იფეთქებს. მით უმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, ვიმეორებ, სხვების ზურგს უკან იმალება და ეშინია საქართველოს ბედზე პასუხისმგებლობა აიღოს, თუმცა მას რეალურად ყველაფერი ნაყიდი აქვს და ყველაფერს აკონტროლებს.

მე, უბრალოდ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, იქ არსებულ სიტუაციას თვალს ვადევნებ. ეს ჩვენი ტკივილია და ისიც, რომ საქართველოს რუსული საინფორმაციო ფონიდან მალავენ. საქართველოს სიტუაციისადმი უყურადღებობა, მასზე მსჯელობის შეწყვეტა, ჩემი აზრით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის საშინელ, სერიოზულ შეცდომას წარმოადგენს. თუმცა შეიძლება შეცდომაც არ არის - თუ დვორკოვიჩ-ბოკერიას გარიგებას გავიხსენებთ, რა თქმა უნდა, ეს შეგნებული პოლიტიკაა.

- ასეა ჩაფიქრებული? ვიღაცეები ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან?

- რა თქმა უნდა. (წყარო)

იხილეთ ასევე: "აუცილებელია ნამდვილ კავკასიელებთან - ქართველებთან მოლაპარაკება, ეს პუტინმაც უნდა გაიგოს"

მოამზადა სიმონ კილაძემ