"ჩამოშლილი მართლმსაჯულება... რუხი კარდინალები... სახელისუფლებო დაჯგუფებები..." - კვირის პალიტრა

"ჩამოშლილი მართლმსაჯულება... რუხი კარდინალები... სახელისუფლებო დაჯგუფებები..."

მმართველმა პარტიამ მომავალი მთავრობის ხელმძღვანელობა ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიანდო და ამ არჩევანის მთავარ მოტივად მისი არაპოლიტიკური წარსული დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ პრემიერს 2012 წლის აგვისტოში 20.000 ლარი "ნაციონალური მოძრაობისთვის" შეუწირავს, ეს არ აღმოჩნდა "ქართული ოცნებისთვის" დამაბრკოლებელი, მამუკა ბახტაძისთვის ერთსულოვნად დაეჭირა მხარი. რა გამოწვევების წინაშე დგას რეორგანიზებული მთავრობა, "კვირის პალიტრის" კითხვებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პასუხობს:

- მთავრობის განახლებაზე საუბარი გუნდში ზაზა სარალიძის პროტესტამდე, მინიმუმ, ორი თვით ადრე დაიწყო. სწორედ ამისთვის დაბრუნდა პოლიტიკაში ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილიც. ამიტომ

"ნაცმოძრაობის" განცხადებები, რომ მთავრობა სარალიძის პროტესტის ან აქციების თუ სახალხო მღელვარების შედეგად გამოფხიზლდა, აბსურდია - სისტემაში ბზარები დიდი ხნით ადრე გაჩნდა, როდესაც, ფაქტობრივად, სახელმწიფო სტრუქტურები მთლიანად ჩამოიშალა. მთავრობა ვეღარ მართავდა კლანებს, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურაში იყვნენ და არიან ჩაბუდებული.

სწორედ ამ გამოწვევის წინაშე დგას ახლა მთავრობა ბახტაძის ხელმძღვანელობით. ხორავას ქუჩის ტრაგედიამ გააშიშვლა დანაშაულებრივი სქემები მართლმსაჯულებაში.

პროკურატურა რომ საქმეების გახსნის ნაცვლად, კონკრეტული მაღალჩინოსნებისთვის ხელის დაფარებით, მათი ბნელი საქმეების "გაპრავებით" იყო დაკავებული, ზედაპირზე დევს.

თუ დღეს ხელისუფლება რეალურად აფასებს არსებულ კრიზისს, ხორავას ქუჩის საქმე უნდა გამოიძიონ და ყველა პირი გამოააშკარაონ. კიდევ უამრავი გახმაურებული საქმე დევს თაროზე, რომელთა ბოლომდე მიყვანა აუცილებელია. მათ შორის ყოფილი მთავარი აუდიტორისა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმე, როდესაც რიგითმა მოქალაქემ სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელს მუშტი-კრივი გაუმართა, თუმცა არ დასჯილა...

- ერთ-ერთი ვერსიით, თეა წულუკიანი, რომლის მთავრობიდან წასვლასაც არასამთავრობოები და საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს, თანაგუნდელებს აშანტაჟებს - თუ მინისტრობიდან გაუშვებენ, "თან გაიყოლებს". - მეც მსმენია ამ ვერსიის შესახებ, რომ წულუკიანი თანაგუნდელებს ემუქრება, პირს დავაღებ და ყველაფერს ვიტყვიო...

თუმცა მთავარი ის არის, თუ განახლებული მინისტრთა კაბინეტი სამართლიანობის განცდას არ შექმნის, მოუწევს ძალაუფლებასთან დამშვიდობება. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა.

პარადოქსია, ერთი მხრივ, ეკონომიკა იზრდება ციფრებში, მეორე მხრივ კი, მოსახლეობა სულ უფრო ღარიბდება. ალბათ, მხოლოდ საქართველოში გვაქვს მოდელი, როდესაც სტატისტიკა გვეუბნება, რომ ეკონომიკა მზარდია, კვლევებით კი იკვეთება, რომ ხალხს კიდევ უფრო შია და ვალებით უწევს ცხოვრება.

ეს ანომალია გამოძახილია იმ დარღვეული ვერტიკალისა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებშია შექმნილი - აღარ გვყავს გადაწყვეტილების მიმღები პირები. ერთმანეთშია აზელილი შუა, დაბალი თუ ხელმძღვანელი რგოლები - ქვეყანა ფუნქციონირებს ინერციით. სწორი საკადრო პოლიტიკა გვჭირდება - პროფესიონალების მოძიება, რომლებსაც კრიზისულ ვითარებაში მუშაობის უნარი აქვთ ყოველგვარი მითითებების გარეშე. საგანგაშო მდგომარეობაა რეგიონებში - ვინ არიან გამგებლები, მერები თუ გუბერნატორები, როგორ აღმოჩნდნენ საარჩევნო სიებში, თავად "ქართული ოცნების" ბევრი წევრისთვისაც ამოუხსნელია. უვიცები სხედან რეგიონებში მმართველ პოზიციებზე და ამიტომაც მძვინვარებს კორუფცია.

- რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ საჯარო სექტორში გადაწყვეტილების მიმღები პირები აღარ არიან და, ძირითადად, გარე პირის ნებართვას ელოდებიან. ვის გულისხმობთ?

- "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და ოფიციალური მინისტრთა კაბინეტის პარალელურად, არაოფიციალური ხელისუფლება ჩამოაყალიბა - დღეს რუხი კარდინალები მართავენ ქვეყანას და ამის ბევრი მაგალითი შემიძლია ჩამოგითვალოთ, მათ შორის, ყველაზე ოდიოზურ ფიგურად ოთარ ფარცხალაძე იქცა. ადამიანი, რომელსაც ვერ ეხება პროკურატურა, მართლმსაჯულება, მიუხედავად იმისა, რომ შარშან სისხლის სამართლის დანაშაულისთვის უნდა დაეკავებინათ. მათი პარპაში უნდა აილაგმოს. გარდა რუხი კარდინალებისა, ბოლო ექვსი წელია "ოცნებაში" ჩამოყალიბდა სხვადასხვა დაჯგუფება -

ხელისუფლება დაშლილია სამთავრობო და საპარლამენტო დაჯგუფებებად.

ამას მივყავართ იქამდე, რომ მმართველი ძალა ერთ მთავარ ღირებულებაზე, ქვეყნის ეფექტიან მართვაზე კი არ არის კონცენტრირებული, ცდილობს თავისივე თანაგუნდელი, ოღონდ სხვა დაჯგუფების წარმომადგენელი მაქსიმალურად დისკრედიტირებულად წარმოაჩინოს.

- დაჯგუფებების დაპირისპირების მიზანი ფინანსური თუ პოლიტიკური ინტერესებია? - ორივე ერთად. ადამიანები, რომლებსაც ივანიშვილის გარეშე არასდროს ეღირსებოდათ თანამდებობები და მით უმეტეს, ძალაუფლება, დღეს სკამების შესანარჩუნებლად ერთმანეთს საერთო თამაშის წესების გარეშე უპირისპირდებიან.

როგორ უნდა ვიპოვოთ ამ დაჯგუფებების ომში ბალანსი, რთული წარმოსადგენია, თუმცა ამაზე ფიქრი ახალ პრემიერ-მინისტრს მოუწევს. ასე რომ, გვაქვს პრობლემების მთელი კასკადი, რომელსაც პოპულისტური დაპირებები ვეღარ გადაფარავს, მით უმეტეს, წინ ორი - საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გველოდება, რაც იმაზე რთული იქნება მმართველი პარტიისთვის, ვიდრე წარმოუდგენია.

რუსუდან შელია