"სურს კი საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ევროპას ქრისტიანული რწმენა და კულტურა არ ექნება?" - კვირის პალიტრა

"სურს კი საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ევროპას ქრისტიანული რწმენა და კულტურა არ ექნება?"

რა როლს ასრულებს რელიგია ევროკავშირში? ნიშნავს თუ არა ბრიუსელისკენ სვლა მეტ სეკულარიზმს და არის თუ არა ევროპული ღირებულებები ქრისტიანული ღირებულებები? "კვირის პალიტრა" ამ საკითხებზე ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ევროპარლამენტარს, ეპისკოპოს ლასლო ტოკეშს ექსკლუზიურად ესაუბრა.

- სანამ ეკლესიაზე ან პოლიტიკაზე ვისაუბრებდეთ, უნდა გკითხოთ, როგორ ახერხებთ, იყოთ თან ეპისკოპოსი და თან - ევროპარლამენტარი? შუა საუკუნეებში რომ ვიყოთ, ეს უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, მაგრამ მაშინაც კი, როგორც წესი, პოლიტიკიდან მიდიოდნენ მონასტერში და არა - პირიქით. თქვენ რა "შესცოდეთ" ასეთი?

- მე უნგრეთის პროტესტანტულ ეკლესიას წარმოვადგენ რუმინეთში და ჩვენთან განსაკუთრებულ მოვლენად არ მიაჩნიათ, რომ ეკლესია დიდ როლს თამაშობს მორწმუნეების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ტრანსილვანიაში უკვე ტრადიციად იქცა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვმონაწილეობდით საზოგადოების ყოველდღიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან ასე იყო საჭირო - ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგა რწმენისა და გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე. ხალხთან ერთად ვიდექით ჰაბსბურგების იმპერიის დროსაც და კომუნისტური ათეიზმის წლებშიც. ხშირად ჩვენი სამწყსოს ერთადერთი მცველები ვიყავით. სწორედ ასე მოხდა 1989 წელს, როდესაც მე, მაშინ უბრალო პასტორი, სხვებთან ერთად დავუპირისპირდი ჩაუშესკუს დიქტატორულ რეჟიმს. ამ ინციდენტს მოჰყვა რევოლუცია, რომელმაც შემდეგ ბუქარესტი და მთელი რუმინეთი მოიცვა.

- მაგრამ ბრიუსელი დღეს სეკულარიზმს ქადაგებს. სეკულარულ სამყაროში რამდენად დიდია ეკლესიის როლი პოლიტიკაში?

- ამ კუთხით აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპა უკიდურესად განსხვავდება სეკულარული დასავლეთ ევროპისაგან. ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს, მათ - თავიანთი. ამის მაგალითია პოლონეთიც, სადაც სწორედ ეკლესიისა და იოანე-პავლე მეორის მეოხებით შეიცვალა რეპრესიული პოლიტიკური რეჟიმი. ეს ტრადიცია ჯერაც ცოცხალია ჩემს ქვეყანაშიც.

- საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა, თანაც ეკლესიას საზოგადოების უდიდესი ნაწილი ენდობა, მაგრამ, იმავდროულად, ხშირად გვესმის, რომ თუ საქართველოს ევროპა სურს, უფრო სეკულარული უნდა გახდეს, დასავლეთ ევროპის მოდელს მოერგოს, რომ ეკლესიას არაფერი ესაქმება პოლიტიკაში და ასე შემდეგ. იზიარებთ ამ მოსაზრებას? - საქართველოსადმი დიდი სიმპათიით ვარ გამსჭვალული, რადგან ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოახერხა, შეენარჩუნებინა საკუთარი როლი და ადგილი საზოგადოებაში. ამ მხრივ ჩვენი ეკლესიების მოდელები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ვიცი და ძალიან მიხარია, რომ ეკლესია საქართველოში ყველაზე სანდო ინსტიტუტად არის მიჩნეული; ასეთი მიდგომაა რუმინეთშიც, ასე რომ, ვფიქრობ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნების ეკლესიებს შეუძლიათ, განსაკუთრებული როლი ითამაშონ ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს ევროკავშირში გაწევრებას.

- რამ გამოიწვია ასეთი განსხვავება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ეკლესიებსა და საზოგადოების მიდგომებს შორის?

- ვფიქრობ, როდესაც ჩვენ გვავიწროებდნენ, ღვთის მეოხებით, მორწმუნე ადამიანებისთვის ეკლესია იქცა ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლოთ, დაჰპირისპირებოდნენ მჩაგვრელ რეჟიმებს, როგორიც იყო უღმერთო საბჭოთა ოკუპაცია თქვენს შემთხვევაში და ნაციონალისტურ-კომუნისტური რეჟიმი ჩვენთან, რუმინეთში. დასავლეთში კი ბედმა გაუღიმათ და ასეთი პრობლემების წინაშე არ აღმოჩენილან, შესაბამისად, გაჩნდა დისტანცია ეკლესიასა და საზოგადოებას შორის. მაშინ, როცა ჩვენ ათეიზმს ვებრძოდით, მათ სეკულარიზმი მიიღეს, რაც ჩვენი გადმოსახედიდან არაფრითაა ათეიზმზე უკეთესი - მათ ნებაყოფლობით მიატოვეს ღმერთი, ჩვენ კი ამას გვაიძულებდნენ, მაგრამ არ დავნებდით და დიქტატორულ რეჟიმებს წინააღმდეგობა გავუწიეთ.

- საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის მიმდევრები ხშირად რელიგიაზე აპელირებენ, აცხადებენ, რომ თუ, მაგალითად, საქართველო ევროკავშირისკენ სვლას განაგრძობს, ეს ეკლესიას დაასუსტებს, და რომ ბრიუსელთან დაახლოება ეკლესიისთვის ძირის გამოთხრას ნიშნავს. რას ეტყოდით ამ ადამიანებს? - ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ეკლესიები, პირიქით, მეტ სულიერ სიმდიდრეს სძენს ევროკავშირს. მჯერა, რომ ქრისტიანული რწმენა ევროკავშირისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეიძლება უთანხმოებები გვქონდეს სავაჭრო ან სამხედრო პოლიტიკის საკითხებში, რაც ერთმანეთთან დაგვაპირისპირებს, მაგრამ გვაქვს საერთო ღირებულება, საერთო რწმენა, რაც გვაერთიანებს და რაც ევროკავშირის სულიერ ერთობას წარმოშობს. აქამდე ჯერ ძალიან ბევრი გვიკლია, მაგრამ ამ გზით უნდა ვიაროთ.

- ვფიქრობ, ბევრი გაგაკრიტიკებთ ამ განცხადების გამო, ხალხი, ვინც თვლის, რომ ევროკავშირი არა რწმენის, არამედ ღირებულებების ერთობლიობაა და რომ უნდა გვაერთიანებდეს არა ქრისტიანობა ან რომელიმე სხვა რელიგია, არამედ საერთო ღირებულებები. ისინი იტყვიან, რომ თქვენი რიტორიკა ნიშნავს, მაგალითად, ისლამის ან რომელიმე სხვა რელიგიის ოსტრაცირებას და რომ რელიგია არ უნდა იყოს ქოლგა, რომელიც ხალხს გააერთიანებს. - ვფიქრობ, ასეთი მიდგომა ხელოვნურია. ჩვენ ვართ ქრისტიანები და ის ევროპული ღირებულებები, რომელიც თქვენ ახსენეთ, სწორედ ქრისტიანული რწმენიდან მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრეცედენტები გვაქვს იუდაიზმშიც და სხვა რელიგიებშიც. ჩვენი ფესვები ქრისტიანულ რწმენაშია და არ მეჩვენება უცნაურად, ევროპელი ადამიანი ქრისტიანულად იქცეოდეს და აზროვნებდეს. პირიქით, მე ვიცი, რომ თქვენი ეკლესია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა. სურს კი ამ ქვეყანას გახდეს ევროკავშირის წევრი და მოკავშირე, თუ ევროპას ქრისტიანული რწმენა და კულტურა არ ექნება? ვფიქრობ, ცხადია, რომ საქართველოში ეს კარგად აქვთ გააზრებული. ის, რომ თქვენ თავს ევროპელებად მიიჩნევთ, უპირველესად სწორედ ქრისტიანული იდენტობიდან მოდის. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც, როდესაც ათი წლის წინ ევროკავშირის წევრები გავხდით.

- თქვენ ისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც ეკლესიას შეუძლია ითამაშოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ალტერნატიული, ნეგატიური სცენარიც განვიხილოთ, სადაც პოლიტიკაში ეკლესიის ჩართულობა პირიქით, საზიანოა და ასეთი მაგალითისთვის შორს წასვლა არ მოგვიწევს - რუსული ეკლესია სწორედ ამას აკეთებს... - ჩვენ კრიტიკულად ვართ განწყობილი რუმინეთის ეკლესიის მიმართ, რომელსაც, ფაქტობრივად, რუსეთის ეკლესია მართავს. ახლო წარსულში ისინი დიქტატორ ჩაუშესკუს მხარდამჭერ ძალად გვევლინებოდნენ. მე ვიცი, რომ თქვენს ეკლესიასაც ავიწროებდნენ, ზღუდავდნენ სამღვდელოების უფლებამოსილებასა და საქმიანობას. მაგრამ ისიც ვიცი, რომ მათ ეყოთ მხნეობა, საკუთარ ხალხს გვერდით დასდგომოდნენ, შეძლეს ხალხში რწმენის შენარჩუნება და ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კომუნიზმი დაემხო.

- დაბოლოს, საქართველოში მძაფრი დებატები და აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, უნდა იღებდეს თუ არა ეკლესია სახელმწიფოსგან დაფინანსებას და თუ მიიღებს, უნდა არსებობდეს თუ არა მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ამ ფინანსების მიზანმიმართულად ხარჯვას გააკონტროლებს. თქვენ რას ფიქრობთ? - თუ ეკლესია ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას, იქნება ეს სოციალური, სულიერი, თუ, მაგალითად, განათლების ან ქველმოქმედების კუთხით საქმიანობა, ვფიქრობ, ეს უნდა დაფინანსდეს და სახელმწიფო ეკლესიას უნდა დაეხმაროს ბიუჯეტში არსებული ფინანსებითაც - ეს, ძირითადად, გადასახადებიდან შემოსული თანხაა. ამის ორგანიზებისათვის სხვადასხვა სისტემა არსებობს, მაგალითად, გერმანიაში სახელმწიფო განკარგავს ეკლესიის კონტრიბუციებს.

- და რაც შეეხება მონიტორინგს? - ეს აუცილებელია. ვფიქრობ, დემოკრატიულ საზოგადოებაში წარმოუდგენელია, ეკლესიის საქმიანობა ან მისი გახარჯული თანხის მონიტორინგი არ ხდებოდეს. პირიქით, ყველას საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს და არაფერი უნდა დაიმალოს. სამარცხვინო და დასამალი არ არის იმ თანხის ხარჯვა, რაც სახელმწიფომ მოგცა.

ვაჟა თავბერიძე

ინტერვიუ მომზადდა ორგანიზაცია

"ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" პროექტის - "გზავნილი ბრიუსელიდან" - ფარგლებში