"ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა" - კვირის პალიტრა

"ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა"

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. რეგლამენტის თანახმად, დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის 14 კანდიდატის პროგრამას მოუსმენენ საპარლამენტო კომიტეტები, ფრაქციები, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა. დღის ბოლოს კი ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელებენ.

20 ივნისს გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ძველი მინისტრი.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.

"ნუ ჩამომართმევთ რაღაც მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები განახლებული გუნდის შემადგენლობაზე, რომელიც 3 კვირაში წარედგინება პარლამენტს და ის ამ კონსულტაციებში ჩართულია. სერგეენკოს თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს ასევე სამინისტროების გაერთიანებაზე.

"სამინისტროების გაერთიანებებაზე, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ეს ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, რომ მან მოახსენოს საზოგადოებას, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და ამ ცვლილებების დადებითი მხარეები დაასაბუთოს",- განაცხადა სერგეენკომ.

კუთხვაზე: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციათაგან რა ნაწილი უნდა შეითავსოს ჯანდაცვის სამინისტრომ, სერგეენკო პასუხობს:

"ჩემი ხედვა ამ მიმართულებით ვერ კონცენტრირდება რომელიმე ორი სამინისტროს გაერთიანებაზე. კონცეპტუალურად ეს არის უფრო ეფექტური მთავრობა, არა ლიბერტარიანულ-მინიმალისტური მცირე მთავრობა თავის კლასიკური გაგებით, არამედ უფრო ეფექტური. ამას თავისი ლოგიკა აქვს, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და რამდენად მოაკლდება მიღებული გადაწყვეტილების შესრულების პერიოდი, რაც არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ზრდისთვის. რაც შეეხება კონკრეტული სამინისტროების გაერთიანებას, მის დადებით თუ უარყოფით მხარეებს, ამაზე პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ საშუალება, რომ მოახსენოს საზოგადოებას",- განაცხადა სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"