"ხელისუფლება დაფიქრდეს, წულუკიანს გადაეფარება თუ..." - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება დაფიქრდეს, წულუკიანს გადაეფარება თუ..."

"ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა წულუკიანის გადადგომას მოითხოვდა"

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. რეგლამენტის თანახმად, დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის 14 კანდიდატის პროგრამას მოუსმენენ საპარლამენტო კომიტეტები, ფრაქციები, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა. დღის ბოლოს კი ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელებენ.

20 ივნისს გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია

დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ძველი მინისტრი.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.

როგორც 18 ივნისს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება, თუმცა კონკრეტულად რომელი სამინისტროები იქნება ესენი, ბახტაძეს არ განუმარტავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კი ორ ნაწილად გაიყოფა და ერთი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს, მეორე კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება.

იგეგმება კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან შეერთებაც. სასჯელაღსრულების სამინისტრო შესაძლოა დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდეს.

ბახტაძის თქმითვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტში იქნებიან ახალი სახეები.

კულუარული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში კვირიკაშვილის არცერთი კადრი აღარ იმუშავებს. რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ პოსტებს დატოვებენ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

სავარაუდოდ თანამდებობას დაემშვიდობება თეა წულუკიანიც, რომლის გადაყენებას უკვე 2 კვირაა არასამთავრობო სექტორი ითხოვს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პროკურატურაში შექმნილ პრობლემებზე პასუხისმგებელი არა მხოლოდ ირაკლი შოთაძე, იუსტიციის მინისტრიცაა. რა არგუმენტები აქვს სამოქალაქო სექტორს, როდესაც თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს, "კვირის პალიტრის" კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე პასუხობს:

- მისი ექვსწლიანი მინისტრობის ისტორია გვაძლევს საფუძველს თამამად განვაცხადოთ, რომ თეა წულუკიანი წარუმატებელი მინისტრია და მეტიც, მისი მმართველობის სტილი ქვეყნის მთავარ ჯაჭვს - მართლმსაჯულების სისტემას აზიანებს.

წულუკიანის რეკომენდაციით, ექვსი წლის განმავლობაში მეხუთე მთავარ პროკურორს ვცვლით. ყოველ ცვლილებას ავტომატურად მოჰყვებოდა ახალი ხედვები, ცვლილებები, მათ შორის, მოადგილეებისა თუ შუა რგოლის დონეზე. ასეთ პირობებში სისტემის რომელ ჩამოყალიბებასა და სრულყოფაზე უნდა ვისაუბროთ?

ამიტომაც მივედით შედეგამდე, როდესაც პროკურატურის მუშაობაში კრიტიკულად მწვავე ხარვეზები იკვეთება. მეტიც, კარგად გვახსოვს, როგორ მთავარ პროკურორებს გვთავაზობდა იუსტიციის მინისტრი - ერთი კრიმინალში იყო შემჩნეული, მეორე ისე წავიდა, საზოგადოების უმრავლესობას მისი სახელიც კი არ ახსოვს და ამ ბექგრაუნდის გათვალისწინებით, მთავრობა ისევ იუსტიციის მინისტრს უნდა ანდობდეს ახალი მთავარი პროკურორის შერჩევას?

- არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას პრემიერი სოცქსელში გამოეხმაურა და მოგიწოდათ, ნუ ჩაერევით იმ საკითხებში, რომელიც სამოქალაქო სექტორის კომპეტენცია არ არისო. თუ თქვენ არ ჩაერთვებით მთავარი პროკურორის შერჩევაში, პროცესი ლეგიტიმაციას დაკარგავს?

- ჩვენ უარს ვამბობთ მხოლოდ წულუკიანთან ერთად კონსულტაციებზე. თუ გადადგება, მზად ვართ, ახალ მინისტრთან მთავარი პროკურორის შერჩევაში ჩავერთოთ. მით უმეტეს, დრო კიდევ გვაქვს - კონსულტაციები ერთი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს და როგორც პრემიერი დაჰპირდა ზაზა სარალიძეს, მისი მიზანია, ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალურად ჩართვა. მაგრამ

იქნებ პრემიერმა გვიპასუხოს, როგორ უნდა ველაპარაკოთ თეა წულუკიანს, რომელმაც მადლობა გადაუხადა შოთაძეს საქმიანობისთვის და მეტიც, თანამდებობაზე დარჩენას სთხოვდა. (იხილეთ სრულად)