"აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით, განმეორდება იგივე და იგივე შედეგი იქნება " - რა პასუხი გასცა გიორგი გახარიამ ნიკა მელიას - კვირის პალიტრა

"აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით, განმეორდება იგივე და იგივე შედეგი იქნება " - რა პასუხი გასცა გიორგი გახარიამ ნიკა მელიას

აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით, განმეორდება იგივე და იგივე შედეგი იქნება, - ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას იმ კითხვების პასუხად, თუ რატომ დააკავეს და ნაარიდეს ის აქციას.

"ეს იყო საზოგადოების წესრიგიდან გამომდინარე ქმედება და თქვენ დღეს აქ ხართ. თქვენ არ ხართ დაკავებული. თქვენ უბრალოდ სპეკულირებთ იმ იმუნიტეტით, რომელიც გაქვთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მსგავსის განმეორების შემთხვევაში იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ. აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით, განმეორდება იგივე და იგივე შედეგი იქნება", -მიმართა გიორგი გახარიამ ნიკა მელიას.

მანამდე ნიკა მელიამ გიორგი გახარიას იმ პოლიციელების და მაღალჩინოსნების სია გადასცა, რომლებიც მისი თქმით, 11 ივნისს უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას მის გატაცებაში რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან. ნიკა მელია რამდენიმე წუთის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან იდგა და პირადად უხსნიდა ფოტოებზე გამოსახული პირების მიერ განხორცელებულ ქმედებებს.

ნიკა მელიას შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მას შემდეგ უპასუხა, რაც მელიამ საკუთარი ადგილი დაიკავა პარლამენტში. გიორგი გახარიამ პასუხის გაცემა პოლიციელებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო, ვინც ამ აქციების განმავლობაში ადგილზე მუშაობდა.

"თითოეულ იმ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობდა ამ დღეებში რუსთაველზე, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო. ამ ხალხმა ზოგიერთი და არა ყველა პოლიტიკურად ანგაჟირებული პოლიტიკოსისგან მოითმინა უდიდესი შეურაცხყოფა", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მინისტრობის განდიდატს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.

"ინტერპრესნიუსი"