"თუ რუსეთი დაუშვებს, რომ საქართველო აშშ-ის სრულ კონტროლქვეშ მოექცეს... " - რას წერენ საქართველოზე? - კვირის პალიტრა

"თუ რუსეთი დაუშვებს, რომ საქართველო აშშ-ის სრულ კონტროლქვეშ მოექცეს... " - რას წერენ საქართველოზე?

რუსული გამოცემა "Военно-промышленный курьер"- აქვეყნებს სტატიას, სათაურით, "დიდი კომბლის დიპლომატია", რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ვექტორები, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიმართ - ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში და ა.შ. მასალაში ნაჩვენებია აგრეთვე დასავლეთის სახელმწიფოების, უპირატესად კი ამერიკის შეერთებული შტატების მცდელობა - განახორციელოს პოსტსაბჭოთა სივრციდან რუსეთის "განდევნის" პოლიტიკა (ავტორი - ვიაჩესლავ ტეტეკინი).

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულმა ქვეყნის ახალი მთავრობის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები არ შეცვლილან. ეს ბუნებრივიცაა, რადგან რუსეთის მიერ მიღწეული მთავარი წარმატებები სწორედ საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკითაა განპირობებული. ეს ნიშნავს, რომ სამომავლოდ სახელმწიფო მშენებლობის ეს მიმართულებები კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება. ცხადია, მხედველობაში იქნება აგრეთვე მიღებული რუსეთის "დაუძინებელი მეგობრების" მიერ გადადგმული ნაბიჯებიც. ასევე ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკას, რუსულ დიპლომატიას მტკიცე საყრდენი ჭირდება მძლავრი ეკონომიკისა და არმიის სახით: ჩვენი დიპლომატები ამგვარი საყრდენის გარეშე ვერაფერს გახდებიან - პარტნიორები მხოლოდ თავაზიანად გაგვიღიმებენ, მაგრამ ჩვენს ნათქვამს მათთვის კაპიკის ფასი ექნება.

2000-იანი წლების დასაწყისში, ავღანეთში აშშ-ის ჯარების ზურგის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ვაშინგტონმა ცენტრალური აზიის რეგიონში შეღწევა დაიწყო, გაჩნდა აშშ-ის სამხედრო ბაზები ჯერ ყირგიზეთში, შემდეგ კი უზბეკეთში. მოგვიანებით, სხვადასხვა მიზეზების ერთობლიობის გამო, ამერიკას ამ რეგიონში თავისი ყოფნის შესუსტება მოუწია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონი წარუმატებლობას შეეგუა. ამ მხრივ ძალზე საინტერესოა აშშ-ის პოლიტიკა ჩვენთვის "უსაზღვროდ მეგობრული" ყაზახეთის მიმართ.

რას აკეთებს პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი?

ყაზახი ლიდერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ყაზახური დამწერლობის კირილიციდან ლატინიცაზე გადაყვანას გულისხმობს, გამოდის, რომ ყაზახეთის სტრატეგიულ მიზანს ატლანტურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია წარმოადგენს. ასევე, თუ მხედველობაში მივიღებთ რუსეთ-ყახაზეთის საზღვრის სიგრძეს და იმ სამხედრო ინფრასტრუქტურას, რომელიც ყაზახეტში საბჭოთა პერიოდშია აშენებული (და დღესაც მოქმედებს), მაშინ ასტანის გადახრა დასავლეთისაკენ რუსეთისათვის შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს.

რაც შეეხება ამიერკავკავასიას: რუსეთი ამ რეგიონში თავის პოზიციებს ენერგიულად თმობს. თავდაპირველად საქართველოს ნება მიეცა, რომ აშშ-ის საყრდენად გადაქცეულიყო. არადა, ამიერკავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საუკუნეთა განმავლობაში, სწორედ საქართველო იყო ჯერ რუსეთის იმპერიასთან ყველაზე მეტად ინტეგრირებული, შემდეგ კი საბჭოთა კავშირთან.

მეფის რუსეთის ხელისუფლებაში ქართველი თავადები ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ, საბჭოთა ეპოქაში კი სახელმწიფო ხელისუფლების საკვანძო პოსტები სწორედ ქართველებს ეკავათ - იოსებ ჯუღაშვილს, სერგო ორჯონიკიძეს, ლავრენტი ბერიას და სხვებს. მოკლედ, თუ რუსეთი დაუშვებს იმას, რომ საქართველო აშშ-ის სრულ კონტროლქვეშ მოექცეს, ეს იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალიან დიდი მარცხი.

აზერბაიჯანმა, საქართველოსაგან განსხვავებით, რუსეთისაგან გადახრა საკმაოდ შეუმჩნევლად დაიწყო. ამჟამად მას უკვე ვეღარ ჩავთვლით მოსკოვის პირუთვნელ მოკავშირედ. მაგრამ ყველაზე მეტი შოკისმომგვრელი მოვლენები მოხდა სომხეთში, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი დასავლეთთან ინტეგრირების მხარდამჭერმა ნიკოლ ფაშინიანმა დაიკავა. საერთოდ კი, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ასეთი ინტეგრაციის მოსურნეებმა, ამას უკრაინის მაგალითზეც ვხედავთ. დასავლეთი "რძის მდინარეებს" და "ყველის ნაპირებს" პირდება იმ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს, ვინც ევროკავშირთან ინტეგრირებას მოისურვებს, თუმცა პირველ რიგში მაინც იმაზე მიანიშნებს, რომ ჯერ ნატოში გაწევრიანდითო". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ