პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობს - კვირის პალიტრა

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობს

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობს.

სამთავრობო პროგრამა - "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მამუკა ბახტაძემ გააცნო.

ბახტაძემ მის წინამორბედ ყველა პრემიერ-მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ამასთან ერთად, ვაცნობიერებ რამდენად დიდია პასუხისმგებლობა. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩემი მხრივ, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ეს ნდობა გავამართლო და გუნდთან ერთად ვემსახურო ქვეყანას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს წინამორბედს, რომელთა ძალისხმევითაც საქართველო წინ წავიდა მრავალი მიმართულებით, საშინაო რეფორმებით დაწყებული და წარმატებული საგარეო პოლიტიკით დამთავრებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, სამთავრობო პროგრამა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული და მას სურს მოისმინოს შინაარსობრივი დისკუსია ამ პროგრამასთან დაკავშირებით.

"ჩემი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ ცხრა წელზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, თუ როგორ მოვახერხოთ იმ ძირითადი გამოწვევების გადაჭრა და გამკვლავება, რაც დღეს არის ჩვენი ერისა და ჩვენი ხალხის წინაშე. აქედან გამომდინარე პროგრამა არის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული და მე ვისურვებდი, რომ დისკუსია იყოს წარმართული შინაარსობრივად, ვინაიდან პირველ რიგში, მმართველი ძალისთვის და მთავრობისთვის იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ არსებობს ხარვეზები ამ პროგრამაში, კონკრეტულად ვნახოთ, რაშია ეს...

ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება ეს ეკონომიკური, სტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სოციალური, ერთადერთ მიზანს ემსახურება, - თითოეული მოქალაქის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრების თანმიმდევრულად და სწრაფად მიღწევას. და ბოლოს, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის იმისთვის, რომ ისინი დაბრუნდნენ საერთო ოჯახში და ერთად ავაშენოთ ძლიერი, ევროპული ქვეყანა", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, ეფექტიანი მთავრობის უზრუნველსაყოფად საჭიროა როგორც საზოგადოებრივი, ისე ინსტიტუციური კონტროლის სრულყოფილი მექანიზმების ჩამოყალიბება.

"ჩვენ აუცილებლად უნდა დავნერგოთ ახალი მიდგომები ანტიკორუფციულ მიმართულებაში, ვინაიდან არსებული მიდგომები არის ჩამორჩენილი და ის ვერ პასუხობს დღეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამ კუთხით ჩემი აზრით, საუკეთესო გამოცდილება არის ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება და ამავე დროს ინგლისის გამოცდილება, რომლებმაც შექმნეს მართლაც საინტერესო მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ბრძოლა არამხოლოდ უშუალოდ კორუფციულ მომენტებთან, არამედ როგორ უნდა მოხდეს ეფექტურობის ამაღლება პრევენციის კუთხით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასახული რეფორმების განხორციელებას მცირე და ოპერატიული მთავრობა სჭირდება.

"ჩემი ღრმა რწმენით, წარმოდგენილი პროგრამის შესრულებას და ზოგადად, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევის გამკლავებას 11 სამინისტროზე მეტი არ სჭირდება. რა თქმა უნდა, საკითხი მხოლოდ სამინისტროების რაოდენობას არ ეხება - ეს არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ არა სრული. საჭიროა, არსებულ ხარჯებში მნიშვნელოვანი ეფექტურობის მიღწევა შევძლოთ. აქედან გამომდინარე, ჩემი ინიციტივაა, რომ დავაწესოთ მაქსიმალური ზღვარი სახელფასო ხარჯზე, რომელიც ზოგადად, სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვას უკავშირდება და განისაზღვროს 3.9%-ის ოდენობით. ეს საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვანი გამოთავისულებული რესურსი შევქმნათ იმ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს და მივმართოთ ის უფრო აუცილებელი პროგრამების დასაფინანსებლად. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არსებობს ეფექტურობის ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი მმართველობით ორგანოებში", - განაცხადა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.