"ვინ იფიქრებდა, რომ ამხელა "მახინა" დაიშლებოდა. რუსეთსაც იგივე ელის" - ინტერვიუ, რომელმაც რუსული პოლიტისტებლიშმენტი და მედია აღაშფოთა - კვირის პალიტრა

"ვინ იფიქრებდა, რომ ამხელა "მახინა" დაიშლებოდა. რუსეთსაც იგივე ელის" - ინტერვიუ, რომელმაც რუსული პოლიტისტებლიშმენტი და მედია აღაშფოთა

მომავალ თვეში ვახტანგ კიკაბიძეს 80 წელი შეუსრულდება და მისგან უკვე, შეიძლება ითქვას, საიუბილეო ინტერვიუებს იღებენ. ჟანა ნემცოვამ (ცნობილი რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის შვილმა) "დოიჩე ველეს"-სთან 40-წუთიან ინტერვიუში მსახიობთან საუბრისას თითქმის ნახევარზე მეტი დრო პოლიტიკაზე ლაპარაკს და რუსეთის კრიტიკას დაუთმო, რომელმაც პირდაპირ აღაშფოთა რუსული პოლიტისტებლიშმენტი და მედია. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს და ასევე რუსულ გამოხმაურებებს.

"საბჭოთა კავშირის დაშლა ძალიან გამიხარდა"

- ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ სსრკ-ს დანგრევა მე- 20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. იყო კი ეს კატასტროფა საქართველოსთვის?

- საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული მთელი ეს უკმაყოფილება და წყენა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოზე გადმოიტანა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი უსიამოვნებანი წინ გველოდება. თითქოს ჩვენ ვიღაცამ დაგვწყევლა. რით დამთავრდება ყველაფერი, არავინ იცის. თუ ჩვენ დროულად არ მიგვიღებენ ნატოში, საქართველო შეიძლება გაქრეს.

- სად და როგორ შეხვდით საბჭოთა კავშირის დაშლას?

- სად ვიყავი? თბილისში. ძალიან გამეხარდა, მაგიდაც კი გავშალე. მახსოვს, ბიჭები დავსხედით და კარგადაც ვიმხიარულეთ. ბევრი ამბები მოვყევით საბჭოთა კავშირის შესახებ. ეს, რასაკვირველია, შოკი იყო, მაგრამ მაინც ადრევე ვგრძნობდით, რომ მოხდებოდა. და მაინც, როცა ადამიანი საბჭოურ ქვაბში ბავშვობიდან იხარშებოდა, მისთვის მაინც ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ამხელა მახინა დაიშლებოდა. ჩემი აზრით, რუსეთსაც იგივე ელის...

- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ საბჭოთა კავშირში სულიერება იყოო. რატომ თვლით ასე? - მე მძულს საბჭოთა კავშირის ღერბი, ჩაქუჩ-ნამგალი. მართლაც და, როგორი ტვინის მქონე ადამიანი უნდა ყოფილიყო, ვინც ასეთი ღერბი მოიგონა... თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ იმ დროს ხალხი ერთმანეთს უფრო მეტ პატივს სცემდა.

- ვიდრე ახლა? - დიახ, ვიდრე ახლა. სულიერება ნამდვილად იყო. ჩვენ არც გვიფიქრია რატომ, მაგრამ ვიცოდით, რომ ვალდებულნი ვიყავით ამ ქვეყანაში გვეცხოვრა. ერთი, ვთქვათ, ტაჯიკი იყო, მეორე - ებრაელი, მესამე... მოკლედ, ჩვენ ერთმანეთისათვის პატივი უნდა გვეცა. ასე ვიზრდებოდით. ყველაფერი დანარჩენი კი ცუდი იყო, ძალიან ცუდი.

- და თქვენ იყავით საბჭოეთის მოწინააღმდეგე, ასე შეიძლება იმჟამად ვინმეს ეწოდებინა თქვენთვის?

- არასდროს ვყოფილვარ კომკავშირელი, არც პარტიაში შევსულვარ. ასე 50 წლის ვიყავი, როდესაც პარტიაში შესვლა შემომთავაზეს, როგორც გავიგე, რაღაც თანამდებობაზე აპირებდნენ ჩემს დანიშვნას, ვუთხარი, მე კომკავშირში კი არ ვყოფილვარ, თეზისების სწავლა არ შემიძლია, თან უკვე მოხუცი ვარ-მეთქი.

- როგორ მოახერხეთ, რომ არც კომკავშირის და არც პარტიის წევრი არ ყოფილხართ, ეს ხომ ძალიან რთული იყო?

- კი რთული იყო... ერთხელ მომეცა საშუალება წამეკითხა დოსიე, რომელიც ჩემზე ჰქონდა კა-გე-ბეს შედგენილი.

- და რა ეწერა ამ დოსიეში? - მაგალითად, ეწერა: "ვახტანგ კიკაბიძეს ანტისაბჭოთა ანეკდოტების მოყოლა უყვარსო..."

- ბატონო ვახტანგ, თქვენ ახსენეთ ომი, რომლიდანაც უკვე 10 წელი სრულდება, შეიძლებოდა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება? - არა, წლების განმავლობაში აჯანჯღარებდნენ ამ რეგიონს, სცემდნენ, ესროდნენ.. საშინელებები ხდებოდა იქ. თბილისიდან 35 კმ-ში, გაბმულია მავთულხლართი და იქ რუსი სამხედროები დააბიჯებენ. ჯარისკაცები რა შუაში არიან, ისინი იმას აკეთებენ, რასაც უბრძანებენ. ყოველთვიურად ეს მავთულხლართი სულ უფრო და უფრო იწევს, მიმდინარეობს მცოცავი ანექსია. კაცი აქეთ ცხოვრობს, მავთულხლართის იქით კი ცოლი ჰყავს დაკრძალული, მას კი არ შეუძლია საფლავზე მისვლა, ეკლესიაში ლოცვა. მუდმივად იკარგებიან ე.წ. საზღვართან ადამიანები, იმ მოტივით, რომ თითქოს საზღვარი დაარღვიეს. ეს ძირძველი ქართული მიწაა... მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს, კონფლიქტში ჩაერთო იმ იმედით, რომ თუ თავს დავიცავდით, დაგვეხმარებოდნენ.

- ფიქრობთ, რომ საქართველო შეძლებს დაიბრუნოს კონტროლი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე?

- თავის დროზე ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, თუ ვლადიმირ პუტინი გადაწყვეტს ამ პრობლემას, მისი პორტრეტი ყველა ქართულ ოჯახში იქნება ჩამოკიდებული-მეთქი...

- ანუ პრობლემის გადაწყვეტის გასაღები პუტინის ხელშია?

- რა თქმა უნდა...

- 2008 წლის ომის შემდეგ არ ჩასულხართ რუსეთში, რა პირობებით შეიძლება რომ ჩახვიდეთ იქ?

- ერთხელ უკვე ვთქვი, რუსეთში იმ შემთხვევაში ჩავალ, თუ ეს "კალათბურთელები" - პუტინი და მედვედევი პოლიტიკიდან წავლენ. მე მიყვარს ეს ქვეყანა. იქ შეუძლიათ სიმღერის მოსმენა, ფილმის ყურება...

- რა არის ის მნიშვნელოვანი, რაც გინდათ ცხოვრებაში გააკეთოთ? - წიგნს ვწერ, მალე დავასრულებ... შვილთაშვილი მყავს 6 წლის გოგონა, ვოცნებობ, მის გათხოვებამდე ვიცოცხლო, მაინტერესებს რა კაცს გაჰყვება ცოლად. ძალიან მინდა საქართველოში მშვიდობა იყოს.

რაღაც მნიშვნელოვნად შეიცვალოს უკეთესობისკენ. ადამიანები ერთმანეთის მიმართ ისეთივე კეთილგანწყობილნი იყვნენ, როგორც ეს ადრე იყო.

რომ პოლიტიკა არ თამაშობდეს ჩვენს ცხოვრებაში ასეთ დიდ როლს... ლამაზი ქვეყანა, კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხი, კარგი მიწა, ბევრი წყალი.. მეტი რაღაა საჭირო? - საჭიროა კარგად მართავდნენ, ფიქრობდნენ ხალხზე და არა საკუთარ თავზე... წყარო

გამოხმაურება რუსეთიდან

ამ ინტერვიუს შემდეგ რუსულ გამოცემა «Взгляд»-ში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით:  "რატომ სძულს ვახტანგ კიკაბიძეს საბჭოთა კავშირი", რომელშიც ქართველი მომღერლის ინტერვიუ პუნქტებად გააკრიტიკეს, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"ვახტანგ კიკაბიძე, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთში მაინც უყვართ: "მიმინოს" გმირი საბჭოთა კინოს ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ რჩება. მაგრამ... საქმე იმაშია, რომ კაცი, რომელიც სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია, ზოგჯერ ისეთ რამეს იტყვის ხოლმე, რომ ყოფილი თანამოქალაქეების აღშფოთებას იწვევს. აი, გუშინ, 20 ივნისს მან გერმანულ რადიოში ილაპარაკა, თუ როგორ სძულს ყოფილი საბჭოთა კავშირის ღერბი და როგორ გაეხარდა ჩვენი საერთო სახელმწიფოს დაშლა. აბა, როგორ უნდა შეაფასო ასეთი ნათქვამი?

გასაგებია, რომ ვახტანგ კიკაბიძე, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარი თქვა რუსულ მეგობრობის ორდენზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოკუპანტს, ხოლო ვლადიმირ პუტინს - დამპყრობელს უწოდებს, ძალიან ფასეული პიროვნებაა ანტირუსული პროპაგანდისათვის, რუსეთის მიმართ სწორედ ასეთი კრიტიკული დამოკიდებულების გამო. დიახ, რუსეთთან მისი, რბილად რომ ვთქვათ, "არამეგობრული" პოზიცია გასაგებია, მაგრამ ამ ინტერვიუში საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტმა "მიწასთან გაასწორა" საბჭოთა წარსულიც... რა თქმა უნდა, ჟურნალისტ ანა ნემცოვას წაქეზებით".

"ვახტან კიკაბიძის თქმით, თუ ვლადიმირ პუტინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნებს, მაშინ "მისი პორტრეტი ყოველი ქართველის სახლში იქნება დაკიდებულიო", მაგრამ უბედურება ისაა, რომ თვითონ აფხაზებსა და ოსებს არ სურთ იმ საქართველოში დაბრუნება, რომლის შემადგენლობიდან ისინი საბჭოთა კავშირის დაშლის დროს გაიქცნენ. თუმცა მათი აზრი ვახტანგ კიკაბიძეს არ აინტერესებს - ისინი იმდენად ცოტანი არიან, რომ ყველა შეიძლება ერთ სტადიონზე დაეტიოს". წყარო

გარდა ამისა, რუსული მასმედია ციტირებს ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარის ალექსეი პუშკოვის კომენტარს: "ვახტანგ კიკაბიძე ისეთი ცნობილი, როგორიც ახლაა, მხოლოდ საბჭოთა კავშირის პერიოდში გახდა. წლები მოემატა, მაგრამ სიბრძნე არა". წყარო

იხილეთ ასევე: "ძნელია კაცურად სიარული" - რას ნანობს ბუბა კიკაბიძე?

მოამზადა სიმონ კილაძემ