"ბიძინა ნიღბებს იცვლის, ახლა ეს ნიღაბი წარმოგვიდგინა - პატარა ბიჭი მოძებნა და დანიშნა პრემიერად" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ნიღბებს იცვლის, ახლა ეს ნიღაბი წარმოგვიდგინა - პატარა ბიჭი მოძებნა და დანიშნა პრემიერად"

როგორია საზოგადოების დამოკიდებულება სამთავრობო ცვლილებების მიმართ, რას ელიან ახალი პრემიერის - მამუკა ბახტაძისა და მინისტრთა კაბინეტისგან, რა არ მოსწონთ და რის შეცვლას ისურვებდნენ, რა გვიშლის ხელს განვითარებასა და წინსვლაში, როგორ აფასებენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის - გიორგი კვირიკაშვილის მუშაობას და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან - ამ თემებზე შეკითხვები ხელოვან ადამიანებს დავუსვით.

გია ბუღაძე, მხატვარი:

- ეს ყველაფერი მასკარადია. იცვლება ნიღბები და რჩება ერთი კაცი, რომელსაც სურს, რომ მარადიულად არსებობდეს, მას ბიძინა ჰქვია. უნიჭო მასკარადია. თუ ვინმეს სჯერა, ეს მისი საქმეა, მე კი სერიოზულად არ ვუყურებ. შეხედეთ, რას ჰგავს ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე იმსჯელეთ. ნახეთ, ქვეყანა რა დღეშია. ახალი პრემიერიც ერთ-ერთი ნიღაბია ბიძინა ივანიშვილის ხელში...

ბიძინა ნიღბებს იცვლის და ახლა ეს ნიღაბი წარმოგვიდგინა - პატარა ბიჭი მოძებნა და დანიშნა პრემიერად. ვიდრე ასეთი ტიპის მმართველობაა, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ შეიძლება ოდესმე ახალი ძალები გამოჩნდნენ.

გიორგი მეგრელიშვილი, მსახიობი:

- ახალმა პრემიერმა უნდა გაართვას თავი დაკისრებულ მოვალეობას, ხალხს უნდა მოგვხედოს ყველამ, მით უმეტეს, ხელოვან ადამიანებს, რა დღეში ვართ. სიახლეებს ყოველთვის იმედიანად ვხვდები, ვიმედოვნებ, ხალხის საკეთილდღეოდ ბევრი რამ შეიცვლება. როგორც ვიცი, მამუკა ბახტაძის სახელს კარგ წამოწყებებს უკავშირებენ, მაგალითად, ბანკებთან დაკავშირებით და ვნახოთ, მთავარი მონდომებაა. კარგი იქნება, რომ ქვეყანაზე მეტი ვიფიქროთ, როგორც ოჯახს უვლიან ადამიანები, ქვეყანასაც ისე უნდა მოუარონ და მაშინ გვეშველება რაიმე.

რა მაინტერესებს, იცით? ნიკა გვარამიამ მოიხადა თუ არა ბოდიში, ქალბატონს რომ აგინა. სხვას თუ გინების გამო პოლიციაში პასუხი მოეკითხება, გვარამიას უნდა შერჩეს? შეიძლება ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც მე, თქვენ თუ რამეს დავაშავებთ, პასუხი უნდა ვაგოთ, ზოგიერთმა კი - არა?

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი:

- თვითონ პიროვნებებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს ხოლმე, შეიძლება, ძალიან კარგი პიროვნება იყოს პრემიერი იქნება ეს თუ სხვა მინისტრი, მაგრამ იმდენად შესაცვლელია ყველაფერი, რომ სისტემა არ მისცემს არავის საშუალებას, განსაკუთრებული სიახლე შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში. იუსტიციის მინისტრის ცვლილება თუ არ მოხდა, პროკურატურაში რეფორმები თუ არ გატარდა, ვერც ერთი პრემიერი ამ სრულიად კორუმპირებულ სისტემაში ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს, რაც უნდა პერსპექტიული და კარგი ახალგაზრდა იყოს და შესაძლოა, სულ ტყუილად გაილანძღოს. თვითონ კანონებია აბსოლუტურად გადასახედი. სისტემა რა არის? ადამიანის მიერ შექმნილი კანონი - კანონს ქმნის ადამიანი და აღასრულებს ადამიანი.

იური მეჩითოვი, ფოტოგრაფი:

- როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ჩემს ქვეყანას ბედნიერებასა და წინსვლას ვუსურვებ, ძალიან შეწუხებული ვარ. ამ ცვლილებების მიმართ, პესიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან მგონია, რომ არაფრის მომცემი იქნება. საქმე იმაშია, რომ მამუკა ბახტაძეზე, როგორც მოქალაქეს არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, მისი დადებითი თვისებები ჩემთვის არ არის ცნობილი და არ შემიძლია, მის შესახებ რაიმე კომენტარი გავაკეთო, თუ რას გააკეთებს და როგორი პრემიერი იქნება. ის გუნდი იგივე გუნდად რჩება, რომელიც არის კონფორმისტული, ენერგია არ აქვს. ასე ქვეყანა არ განვითარდება. ბიძინა ივანიშვილმა ხომ ბრძანა "შუა უნდა გაიკრიფოსო", ამ პროცესს ბევრი ადამიანი შეეწირა, ვისაც რეალურად შეეძლო ქვეყნისთვის რაიმე შეექმნა და დარჩა ეს უნიჭო კოაბიტაცია, იგივე შემადგენლობა, რომლებიც ადამიანების თვალში არაფრის გამკეთებლები არ არიან. ღმერთმა ქნას, რომ ყველა ვტყუოდეთ და ვცდებოდეთ, სასწაული მოხდეს - "ღმერთმა ქნას, ჩვენმა თხამ მგელი შეჭამოსო", მაგრამ რომ ვერ ჭამს (იცინის). ერთი ბანქოს შემადგენლობაა ყველაფერი და რას საით გადაიტან, სულერთია, არაფერი შეიცვლება.

- ასეთი პესიმისტური კომენტარი თქვენგან აქამდე არ მომისმენია... - იმიტომ, რომ რაღაც იმედები მქონდა. კარგი გამონათქვამია - პესიმისტი კარგად ინფორმირებული ოპტიმისტიაო. ამიტომ, ნავები მზად უნდა გვქონდეს, რომ გემი ჩაძირვას თუ დაიწყებს, თავს ვუშველოთ. რეალურად, დღევანდელი ხელისუფლება, მთელი თავისი შემადგენლობით არ გამოხატავს ჩვენი ხალხის ინტერესებს, ამაზე არ მუშაობს. მიზეზები შორს წაგვიყვანს. ჭაობია. ხალხს ბატონი ბიძინას მიმართ დიდი იმედები ქონდა, ახლა კი ქვეყანა უმართავი აღმოჩნდა, გემი, რომელსაც არც იალქანი აქვს და არც საჭე. ვიყოთ ასე, ზღვაში. ახალი მიდგომები უნდა გვქონდეს, მობილიზებულები ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ვიკრიბებით მაშინ, როდესაც ნარკომანიის პრობლემები წყდება, მოვწიოთ, თუ არა, გეი აღლუმი ჩავატაროთ, თუ არა ადა ა.შ. ჩვენი ენერგია თუ ამაზე იხარჯება, მაშინ მომავალი არ გვაქვს. მე კი მინდა, რომ მომავალი გვქონდეს.

იხილეთ ასევე: რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)