"თუ წულუკიანი დარჩა, დიდი ალბათობაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის არჩევნები წააგოს"
"თუ წულუკიანი დარჩა, დიდი ალბათობაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის არჩევნები წააგოს"
პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და მთავრობას ნდობა უკვე გამოუცხადა, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი გადაწყვეტილებაა და 3-4 კვირაში საკანონმდებლო ორგანოში ბახტაძე განახლებული მინისტრთა კაბინეტით ისევ მივა. ეს კი ბახტაძის მიერ დაანონსებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომელსაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, ამას კი თავისი ვადები აქვს.

როგორც მმართველი გუნდი გვპირდება, სტრუქტურულადაც და კადრების თვალსაზრისითაც, ცვლილებები მნიშვნელოვანი იქნება. ბახტაძე მობილური და ეფექტიანი მუშაობისთვის "მცირე მთავრობის" მოდელს ანიჭებს უპირატესობას და 14 სამინისტროს 11-მდე შემცირებას
გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, იგეგმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანება, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კულტურისა და სპორტის სამინისტროს შეერთება, თუმცა, როგორც ამბობენ, ამ და სხვა ინიციატივებსაც უმრავლესობის შიგნით ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ჩვენში ჯერაც განიხილავენ პრემიერობიდან გიორგი კვირიკაშვილის წასვლის მიზეზებს, სწორედ ამ თემით
დავიწყეთ საუბარი ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- მართალია, ითქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების არასაკმარის ტემპს უკავშირდება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ რუსთაველის პროსპექტზე განვითარებული მოვლენები იყო ამ ცვლილებების მთავარი მიზეზი. გიორგი კვირიკაშვილი როგორი კარგი ადამიანიც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ძალოვან სტრუქტურებს ვერ აკონტროლებდა. ეს კარგად გამოჩნდა 2017 წლის მარტში ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც დაიწყო საპროტესტო გამოსვლა და არეულობა.

როდესაც ხორავას ქუჩის საქმის გამო გამართულ აქციაზე გიორგი კვირიკაშვილი მივიდა და მას სიტყვა არ მისცეს, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად გადადგებოდა.
თანამდებობიდან წასვლისას კვირიკაშვილმაც თქვა, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე უთანხმოება ჰქონდა პარტიის ხელმძღვანელთან. ჩვენ არ ვიცით, რამდენად ღრმა იყო უთანხმოება, ამაზე მხოლოდ ხმები ვრცელდება. თუმცა პრემიერის რანგში კვირიკაშვილის ბოლო განცხადებისას მივაქციე ყურადღება, რომ მას სახელით და გვარით ბიძინა ივანიშვილი ერთხელაც არ უხსენებია, რაც გარკვეული ვარაუდის საფუძველს იძლევა.

ჩემი აზრით, პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს, როგორც ჩანს, მას ძალიან არ მოსწონდა ეს აქციები, შესაბამისად, კვირიკაშვილთან უთანხმოების მნიშვნელოვანი წილიც, ალბათ, ამაზე მოდიოდა. დანარჩენი უკვე პიარული სვლებია.
ვერსია, რომ თითქოს კვირიკაშვილს ამ აქციებთან კავშირი ჰქონდა, არ მჯერა. ეს მხოლოდ ჭორებია, რათა ჩირქი მოსცხონ კვირიკაშვილს. დარწმუნებული ვარ, ჰარაკირის გაკეთება კვირიკაშვილს ნამდვილად არ უნდოდა.

- რას ფიქრობთ, ახალ პრემიერ მამუკა ბახტაძეზე? როგორ შეაფასებთ მის პირველ ნაბიჯებს საჯარო პოლიტიკაში?
- ახალ პრემიერ-მინისტრს არ ვიცნობ, არ ვიცი, რას წარმოადგენს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ცოტა გასაკვირია.
აშკარაა, რომ "ქართულ ოცნებას" სათადარიგო მოთამაშეთა ძალიან მოკლე სკამი აქვს. ამას როგორ დააბალანსებენ, არ ვიცი.
ვიდრე ბახტაძის ინიციატივებს მიმოვიხილავთ, ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ეკონომიკისადმი "ქართული ოცნების" მიდგომებს, ანუ იმას, რაზეც თითქოსდა ივანიშვილს პრეტენზია ჰქონდა კვირიკაშვილის მთავრობასთან. ამ ყველაფერზე სრულიად განსხვავებული აზრი მაქვს, რაც თავის დროზე, მისი პრემიერობისას, ბატონ ივანიშვილსაც ვუთხარი. მიუხედავად იმისა, რომ მცირე წინსვლა ეკონომიკაში არის, ასეთი ხავერდოვანი მეთოდებით ეკონომიკა ვერასდროს განვითარდება. ამას სჭირდება მიდგომების ფუნდამენტური ცვლილება, ანუ თუ ქვეყანაში მწარმოებლური ეკონომიკა არ განვითარდა, არაფერი გამოვა.

პრემიერ-მინისტრები ძალიან სწრაფად იცვლებიან, იმიტომ, რომ ის გეგმები, რომელთა შესრულებასაც ამ თანამდებობაზე მოსვლისას კისრულობენ, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე ვერ შესრულდება.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეგონა, რომ სოფლის მეურნეობას განავითარებდა და ამით ყველაფერი მოწესრიგდებოდა, მაგრამ ასე არ არის. სხვათა შორის, ამ დარგშიც ვერ არის საქმე კარგად. განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 7-8% თუ არის დაკავებული, მთლიანი შიდა პროდუქტი სულ სხვა წყაროებიდან წარმოიქმნება. მათ შორის ტრანსპორტიდან, მშენებლობიდან და რაც მთავარია, მრეწველობიდან.

- დავუბრუნდეთ მამუკა ბახტაძეს და "მცირე მთავრობის" მისეულ ინიციატივას, რის გამოც ქვეყანაში დროებითი მთავრობაა, ახალ, რეორგანიზებულ მინისტრთა კაბინეტს კი პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.
- ჩემი აზრით, მამუკა ბახტაძესაც იგივე პრობლემა აქვს, რაც "ქართული ოცნების" ყველა პრემიერს ჰქონდა - მასაც ჰგონია, რომ ქვეყნის მართვა იგივეა, რაც კომპანიის მართვა, თანაც მასაც, როგორც წინამორბედებს, სახელმწიფოს მართვის გამოცდილება არა აქვს.
ის მართავდა დიდ კომპანიებს და ძალიან ცოტა ხანს იყო ფინანსთა მინისტრი. არადა, სახელმწიფოსა და კომპანიის მართვის მექანიზმები აბსოლუტურად განსხვავებულია.
იმედია, სახელმწიფოს მართვა თეორიულად მაინც იცის და იცის ისიც, რომ მთავრობის რეორგანიზაცია უნდა ხდებოდეს იმ გამოწვევებისა და ფუნქციების გათვალისწინებით, რაც ქვეყანას აქვს და იმ ამოცანებისა და პრიორიტეტიდან გამომდინარე, რასაც მთავრობა დაისახავს. ვერ ვიტყვი, 9 სამინისტრო იქნება საქართველოსთვის ოპტიმალური, 11 თუ 14. წესით, ამისთვის არსებობს დიდი მათემატიკური გათვლები, არსებობს მოდელირების მეთოდები და ა.შ.

ბატონმა ბახტაძემ ბრძანა, რომ მისი რეფორმა 120 მილიონ ლარს შეუნარჩუნებს ქვეყანას, თუმცა აქვე გვესმის განცხადებები, რომ არავინ აპირებს ბიუროკრატიის მნიშვნელოვან შემცირებას, არადა, მთავრობაში ძირითადი­ ხარჯები სწორედ სახელფასო, სამივლინებო და სხვა ამგვარ ხარჯზე მოდის. თუ ის მექანიკურად აერთიანებს სამინისტროებს და ხალხსაც არ შეამცირებს, საიდან აპირებს 120 მილიონი ლარის მოტანას?..

მოკლედ, როგორ გაამართლებს ეს ცვლილებები, ამაზე ნაადრევია ლაპარაკი, მაგრამ ჩემთვის სრულიად მიუღებელია კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება, სპორტზე არაფერს ვამბობ, ის სამინისტროს გარეშეც შეიძლება არსებობდეს.
რას ნიშნავს ეს გაერთიანება? - იმას ხომ არა, რომ ჩვენ არაფრად ვაგდებთ მთელ იმ კულტურულ ტრადიციას, რომელიც საქართველოს აქვს? ჩვენს ქვეყანას აქვს თავისთავადი, ორიგინალური კულტურა, რასაც მოვლა და პოპულარიზაცია სჭირდება. ეს არ არის განათლების სამინისტროს ფუნქცია, რომელსაც უამისოდაც უმნიშვნელოვანესი სფერო აბარია. განათლება არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. კარგია, რომ პრემიერი პირველივე გამოსვლისას შეეხო ამ საკითხს, მაგრამ სამინისტროების ამგვარი შერწყმის ინიციატივა მაფიქრებინებს, რომ მაინცდამაინც კარგად ვერ აქვს გაანალიზებული ან ერთი სფეროს, ან მეორის არსი.

აღარაფერს ვამბობ მეცნიერებაზე, რომელიც ჩაკვდა საქართველოში და როგორც ვხედავ, ეს ჩვენს მთავრობას არ ანაღვლებს. თუ ყველაფერი ისევე გაგრძელდა, როგორც იყო, ჩვენ მივიღებთ დამახინჯებულ ქვეყანას, რომელსაც სიახლის შექმნის შესაძლებლობა არა აქვს. მარტო ტურიზმით ფონს ვერ გავალთ.
ამ ყველაფრის სწორად გააზრებასა და მართვას სჭირდება გამოცდილი და მრავალმხრივი აზროვნების პრემიერი. არ მინდა გავუსწრო მოვლენებს და წინასწარ რაიმე ნეგატიური ვთქვა ბახტაძეზე, იმედი ვიქონიოთ, რომ ის შეძლებს ურთულეს გამოწვევებთან გამკლავებას.

ამ ხელისუფლების კიდევ ერთი ყველაზე სუსტი წერტილი სამართალია - ის პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები, რომელთაც ვერ მიაქცია კვირიკაშვილმა ყურადღება და ყველაფერი თეა წულუკიანს გადაულოცა, ასევე უზენაესი სასამართლო და პროკურატურა.

- რადგან თეა წულუკიანი ახსენეთ, ბარემ აქვე გავიხსენოთ, რომ ბოლოდროინდელი აქციების განმავლობაში და მერეც საზოგადოების ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ და ითხოვენ მის გადადგომას, თუმცა მის გათავისუფლებას არავინ გეგმავს და ამბობენ, რომ სწორედ მას ჩააბარებენ იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანების შედეგად მიღებულ უწყებას.
- თუ ასე მოხდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით არაფრის შეცვლას არ აპირებს და ქვეყანაში კვლავაც "მურუსიძის სამართალი" გვექნება, ამის შედეგს კი "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნების დროს მოიმკის.
პროკურატურაში ჯერ კიდევ სხედან, ერთი მხრივ, კადრები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროსაც კი პროკურორობდნენ, მეორე მხრივ, მიშას დროინდელი პროკურორები, რომლებიც ზემოდან ბრძანებით იღებდნენ გადაწყვეტილებებს, აქედან გამომდინარე, მათ მიმართ გაცილებით ხისტი ზომები უნდა გატარებულიყო, რაც არ გაკეთდა. თუ წულუკიანი დარჩა გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელად, დიდი ალბათობაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის არჩევნები წააგოს, ამ უსამართლობას ქართველი ხალხი ნამდვილად აღარ აიტანს.

- "გრძელვადიანი ეკონომიკური განვითა­რებისათვის აუცილებელია ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, რისთვისაც დაგეგმილია: კაპიტალის ბაზრის რეფორმის, საპენსიო რეფორმის, საჯარო კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარების, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ჩამოყალიბება და ხარისხობრივი და ტექნოლოგიის ტრანსფერზე ორიენტირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა", - განაცხადა პარლამენტში მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოში ტრანსნაციონალური კომპანიების მოზიდვა იქნება. მისივე თქმით, აუცილებელია შეიქმნას ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი. ასევე თვლის, რომ ბიზნესმენებს 2013 წლის 1-ლ იანვრამდე არსებული ყველა საგადასახადო დავალიანება უნდა ჩამოეწეროს.
- თქვენი კითხვის პირველი ნაწილი კეთილი სურვილებია, რაზეც ყველა ყოფილი პრემიერიც ლაპარაკობდა, რაც შეეხება მეორე ნაწილს, ვეთანხმები, რომ საგადასახადო და საბაჟო კოდექსი შესაცვლელია.
როცა ამბობს, რომ თურმე მთავრობის მიზანი უნდა იყოს ტრანსნაციონალური კომპანიების მოზიდვა, კი, ეს ცუდი არ არის, მაგრამ პარალელურად უმნიშვნელოვანესია ქართული კომპანიების განვითარებაზე ზრუნვა. ბოლოს და ბოლოს, გვითხრან, რა ტიპის ქვეყნად უნდა ჩამოყალიბდეს საქართველო? - ქუვეითად და კატარად უნდა ვიქცეთ, სადაც ამერიკელები მართავენ ყველაფერს, თუ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ქართველებმა რაღაც ფასეული შევქმნათ? ერთიც, რომელი ტრანსნაციონალური კომპანიები შემოდიან საქართველოში? ძირითადად, ესენი არიან არაბული, ირანული, ჩინური და ამ ტიპის ქვეყნების კომპანიები და ისე არ მოხდეს, რომ ამ კომპანიების დანამატად ვიქცეთ. მოკლედ, ისევ იქამდე მივდივართ, რომ სახელმწიფოსა და შპს-ს მართვა სხვადასხვა რამ არის.

- ბახტაძემ ასევე განაცხადა: "ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას, ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 630 000 კაცი დღეს "შავ სიაშია" და მოკლებულია სრულფასოვან ეკონომიკურ ცხოვრებას. ამ ადამიანთა რიცხვში არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნესპროექტები, არიან მცირე მეწარმეები, მაგრამ ვერ ავითარებენ თავიანთ პოტენციალს, ვერ ასაქმებენ ხალხს, იქიდან გამომდინარე, რომ უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ გამოიწვია მათი ჩამოშორება ეკონომიკური ცხოვრებისგან".
- ვეთანხმები, ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ის მიდგომა, რომ ყველას ჩამოვაწეროთ ვალები, ჩემი აზრით, უსამართლოა. მაგალითად, მე ვარ წესიერი ბიზნესმენი, ყველა გადასახადს პატიოსნად ვიხდი, ამიტომ საბრუნავი საშუალება პატარა მაქვს, თუმცა სხვა ბიზნესმენს, რომელიც გადასახადებს არ იხდის, საშუალება მეტი აქვს, განვითარებასაც ჩემზე მეტად ახერხებს და სწორედ მას ვაჯილდოებთ ვალების ჩამოწერით? რატომ უნდა ჩავაყენოთ პატიოსანი გადამხდელი არათანაბარ პირობებში? ვალის 30-40 წელზე გაწერილი რესტრუქტურიზება მისაღებია, მაგრამ სრულად ჩამოწერა, არა.

რაც შეეხება წვრილი ვალებისთვის გაშავებულ მოქალაქეებს, ალბათ, ამაზე შეიძლება მუშაობა და ოპტიმალური გამოსავლის მოფიქრება.

- ჩვენში არაერთი ფიქრობს, რომ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება პრემიერი. თქვენი აზრით, მოახერხებს თუ არა ბახტაძე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას?
- ჩემი აზრით, ივანიშვილი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდა მაშინაც, როცა წავიდა პოლიტიკიდან და მონაწილეობს ახლაც, როგორც პარტიის ლიდერი, მაგრამ მეეჭვება, ერეოდეს რუტინულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც ბახტაძე სრულიად თავისუფალი იქნება. ჩემი აზრით, მას ექნება საშუალება თვითონ აარჩიოს კადრები მომავალ მთავრობაში. ვნახოთ, რას იზამს? წავა ძველი გზით და ისევ მხოლოდ პარტიული ნიშნით შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს, თუ გაბედავს, რომ მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი იყოს.

- გარდა მინისტრებისა, მმართველ გუნდს შესარჩევი ჰყავს მთავარი პროკურორობის კანდიდატიც?
- დიახ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მე "ქართული ოცნების" ადგილას პროკურორობის კანდიდატის ძებნას სახელისუფლებო სისტემაში არ დავიწყებდი. ვეცდებოდი მომეძებნა დამოუკიდებელი, პოლიტიკურად არაანგაჟირებული პირი.
ამ სისტემის რეფორმირება ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ყველაფერთან ერთად, ვერც ვხედავ "ქართულ ოცნებაში" შესაბამის კადრს. არ მინდა იგივე მივიღოთ, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის შედეგად მივიღეთ.
სხვას რომ თავი დავანებოთ, ხორავას ქუჩის საქმე გახდა ის ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც პროკურატურის პრობლემები წარმოაჩინა და დაგვანახა, რაოდენ სწრაფად უნდა გატარდეს ამ სტრუქტურაში რეფორმა.

თუ "ქართულ ოცნებაში" ეს ვერ დაინახეს წულუკიანის ხელმძღვანელობით საზღვარგარეთ წაგებული პროცესებისას, ვერც მაშინ, როდესაც ჩვენ მიერ ინტერპოლით ძებნილ პირებს წითელ ცირკულარს ერთმანეთის მიყოლებით უხსნიდნენ, იმედია, ახლა მაინც გამოფხიზლდებიან.

ნათია დოლიძე
კიმი
01 ივლისი 2018 14:42
ყველა წინა კომენტარს ვეთანხმები. mmm-ს კი, თუ შიზიკო მოენატრა, არჩევნებში ნაციონალებს მისცეს ხმა.
qutaiseli
29 ივნისი 2018 16:40
თვალჭრელიძე რათქმაუნდა არარის ნაციონალი და მას თავის ხედვები აქ როგორც პოლიტიკაზე ისე ეკონომიკაზე ხოდა რაც ეკონომიკას შეეხება ორივე ხელით ვეთანხმები თუ წარმოება არ გექნა ვერც ეკონომიკა გექნება და ვერც დასაქმება რასაც ფსევდოლიბერალები და მათი მრევლი კომუნისტურ აზროვნებას უწოდებენ და ერთიდა იგივეაქვთ ჩახვეული წვრილი და საშუალო ბიზნესი დაასაქმებს ხალხსო.დდ რა მარტივად და ზედაპირულად აზროვნებენ ნეტა თუ იციან საერთოდ ეკონომიკის არსი.რაც შეეხება წულუკიანს რათქმაუნდა პრემიერის გადასაწყვეტია გაუშვებს თუ დატოვებს და არა იმ არასამთავრობოების რომლებსაც პულსიც არ ესინჯებად საზოგადოების მხარდაჭერის და ნდობის განხრით.და ბოლოს2020 ში თუ ოცნება არა არჩევნებს ვინ მოიგებსო რა თქვა ბატონმა თვალჭრელიძემ თუ ეს საიდუმლოა. .რათქმაუნდა არჩევნებს ოცნება მოიგებს და ის იქნება 2024 წლამდე აი მერე კი....ვნახოთ
status quo
29 ივნისი 2018 15:38
ოცნება 2020 წლის არჩევნებს წააგებს კიდევაც,თუ საჯარო სამსახურებიდან შემცირებულ თანამშრომლებს არ დააკმაყოფილებენ შესაბამისი სამსახურით.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები