"ოზურგეთი ურთიერთობების ქალაქია და ლაჩრულად ცემას არავის აპატიებენ" - კვირის პალიტრა

"ოზურგეთი ურთიერთობების ქალაქია და ლაჩრულად ცემას არავის აპატიებენ"

ყველაფერი 15 ივნისს დაიწყო, როდესაც ოზურგეთის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ბესო ქათამაძეს სცემეს. როგორც თავად ამტკიცებს, მას მმართველი პარტიის ადგილობრივი ლიდერები გაუსწორდნენ. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ოზურგეთის საკრებულოს წევრ ტარიელ აროშიძეს ბრალიც წაუყენეს, თუმცა ის ხუთიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დეტალებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო ქათამაძე იხსენებს:

- "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ვინც ჩემს ცემაში მონაწილეობდა, ყველამ თანამდებობა უნდა დატოვოს. მათ შორის, ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებმა: გოჩა კილაძემ, ტარიელ აროშიძემ, გეგა ჩავლეიშვილმა. დამნაშავეები საკრებულოში კი არ უნდა ისხდნენ, მათი ადგილი საპატიმროშია.

- რა მოხდა 15 ივნისს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის კაბინეტში? - თბილისში მიმდინარე აქციების პარალელურად, გურიის გუბერნატორი, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები სოციალურ ქსელში ვიდეოებს ავრცელებდნენ და იგინებოდნენ, უსაქმური "ნაციონალები" გამოვიდნენ ქუჩაშიო. მე ერთ-ერთ ვიდეოს კომენტარი მივაწერე, 2012 წლამდე თუ ვინმე უსაქმური გვყავდა "ნაციონალებს", პროკურორებით დაწყებული ზონდერებით დამთავრებული, ახლა მაღალ თანამდებობებზე გყავთ-მეთქი.

- როგორ გადაიზარდა სოციალურ ქსელში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში? - ორი კვირის შემდეგ საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის კაბინეტში დამიბარეს, რაღაც ვიდეო ვნახეთ და შენთან კითხვა გვაქვსო... კაბინეტში რომ შევედი, ერთმანეთს მივესალმეთ. სხვათა შორის, ეს ადამიანები მანამდე რამდენჯერმე ვნახე საკრებულოში და ურთიერთობის პრობლემა არ გვქონია, ალბათ, ანგარიშსწორების ბრძანება ვიღაცისგან მიიღეს. ის იყო, სკამზე დავჯექი, რომ მოულოდნელად, ლაჩრულად, თავში მომხვდა ხელი. წინ ტარიელ აროშიძე იჯდა, რომელიც ასევე მოულოდნელად ადგა და თავში დროშის ტარი ჩამარტყა... ტარიელ აროშიძე გირაოთი გაათავისუფლეს, მაგრამ მან და იმ პირებმაც, რომლებიც ოთახში იმყოფებოდნენ და ასევე დამარტყეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ამიტომაც დავიწყეთ შიმშილობა, რიგგარეშე სხდომის დანიშვნასაც ვითხოვდით, თუმცა ვერ გაბედეს... სამწუხაროდ, ავიწყდებათ, რომ ოზურგეთი ურთიერთობების ქალაქია და ლაჩრულად ცემას არავის აპატიებენ - თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, "ქართული ოცნების" წევრებს კაბინეტებიდან ხალხი გამოიყვანს.

- აქციების გაგრძელებას აანონსებთ?

- ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიცია პერფორმანსებს მოაწყობს, გაიმართება აქციებიც, სანამ ხელისუფლება გონს არ მოეგება და ხალხის აბუჩად აგდების გამო პასუხს არ აგებს...

"ნაცმოძრაობის" მოთხოვნები და ლოზუნგები სამართლებრივ ჭრილს გასცდა"

გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წარმომადგენელი: - უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ და ვერ ვისაუბრებ, ვინ გაუსწორდა ბესო ქათამაძეს ან სცემეს თუ არა ჩვენი გუნდის წევრებმა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ოპონენტებს შორის ურთიერთობის გარკვევა სამართლებრივი გზით უნდა ხდებოდეს, თუმცა "ნაცმოძრაობის" მოთხოვნები და ლოზუნგები სამართლებრივ ჭრილს გასცდა. ისიც კი ვერ გააანალიზეს, რომ რიგგარეშე სხდომის დანიშვნა კონსტიტუციურად შეუძლებელი იყო და თავი იმით გაიმართლეს, თითქოს ჩვენ ვერ გავბედეთ სხდომის დანიშვნა. ხალხმა არჩევანი 2012 წელს გააკეთა და მოსწონთ თუ არა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ამას თვალი უნდა გაუსწორონ.

რუსუდან შელია