"ბახტაძესაც ჰგონია, რომ ქვეყნის მართვა იგივეა, რაც კომპანიის მართვა, რაც დიდი შეცდომაა" - კვირის პალიტრა

"ბახტაძესაც ჰგონია, რომ ქვეყნის მართვა იგივეა, რაც კომპანიის მართვა, რაც დიდი შეცდომაა"

პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და მთავრობას ნდობა უკვე გამოუცხადა, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი გადაწყვეტილებაა და 3-4 კვირაში საკანონმდებლო ორგანოში ბახტაძე განახლებული მინისტრთა კაბინეტით ისევ მივა. ეს კი ბახტაძის მიერ დაანონსებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომელსაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, ამას კი თავისი ვადები აქვს. გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ სამთავრობო ცვლილებებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე აფასებს, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

- ახალ პრემიერ-მინისტრს არ ვიცნობ, არ ვიცი, რას წარმოადგენს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ცოტა გასაკვირია. აშკარაა, რომ "ქართულ ოცნებას" სათადარიგო მოთამაშეთა ძალიან მოკლე სკამი აქვს. ამას როგორ დააბალანსებენ, არ ვიცი.

პრემიერ-მინისტრები ძალიან სწრაფად იცვლებიან, იმიტომ, რომ ის გეგმები, რომელთა შესრულებასაც ამ თანამდებობაზე მოსვლისას კისრულობენ, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე ვერ შესრულდება.

...

ჩემი აზრით, მამუკა ბახტაძესაც იგივე პრობლემა აქვს, რაც "ქართული ოცნების" ყველა პრემიერს ჰქონდა - მასაც ჰგონია, რომ ქვეყნის მართვა იგივეა, რაც კომპანიის მართვა, თანაც მასაც, როგორც წინამორბედებს, სახელმწიფოს მართვის გამოცდილება არა აქვს.

ის მართავდა დიდ კომპანიებს და ძალიან ცოტა ხანს იყო ფინანსთა მინისტრი. არადა, სახელმწიფოსა და კომპანიის მართვის მექანიზმები აბსოლუტურად განსხვავებულია.

იმედია, სახელმწიფოს მართვა თეორიულად მაინც იცის და იცის ისიც, რომ მთავრობის რეორგანიზაცია უნდა ხდებოდეს იმ გამოწვევებისა და ფუნქციების გათვალისწინებით, რაც ქვეყანას აქვს და იმ ამოცანებისა და პრიორიტეტიდან გამომდინარე, რასაც მთავრობა დაისახავს. ვერ ვიტყვი, 9 სამინისტრო იქნება საქართველოსთვის ოპტიმალური, 11 თუ 14. წესით, ამისთვის არსებობს დიდი მათემატიკური გათვლები, არსებობს მოდელირების მეთოდები და ა.შ.

ბატონმა ბახტაძემ ბრძანა, რომ მისი რეფორმა 120 მილიონ ლარს შეუნარჩუნებს ქვეყანას, თუმცა აქვე გვესმის განცხადებები, რომ არავინ აპირებს ბიუროკრატიის მნიშვნელოვან შემცირებას, არადა, მთავრობაში ძირითადი ხარჯები სწორედ სახელფასო, სამივლინებო და სხვა ამგვარ ხარჯზე მოდის. თუ ის მექანიკურად აერთიანებს სამინისტროებს და ხალხსაც არ შეამცირებს, საიდან აპირებს 120 მილიონი ლარის მოტანას?..

მოკლედ, როგორ გაამართლებს ეს ცვლილებები, ამაზე ნაადრევია ლაპარაკი, მაგრამ ჩემთვის სრულიად მიუღებელია კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება, სპორტზე არაფერს ვამბობ, ის სამინისტროს გარეშეც შეიძლება არსებობდეს.

...

განათლება არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. კარგია, რომ პრემიერი პირველივე გამოსვლისას შეეხო ამ საკითხს, მაგრამ სამინისტროების ამგვარი შერწყმის ინიციატივა მაფიქრებინებს, რომ მაინცდამაინც კარგად ვერ აქვს გაანალიზებული ან ერთი სფეროს, ან მეორის არსი.

ამ ხელისუფლების კიდევ ერთი ყველაზე სუსტი წერტილი სამართალია - ის პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები, რომელთაც ვერ მიაქცია კვირიკაშვილმა ყურადღება და ყველაფერი თეა წულუკიანს გადაულოცა, ასევე უზენაესი სასამართლო და პროკურატურა.

- ჩვენში არაერთი ფიქრობს, რომ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება პრემიერი. თქვენი აზრით, მოახერხებს თუ არა ბახტაძე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას?

- ჩემი აზრით, ივანიშვილი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდა მაშინაც, როცა წავიდა პოლიტიკიდან და მონაწილეობს ახლაც, როგორც პარტიის ლიდერი, მაგრამ მეეჭვება, ერეოდეს რუტინულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც ბახტაძე სრულიად თავისუფალი იქნება. ჩემი აზრით, მას ექნება საშუალება თვითონ აარჩიოს კადრები მომავალ მთავრობაში. ვნახოთ, რას იზამს? წავა ძველი გზით და ისევ მხოლოდ პარტიული ნიშნით შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს, თუ გაბედავს, რომ მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი იყოს.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?

ნათია დოლიძე