კოკოითის განადგურებით ემუქრებიან!.. - კვირის პალიტრა

კოკოითის განადგურებით ემუქრებიან!..

არ არის გამორიცხული, კოკოითიმ გულიევი "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის” მუხლით გაასამართლოს

კოკოითის სიცოცხლეს საფრთხე ნამდვილად ემუქრება. საქართველოს სპეცსამსახურებს არ ვგულისხმობთ. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი, პირველ რიგში, თავის საველე მეთაურებს უნდა უფრთხოდეს.

საქმე ის არის, რომ ფაქტობრივად, უკვე დასრულდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის ლიკვიდაციის პროცესი. 2800-კაციანი შეიარაღებული ფორმირება რუსულმა მხარემ სააღლუმო რაზმამდე დაიყვანა. ე.წ. არმიაში მხოლოდ 300 ადამიანი დარჩება. კარგ დღეში არც ე.წ. შსს და ე.წ. უშიშროების თანამშრომლები არიან: ინტენსიურად მიმდინარეობს ამ სტრუქტურებში ოსი ეროვნების პირების რუსეთის შსს-სა და ეფ-ეს-ბეს ოფიცრებით ჩანაცვლების პროცესი.

ადგილობრივი რეალობიდან გამომდინარე, მამაკაცთა უმრავლესობა ან ე.წ. არმიაში, ან სხვა ძალოვან სტრუქტურებში არის დასაქმებული. მათ ავტომატის გამოყენების მეტი არაფერი იციან. შესაბამისად, ე.წ. არმიის “რეორგანიზაციის” შემდეგ, მათი ყველაზე რეალური პერსპექტივა ის არის, რომ წავიდნენ რუსეთში და ახალი ცხოვრება დაიწყონ.

ოსური წყაროების ცნობით, კოკოითი თავის საველე მეთაურებს ჰპირდებოდა, რომ ე.წ. არმიიდან დათხოვნილები ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ში და ცხინვალის #4 რუსულ ბაზაზე დასაქმდებოდნენ. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ კოკოითის ფორმირებების წევრების საკუთარ რიგებში ხილვა არც ჩრდილოეთ ოსეთის მილიციას და არც რუს სამხედროებს სურთ.

ადგილობრივების ცნობით, ერთ-ერთი საველე მეთაური ვადიმ გულიევი კოკოითის ფიზიკური განადგურებით პირდაპირ დაემუქრა. თუმცა, კოკოითიმ დაასწრო და ის 11 ივნისს თავის ე.წ. უშიშროების სამსახურს დააჭერინა. ამ დროისთვის გულიევი ცხინვალის ციხეში იმყოფება. არ არის გამორიცხული, კოკოითიმ ის “საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის” მუხლით გაასამართლოს.

10 ივლისს სოფელ ბაგიათში შეიკრიბნენ ე.წ. არმიიდან უკვე დათხოვილი  საველე მეთაურები. მათ შორის იყვნენ ძმები ქელეხსაევები (ქურთა-თამარაშენის გადაწვის ერთ-ერთი ორგანიზატორები), ანზორ ვალიევი (გამოირჩეოდა ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით), სერგეი ძუკაუთი (ცხინვალის ყოფილი კომენდანტი) და სხვები. შეხვედრას დაესწრნენ კოკოითის მოწინააღმდეგის, ბიზნესმენ ალბერტ ჯუსოითის წარმომადგენლები. ცნობისთვის:

ჯუსოითის ბანაკშია ე.წ. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ანატოლი ბარანკევიჩი, რომელიც ამ საველე მეთაურებს პირადად იცნობს და მათთან კარგი ურთიერთობა აქვს.

რა განაჩენი გამოუტანეს კოკოითის ამ შეხვედრაზე, უცნობია. ყოველ შემთხვევაში, ოსური წყაროების ცნობით, სწორედ 10 ივლისის შემდეგ გაძლიერდა კოკოითის დაცვა და ის მთლიანად ეფ-ეს-ბეს მიერ რეკომენდებული ხალხით დაკომპლექტდა.

თავის შეიარაღებულ ფორმირებებში უკმაყოფილების კიდევ უფრო მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, კოკოითი მორიგ ავანტიურაზე წავიდა. მან ე.წ. შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრების ვითომდა დასაქმების მიზნით, ორი ფონდი შექმნა: "პატრიოტი" და "აღორძინება".

ამ ფონდებმა, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის იდეით, კონკურსის წესით უნდა გამოავლინონ და დააფინანსონ ე.წ. არმიიდან დათხოვნილთა მიერ წარდგენილი  ბიზნესპროექტები.

წარმოიდგინეთ ოსი ბოევიკი, რომელიც ბიზნესპროექტს წერს. ამას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბიზნესკლიმატიც დაუმატეთ და ნათელი გახდება, რომ კოკოითის ამ ავანტიურამ, მაქსიმუმ 2 თვე მოაგებინოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკმაყოფილო საველე მეთაურებს თავად კოკოითის რეჟიმში ჰყავთ ბუნებრივი მოკავშირეები. ეს ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევია, რომელიც კოკოითიმ ცხინვალიდან მხოლოდ იმიტომ ვერ გააძევა, რომ მას პირადად ვლადიმირ პუტინი გამოესარჩლა.

გიორგი კვიტაშვილმა