ცხოვრებოვი ცხინვალში მოღალატედ გამოაცხადეს - კვირის პალიტრა

ცხოვრებოვი ცხინვალში მოღალატედ გამოაცხადეს

"ცხოვრებოვი პრორუსული ორიენტაციის წინააღმდეგია, მიაჩნია, რომ ეს ოსების განადგურებას გამოიწვევს"

გასულ კვირას ცხინვალში სასტიკად სცემეს ოპოზიციური პარტია "ირონის" ლიდერსა და აქტივისტს თემურ ცხოვრებოვს. მას აღენიშნება თითის მოტეხილობა, დანით მიყენებული კისრის ნაკვეთი ჭრილობა და ტვინის შერყევა. ცხოვრებოვის თქმით, მას ტელეფონზე დეპუტატმა პლიევმა დაურეკა და  მოკვლით დაემუქრა.

დაზარალებულმა 10 თავდამსხმელისგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის 3 დეპუტატი ამოიცნო - თავად კაზიმირ პლიევი, დმიტრი ვანეევი და ალანა ხასიევა. თავდასხმა ისაკის ქუჩაზე, მილიციელების თვალწინ მოხდა, რომლებიც ინციდენტს გულგრილად შესცქეროდნენ. ცხოვრებოვმა ახლახან მონაწილეობა მიიღო ჰოლანდიაში გამართულ ქართულ-ოსურ ფორუმში. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ფორუმის მონაწილეებს გამყიდველები უწოდა და შესაბამისი სანქციებით დაემუქრა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მეგობრობის ხიდი - ქართლოსის" ხელმძღვნელი მეგი ბიბილური მიიჩნევს, რომ ცხოვრებოვი ქართველებთან შეხვედრის გამო არ უცემიათ.

"ომის შემდეგ უკვე მეოთხედ გაიმართა შეხვედრა ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმისა. ჰოლანდიაში გამართულ ფორუმზე 8 წარმომადგენელი იყო ცხინვალიდან და 9 - თბილისიდან. მოვითხოვეთ, ცხინვალის ტერიტორიაზე აღდგენილიყო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობა.

ამჯერად ამ მისიით მხოლოდ წითელი ჯვარი სარგებლობს. საუბარი იყო კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებაზეც, ნათესაური ურთიერთობების აღდგენაზე, საძოვრების თავისუფლად გამოყენებაზე. ჩვენები საძოვრების გამო ხშირად ხვდებიან "საზღვარს" იქით, რისთვისაც აპატიმრებენ. ოსებს სურთ, ხელმისაწვდომი იყოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ვლადიკავკაზში კი არა, აქვე, გორში ან თბილისში.

- ოსების რამდენ პროცენტს სურს ომის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერად აღმართული კედლის დანგრევა?

- საქართველოში ყველაზე მეტი ქართულ-ოსური ოჯახია. ჩვენ რომ არაფერი ვიღონოთ, ხალხს ვერ გააჩერებ, რაღაც  გზებს გამონახავენ - ზოგი მეცხვარის სამოსს იცვამს საზღვარზე გადასასვლელად და შვილის  მოსანახულებლად, რას არ აკეთებენ სახიფათო გზების შემოსავლელად. მათ პოლიტიკური მოტივები არ ამოძრავებთ.

- თემურ ცხოვრებოვს რატომ დაესხა თავს კოკოითის ხელისუფლება?

- სამწუხაროდ, თემურ ცხოვრებოვის შესახებ ქართულ პრესასა და ტელევიზიაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. ცხოვრებოვი არ უცემიათ ქართველებთან შეხვედრის გამო. მის გარდა ჰოლანდიაში ცხინვალიდან კიდევ შვიდი კაცი იყო. ცხოვრებოვს სცემეს იმიტომ, რომ ის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელია, ჰყავს ბევრი მომხრე და აქვს ოპოზიციური გაზეთი, სადაც ხშირად აქვეყნებდა სტატიებს ცხინვალის მოსახლეობის პრობლემებზე. კოკოითის რეჟიმი საბაბს ეძებდა მისთვის დარტყმის მისაყენებლად.

ეს ფაქტი უფრო ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დასაშინებლად გამოიყენეს. თემური მანამდე რომ ეცემათ, მას კიდევ უფრო მეტი მომხრე ეყოლებოდა. ცხინვალში ბევრი ეწინააღმდეგება ქართველებთან მოლაპარაკებას და ჰოლანდიის შეხვედრა სწორედ იმიტომ გამოიყენეს, რომ ცხოვრებოვი მოღალატედ გამოეცხადებინათ, - აი, თქვენი თემურ ცხოვრებოვი ქართველებს ხვდება, რაღაცებზე უთანხმდება და თავს უქნევსო. თემურ ცხოვრებოვს კარგად ვიცნობ.

ის სეპარატისტია თავისი ცნობიერებით, ორივე შეიარაღებული დაპირისპირების დროს ქართველებს ებრძოდა, მაგრამ ის ხედავს არსებულ რეალურ პრობლემებს და ყოველთვის ეხმარება რიგით მოქალაქეებს. ხშირად კონფლიქტიც გვქონია მისი სეპარატისტული პოზიციების გამო.

ამჯერად საკმაოდ მძიმე  მდგომარეობა აქვს. მეგობრებმა ვლადიკავკაზში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, ჭრილობები და ტკივილი არაფერია მორალურ დარტყმასთან შედარებითო. განიცდის, რომ მოღალატედ გამოაცხადეს. ცხოვრებოვი პრორუსული ორიენტაციის წინააღმდეგია, მიაჩნია, რომ ეს ოსების განადგურებას გამოიწვევს. სრულ დამოუკიდებლობაზე ოცნებობს, თუმც არ ვიცი, როგორ წარმოუდგენია ეს.