"შემოდგომაზე სააკაშვილის სასარგებლოდ იმუშავებს ერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია" - კვირის პალიტრა

"შემოდგომაზე სააკაშვილის სასარგებლოდ იმუშავებს ერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია"

"ვითარება ისეთი იყო, 6 თვე კიდევ რომ ეცოცხლა ზურაბ ჟვანიას, უთუოდ დაატოვებინებდა სააკაშვილს პრეზიდენტის სკამსო", - მითხრა სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ, როდესაც ტელეეთერში განცხადებას მოჰკრა ყური ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ საგამოძიებო მასალების გამოქვეყნების თაობაზე. გულზე სტენტირების ჩატარების შემდეგ უპირველესად ბატონი ბადრი ბიწაძის ჯანმრთელობით დავინტერესდით:

- ბევრი სამწუხარო ფაქტი მოხდა, ბევრი ვინერვიულე და ამან დააჩნია კვალი ჩემს ჯანმრთელობას. საბედნიეროდ, ჩარევა დროული იყო და ახლა თავს კარგად ვგრძნობ.

- ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთში პრეზიდენტის ბაბუა თქვენს მეზობლად ცხოვრობდა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს ბავშვობიდან იცნობდით. როგორი იყო მაშინ?

- ცხრუკვეთი პატარა სოფელია და ჩვენი სახლები საკმაოდ ახლოს დგას ერთმანეთთან. მიშაზე 8 წლით უფროსი ვარ, წლინახევრის იყო, პირველად რომ ვნახე. ზაფხულში ხშირად ჩამოდიოდა ცხრუკვეთში. მე უკვე სტუდენტი ვიყავი, როდესაც მეშვიდეკლასელი მიშა  სოფელში დარბოდა. თამაშში გაბუტვა იცოდა. ერთხელ თბილისიდან ბურთი ჩამოიტანა, მისი ბაბუის სახლს ზემოთ მშვენიერი სტადიონი იყო. დადგა ორი გუნდი სათამაშოდ, მიშა ვერ თამაშობდა და რაკი არც ერთმა გუნდმა არ აირჩია, გაბრაზდა, წაართვა ბავშვებს ბურთი და შინ წაიღო.

KvirisPalitra.Geსააკაშვილს შადრევნებისა და "მაკდონალდსის" გახსნა ბავშვივით უხარია. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ობიექტის გახსნაზე  ჟურნალისტებს წასვლა აუკრძალა, სასაზღვრო პოლიციის სამმართველოების გახსნა იყო ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში - მიშამ ჟურნალისტები აეროპორტიდან მოაბრუნა. სააკაშვილმა ყველაფერი იკადრა ხელისუფლებაში მოსასვლელად და ასევე ყველაფერს იკადრებს ხელისუფლების შესანარჩუნებლადაც.

- რევოლუციურ ტრიუმვირატში დაპირისპირება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაჩნდა?

- რევოლუციამდეც იყო  სააკაშვილსა და ჟვანიას შორის კონკურენცია. მიუხედავად იმისა, რომ ნინო პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ის კონკურენტად არ მიაჩნდათ. თუმც ჟვანიაც და სააკაშვილიც მონდომებული იყვნენ, ნინო 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათი პარტიული სიის (მათ სხვადასხვა პარტია ჰქონდათ) პირველი ნომერი ყოფილიყო. ნინომ "ნაციონალური მოძრაობის" პირველნომრობაზე უარი თქვა, ჟვანიასთან ალიანსი არჩია და "ბურჯანაძე-დემოკრატების" სიას ჩაუდგა სათავეში. ამაზე ძალიან ბრაზობდა სააკაშვილი, რა უნდა  ჟვანიასთან, ჩვენ ფული და წარმატების მეტი შანსი გვაქვსო.

- ფული საიდან ჰქონდა?

- ძალიან ბევრი წყაროდან, როდესაც შევარდნაძის მინისტრი იყო, არაერთხელ უთქვამს, შევარდნაძეს რაც შეიძლება მეტი შეცდომა უნდა დავაშვებინოთ, უნდა ვაიძულოთ, წავიდეს, თორემ 20 წელი ვეღარ მოვალთ ხელისუფლებაშიო. ჩემთვის ნათქვამი აქვს, ტარიელ ონიანმა 2 მილიონი მომცაო.

ვკითხე, რისთვის, ფულს ტყუილად ხომ არ მოგცემდა-მეთქი, ერთი  პირობით მომცა, ხელისუფლებაში რომ მოვალ, რკინიგზის დეპარტამენტის უფროსად მაგის კაცი უნდა დავნიშნოო. მერე, აპირებ-მეთქი? არაო.

სააკაშვილი ძალიან ახლოს იყო შაქრო კალაშოვთანაც და ახლა მე მაცხადებს ქურდების მეგობრად. სააკაშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე რომ იყო, გუდაურში კაცი მომიგზავნა, იქნებ კალაშოვი გამაცნო, ჟვანიას ნუ ჩავუგდებთ ხელშიო. არ ვიცნობდი და როგორ გავაცნობდი? თუმც მაშინ ვიღაცებმა გააცნეს და Aმის მერე კალაშოვი და მიშა ძალიან ჩახუტებული იყვნენ, მეგობრობდნენ.

მერე რაღაც პირად საკითხზე მოუვიდათ განხეთქილება.

- ამას წინათ ავსტრიული პრესა წერდა, რომ ქართული ოპოზიცია მაფიის დახმარებით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას, რომ ამ საქმეში მონაწილეობდა შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი. კულუარებში ითქვა, რომ ეს თქვენ იყავით, თურმე თქვენი დაპატიმრებაც იგეგმებოდა.

- შეთხზული ბრალდებები არ გამოადგება სააკაშვილს. ბრალდების გასამყარებლად სატელეფონო საუბრის ჩანაწერი  მაინც უნდა ჰქონდეს, თუ სხვა საბუთი არა. ავსტრია არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და კოდუების შეკვეთას შეასრულებს და რაღაცებს შეთხზავს.

- თქვენც და ნინო ბურჯანაძეც აცხადებთ, რომ თქვენი ოჯახი იდევნება. რით გამოიხატა ეს?

- ყველაფრით. 5 ტელევიზია, რომელსაც სააკაშვილი აკონტროლებს, რას აღარ თხზავს ჩვენზე. ჩემი მეგობარი შალვა ბრეუსი რომელი ქურდია, რომ კრიმინალური სამყაროს წევრობა დააბრალეს?

ვინც ჩემთან მუშაობდა ან ახლობლობდა, სამსახურზე ვერც იოცნებებს. მათი ოჯახის წევრები დაითხოვეს სამსახურებიდან. ეუბნებიან, მაგათ არ გაეკაროთო. ჯერ არ მინდა გვარების დასახელება, მაგრამ, თუ ამ ადამიანებს ძალიან შეაწუხებენ, დავასახელებ.

ყველა ქვეყნის სასაზღვრო უწყებასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ყველგან პატივისცემით მხვდებიან. ჩვენს აეროპორტში კი ნერვებზე თამაშობენ, 15 წუთის განმავლობაში ამოწმებენ ჩემს პასპორტს. მესაზღვრესთან პრეტენზია არა მაქვს, მას დავალებული აქვს, 15 წუთი გამაჩეროს და რა ქნას საწყალმა?

ახლახან კიევიდან ჩამოვედი და აეროპორტში მომთხოვეს, პერანგი აიწიეო.

მეც ავიწიე და მივეცი საშუალება, დავეთვალიერებინე. როგორ ჰგონია ვანო მერაბიშვილს, თბილისის აეროპორტში ჯიბით შემოვიტან ფულს? ნინო მიუნხენიდან მოფრინავდა და ასევე გაჩხრიკეს, მერე ყველაფერი გერმანელებს დააბრალეს. რამე რომ არ ჩამიდონ, ბარგსაც არ ვაბარებ, მაგრამ ამას წინათ მიუნხენის რეისით მგზავრობისას ბარგი მქონდა. პოლიციასთან მივედი, იქნებ დამატებით გაჩხრიკოთ და წერილობითი დოკუმენტი მომცეთ, რომ ბარგი გაჩხრეკილია-მეთქი. გაოგნდნენ, მაგრამ შეასრულეს ჩემი თხოვნა.

- ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ სააკაშვილს ეშინია?

- მიშა ძალიან  მშიშარაა. ამაში დავრწმუნდი 2003 წელს, რევოლუციის დროს, და 2007 წლის ნოემბერში. 2003 წლის ნოემბერში ჯავშანჟილეტს არ იხდიდა. არც პარლამენტში შესვლას აპირებდა 22 ნოემბერს, მაგრამ "ახალი მემარჯვენეების" პარლამენტში მისვლის მერე, რაკი კვორუმი შედგა, სპონტანურად გადაწყდა პარლამენტში შესვლა.

მიშა პარლამენტში რომ შედიოდა, კისერმოქცეული სულ უკან იხედებოდა, ნინოც მოდის თუ არაო. ერთი ნინო გაჩერებულიყო, Mშანსი არ იყო, მიშა პარლამენტში აღარ შევიდოდა. მაშინ შევარდნაძის დაცვამ ითხოვა, ზედა კარი გაგვითავისუფლეთ, პრეზიდენტი გაგვყავსო. გავაფრთხილე, რაც უნდა მოხდეს, არ გაისროლოთ-მეთქი. ხალხს ვაკავებდი, რომ დერეფანი გაგვეკეთებინა. ამაზე მიშას უთხრეს, ბიწაძე ხალხს აკავებდა და პარლამენტში არ უშვებდაო. Aარადა შევარდნაძე უსაფრთხოდ რომ არ გასულიყო და ერთი ტყვია გავარდნილიყო, ათი და ოცი კი არა, ბევრი დაიღუპებოდა.

მიშას შიშებზე ლაპარაკს მთელი გაზეთი არ ეყოფა, მაგრამ 2007 წლის დარბევას გავიხსენებ. 2007 წლის 6 ნოემბერს, გვიან საღამოს, კანცელარიაში ყველა შევთანხმდით, რომ მომიტინგეებს არ დავარბევდით.

ვანო მერაბიშვილი ამბობდა, შიმშილობა მთავრდება, აქციაზე ხალხი შეთხელდა. მალე დაიშლებიან და რატომ უნდა დავარბიოთო. ერთადერთი სააკაშვილი ითხოვდა დაჟინებით, აქცია დავშალოთ, აბა, ეს ხალხი თავისით რომ დაიშალოს, გამოდის, ვერ ვაჩვენეთ, სახელმწიფო რომ ვართო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2-3 დღე კიდევ დაგვეცლია მომიტინგეებისათვის. ასე დავიშალეთ, მაგრამ, როგორც წესი, ბოკერია, მერაბიშვილი და ადეიშვილი 3-4 საათამდე რჩებოდნენ მიშასთან. ვინ დარჩა იმ ღამეს და ვისთან საუბრის მერე გადაწყვიტა აქციის დაშლა სააკაშვილმა, არ ვიცი. დილით შევიტყვე, რაც მოხდა.

- თუ სააკაშვილი მშიშარაა, რით ინარჩუნებს ძალაუფლებას?

- ეს ხელისუფლება კარგად იცნობს ხალხის ფსიქოლოგიას და ვირტუალურ რეალობაში აცხოვრებს საზოგადოებას.

განმუხურში სააკაშვილის "გმირობა" გავიხსენოთ. ესეც სპექტაკლი იყო, რომელშიც ფული გადაიხადა სააკაშვილთან დაახლოებულმა, ადრე რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, რომლის ძმაც დღეს პარლამენტარია. ეს უტყუარი ინფორმაციაა, ალბათ, დამეჯერება, ბოლოს და ბოლოს, ვანოს მოადგილე ვიყავი.

გარდა ტელევიზიებისა, სააკაშვილის ძალაუფლება დგას იმ დახმარებაზე, რომელიც დასავლეთიდან შემოდის. ამ ფინანსური საშუალებებით იკეთებს პიარს.

KvirisPalitra.Geერთ დროს ვანოც იყო სააკაშვილის საყრდენი, მაგრამ ახლა აღარ არის. სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილს მისცა მთელი ძალაუფლება და დღეს ყველაფრის განმკარგავი და ფაქტობრივი პრეზიდენტი არის ვანო. სააკაშვილს უკვე აღარაფრის შეცვლა აღარ შეუძლია.

როგორც ვანო გადაწყვეტს, ყველაფერი ისე იქნება. არა მარტო მთავრობასა და საკადრო გადაწყვეტილებებს, საპარლამენტო უმრავლესობასაც ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს. სატელევიზიო გამოსვლა თუ კომენტარი ვანოს მეთვალყურეობით კეთდება.

ბრმა ნაწლავის ოპერაცია რომ დასჭირდეს ვინმეს უმრავლესობაში, ისიც ვანოსთან უნდა შეთანხმდეს.

სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი ფაქტობრივად მოგვარებული იყო, მხოლოდ ჩვენი ნება იყო საჭირო და ეს საკითხი გადაწყდებოდა, რომ არა სააკაშვილის წამოწყებული ავანტიურა.

მამისონის უღელტეხილზე სააკაშვილის ხელისუფლებამ ააფეთქა ხიდი, რომელიც გერმანიასთან ომის დროს არ აუფეთქებიათ, როცა ჰიტლერს მამისონის უღელტეხილით უნდოდა საქართველოში შემოსვლა.

მამისონზე ჩვენი მესაზღვრეები მეტეოსადგურთან იდგნენ. ომის მერე მეტეოსადგური რუსმა მესაზღვრეებმა დაიკავეს. საქართველო-რუსეთის საზღვარზე, იქ, სადაც ჩვენი მესაზღვრეები იდგნენ, ახლა რუსები დგანან. ჩვენი საგუშაგოები კავკასიონის კალთების ქვემოთ არის ჩამოწეული.

მაგალითად, დარიალში 2 კილომეტრით დავიწიეთ უკან. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, ქართველი მესაზღვრეები აღარ დგანან და ასევეა ბევრგან. დღეს საზღვარს იცავენ მხოლოდ აეროპორტებში, წითელ ხიდსა და სადახლოზე, რათა აკონტროლონ, როდის გავლენ ან შემოვლენ ოპოზიციის წარმომადგენლები და არაფერი  შემოიტანონ.

- აგვისტოს ომის დროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ბრძანდებოდით და იქნებ გვითხრათ, რომელმა მოხელეებმა დატოვეს საქართველო ომის დღეებში?

- ომის დროს პარლამენტის სპიკერმა და ვიცე-სპიკერებმა საქართველო დატოვეს. ლაგოდეხთან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არის სპორტული კომპლექსი და იქ იყვნენ. მინისტრები ერთმანეთს ასწრებდნენ სადახლოსა და წითელ ხიდზე. 11 აგვისტოს სააკაშვილი მარტო დარჩა თავის კაბინეტში. გვერდით არავინ ჰყავდა და მისი მაშინდელი შიში კარგად აისახა მოდელირებულ "ქრონიკაში", რომელიც "იმედმა" გაუშვა.

სააკაშვილს თანაგუნდელებზე ბევრი გაუკეთა ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ. მაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე სააკაშვილის სასარგებლოდ იმუშავებს ერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომელსაც რამდენიმე მილიონი გადაუხადეს. ამ პოლიტიკური ძალის სახეს ყველა 15 დეკემბერს დაინახავს. სააკაშვილს სწორედ ამ დრომდე უნდა ხელისუფლების შენარჩუნება. მერე ახალი წელი მოვა, გაზაფხულზე კი იტყვიან, საპარლამენტო არჩევნები მოგვადგა კარს და არჩევნებით შევცვალოთ ხელისუფლებაო.

ეს ოპოზიციური ძალა ეცდება ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე და არა სააკაშვილის წასვლაზე, მაგრამ არ უნდა მივცეთ საშუალება სააკაშვილის სასარგებლოდ იმუშაოს. ასეთი ოპოზიციონერები ბევრად საშიში არიან, ვიდრე ბოკერია და თარგამაძე.