სამთავრობო ცვლილებებში "გაჭედილი" "ქართული ოცნება" - ვინ რჩება, ვის უშვებენ და ვის ეპატიჟებიან?! - კვირის პალიტრა

სამთავრობო ცვლილებებში "გაჭედილი" "ქართული ოცნება" - ვინ რჩება, ვის უშვებენ და ვის ეპატიჟებიან?!

26 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ბახტაძის განცხადებითვე, მთავრობაში ახალი სახეების მოწვევასთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია, თუმცა, როგორც ჩვენი წყაროები "ქართული ოცნებიდან" ამბობენ, 3 მინისტრის გარდა, დანარჩენის ბედი სრულიად გაურკვეველია.

გიორგი გახარია, დავით სერგეენკო და მაია ცქიტიშვილი - ამ პოლიტიკოსებს განახლებულ მინისტრთა კაბინეტში აუცილებლად ვიხილავთ, დანარჩენი თანამდებობები კი ჯერჯერობით შიდა გარჩევის თემად რჩება.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება სოზარ სუბარი. კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა მას მინისტრთა კაბინეტში, სუბარმა გადაჭრით უპასუხა, რომ - არა. ის ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატად მის დასახელებას აპირებს. ერთ-ერთი ინფორმაციით, მან შეიძლება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი დაიკავოს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი ძალა მართლაც წარადგენს მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძეს.

საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პოზიციაზე ყველაზე საუკეთესო კანდიდატი კახა კახიშვილი იქნება, თუ მას არ ჩააბარებენ იუსტიციის მინისტრის პოსტს.

დიდი ალბათობით, გაერთიანებული იუსტიციის მინისტრობას კვლავაც გეგმავს თეა წულუკიანი, თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღიათ.

ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ "კვირის პალიტრასთან" განაცხადა: - ჩემი აზრით, იმ ჩავარდნილი რეფორმების შემდეგ, რაც წულუკიანს მიეწერება, ის აქამდეც უნდა წასულიყო. დღეს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება დატოვონ, ისევ და ისევ მის მიმართ გამოთქმული პროტესტია. ხომ იცით, რაც მეტად ითხოვენ რაღაცას, მით მეტად ჯიუტდება ადამიანი. ეს ვრცელდება პარტიაზეც. იმისთვის, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური, გამოსავალია, რომ წულუკიანი გადაიყვანონ პოლიტიკურად კვლავაც მაღალ თანამდებობაზე, მაგალითად, პარტიაში მისცენ მაღალი პოსტი, რაც არანაკლებ საპასუხისმგებლო იქნება. ჩემი აზრითაც, ის უნდა წავიდეს, მით უფრო, რომ ამ პოზიციაზე შესანიშნავი კანდიდატურა ჰყავს "ქართულ ოცნებას".

- ალბათ, გულისხმობთ კახი კახიშვილს, რომელსაც თითქოს მთავარ პროკურორობასაც კი უწინასწარმეტყველებენ... ზოგიერთმა კახიშვილის წინააღმდეგ შავ პიარადაც კი აღიქვა "ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და სახალხო დამცველის ანგარიში, რომელშიც ლაპარაკია, რომ ქალთა პენიტენციარულ დაწესებულებაში შემოწმებისას გაშიშვლების პრაქტიკა კვლავაც გრძელდება, რის შემდეგაც პატიმარმა ქალებმა საპროტესტო წერილი შეადგინეს, რომელსაც 150-მდე მსჯავრდადებული აწერს ხელს. ისინი ანგარიშის ავტორებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 109 პატიმარმა შიმშილობაც კი დაიწყო.

- (იცინის) ისტორიაში პატიმრების მსგავსი უპრეცედენტო პროტესტის სხვა მაგალითის მოძებნა, ალბათ, ძალიან რთული იქნება - მინისტრის დასაცავად პატიმრების შიმშილი. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ყოველთვის იყო და არის, როდესაც ერთი გუნდის წევრებს შორის კონკურენცია და დაპირისპირება ზღვარს გადადის. ადამიანი ყველგან ადამიანია, შესაბამისად, არც შური და არც ინტრიგების ხლართვა არ არის გასაკვირი.

აქ მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს გადაწყვეტილების მიმღები რამდენიმე პირი, რომლებზეც არის ყველაფერი დამოკიდებული. ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ძლიერ ლიდერებსაც კი გარემოცვა ხშირად დათვურ სამსახურს უწევდა, იმის შიშით, რომ მათი კომფორტი არ დანგრეულიყო, ალყაში აქცევდნენ ლიდერებს, საზოგადოებისგან იზოლაციას უკეთებდნენ. არაერთი ლიდერი გამხდარა გარემოცვის მსხვერპლი.

დღეს, როგორც არასდროს, "ქართულ ოცნებას" სჭირდება ახალი ხალხი, სჭირდება კახიშვილის მსგავსი რეფორმატორები და იმედია, პარტიის ლიდერები ამას ხვდებიან". იხილეთ სრულად

რაც შეეხება მთავარი პროკურორობის კანდიდატებს, ამ დროის მონაცემებით, მთავარი პროკურორობისთვის 15 კანდიდატი იბრძვის. დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

გარდა ამ კანდიდატებისა, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში წარდგენილნი არიან: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, ედიშერ ფუტკარაძე, ნინო გოგნიაშვილი და გიორგი შაშიაშვილი.

გავრცლებული ინფორმაციით, მმართველი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის სიმპათიას მათთან დაახლოებული შალვა თადუმაძე იმსახურებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ოფიციალურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა.

აქვე შეგახსენებთ, რომ AMBEBI.GE-მ და kvirispalitra.ge-მ საიტზე გამოკითხვა ჩაატარეს, რომელი მინისტრები იმსახურებენ მკითხველის სიმპათიას და ანტიპათიას. გამოკითხვაში მონაწილეობა 6 000-ზე მეტმა მკითხველმა მიიღო.

კითხვაზე - იმ მინისტრებიდან, რომლებმაც ამ ეტაპზე პოსტი შეინარჩუნეს, ყველაზე მეტად რომელი იმსახურებს თქვენს ანტიპათიას? - პასუხი 6 400-მა მკითხველმა გასცა და მათ უმრავლესობას, 44%-ს მინისტრთა ახალ კაბინეტში თეა წულუკიანის ხილვა არ მოსწონს. (იხილეთ გამოკითხვის შედეგები)

ჩვენი წყაროების ინფორმაციით, ყველაზე რთული სიტუაცია ეკონომიკური გუნდის შერჩევაშია. ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსთა მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, აშშ-ში მცხოვრები დავით ამაღლობელი დაიკავებდა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ამაღლობელმა მთავრობას უარი შემოუთვალა.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის პოსტს, ჩვენი ინფორმაციით, ეს თანამდებობა ბრიტანეთში მოღვაწე ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ირაკლი მანაგაძეს შესთავაზეს. ჩვენი წყაროს თქმით, მანაგაძესთან მოლაპარაკებაც სავარუდოდ, მისი უარით დასრულდა.

კიდევ ერთი კანდიდატურა, რომელიც ეკომონიკის მინისტრის პოსტზე განიხილება, გიორგი ქობულიაა. 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზის" (McKinsey) გუნდის წევრია და დღეს უფროსი პარტნიორის რანგშია McKinsey-ის მოსკოვის ოფისში, სადაც საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიას უწევს კონსულტირებას.

იხილეთ ასევე: მამამთილი მიშას ფიქრები, კახიშვილი, როგორც მესი და "ჩამოწერილი" წულუკიანი ისევ მთავრობაში

(სპეციალურად საიტისთვის)