"რატომ ვიქცევით ველურებივით?" - კვირის პალიტრა

"რატომ ვიქცევით ველურებივით?"

მე მინდა ავლაბრის რეზიდენციასთან ვნახო საქართველოში მცხოვრები ზანგების საპროტესტო აქცია. უკვე იმდენი კი არიან, რომ ერთი კარგი მიტინგი გამართონ. "ჩვენ, თბილისში მცხოვრები ზანგები, მოვითხოვთ, გადადგეს მიხეილ სააკაშვილი, მან ყველა ჭეშმარიტ შავკანიანს მიაყენა შეურაცხყოფა.

იგი ყველა სიკეთესთან ერთად რასისტიც ყოფილა". მათ მხარს აუბამს ოპოზიცია: "დღეს ჩვენ, ყველანი, ზანგები ვართ!" ა, იქნებ ეს არის ის თემა, რომელიც მთელ საქართველოს ქუჩაში გამოიყვანს? ჩვენ ხომ არასდროს გვიბრძოლია ზანგების უფლებების დასაცავად? არადა, დროა, მაგრამ ვის შევებრძოლებოდით? აქამდე ხომ საკუთარი რასისტიც არ გვყავდა და აი, გამოჩნდა პირველი. ვის დაუთმობდა სააკაშვილი პირველობას? - არავის. ეს მას არ სჩვევია. თუ ვინმეს უნდა დასდონ ბრალი რასისტობაში, დაე, ეს თავად იყოს.

სწორედ ამიტომაც თქვა პირდაპირ ეთერში: "ჩვენ ზანგები ვართ? რატომ ვიქცევით ველურებივით". ახლა გამოვა ქართველი პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება ქუჩაში და მთელი მსოფლიოც იტყვის, ქართველები რა ცივილიზებული ხალხი ყოფილა, რასიზმს ებრძვიანო.

ესეც ხომ საქართველოს რეკლამა იქნება? აი, რისთვის გადადო თავი ბატონმა პრეზიდენტმა. თქვენ კიდევ გგონიათ, წამოსცდა, როგორც ხშირად ემართება ხოლმე. არა, ბატონებო, ეს ის შემთხვევა არ არის. თუმცა ყველა ფორმალობა დაცული უნდა იყოს, ამიტომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყველაფერი უარყო და განაცხადა: სააკაშვილს რასისტული არაფერი უთქვამს, მხოლოდ ქართულ  ენაში დამკვიდრებული იდიომატური გამოთქმა გამოიყენაო. ალბათ, ისევ ფორმალობის ნაწილია, რომ პრეზიდენტს ამ ამბავში დამცველებიც გამოუჩნდნენ.

მაგალითად, პროფესორი ნოდარ ლადარია, რომელმაც ყველაფერი ქართველი ჟურნალისტების გაუნათლებლობას დააბრალა და განაცხადა, კონტექსტს ვერ ხვდებიან, სიტყვა "ზანგი" ასახავს ისტორიულ რეალობას, რომელიც იმ ავადსახსენებელ პერიოდში იყოო. ქართველ ჟურნალისტებს ჩვენი გაგვჭირვებია, ბატონო ნოდარ, შეიძლება ბევრ რამეში ვერ ვერკვევით, მაგრამ სააკაშვილის გამოთქმების საკითხში უკვე დოქტორებიც კი ვართ. რა თქმა უნდა, თავისთავად სიტყვა "ზანგი" ქართულ ენაში იმავე დატვირთვის სულაც არ არის, რა დატვირთვაც ინგლისურში სიტყვა "ნიგროუს" აქვს (ამიტომ მეც თამამად ვიყენებ), მაგრამ როგორც თქვენ ბრძანებთ, მთავარი კონტექსტია.

რა ვუყოთ სიტყვას "ველურები"? ყველაფერი კარგად იქნებოდა, პრეზიდენტს იქვე სიტყვა "ველურებიც" რომ არ გამოეყენებინა. პრეზიდენტის ეს ფრაზა ორგვარად შეიძლება გავიგოთ: პირველი, ისე როგორც უმეტესობამ გაიგო, ანუ მან ზანგები და ველურები ერთმანეთთან გააიგივა, და მეორე, როგორც პრეზიდენტის მომხრეებმა გაიგეს, ანუ პრეზიდენტმა თქვა, - ჩვენი ხალხი ზანგი ხომ არაა, საბაჟოს თანამშრომლები მათთან ველურებივით რომ იქცევიანო.

ახლა ჩვენ სად ვიმარჩიელოთ, რა იგულისხმა ბატონმა პრეზიდენტმა? ან რატომ გვიხდის საქმეს სამარჩიელოდ? არ სჯობია, თავადვე დაუკვირდეს ყველა სიტყვას, ვიდრე იტყვის? მაგრამ რა ვქნათ, რომ პრეზიდენტს თურმე ქართული იდიომატური გამოთქმების გამოყენება ჰყვარებია. ქართული იდიომატური გამოთქმების სიყვარულში ცუდი არაფერია, უბრალოდ, გამოთქმებს გააჩნია. მაგალითად, ქართული იდიომატური გამოთქმაა: "შე ჩემის თვრამეტიანო" (რას ნიშნავს, დღემდე არ ვიცი). მოდი, გამოვიცნოთ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე რომელ მინისტრს შეიძლება მიმართოს სააკაშვილმა ამ სიტყვებით.

პ.ს. ნაწყვეტი ავლაბრის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი ხუმარა შავკანიანის გამოსვლიდან: "ჩვენთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვა "ზანგის" გამოყენება კი არ არის, არც ის, ველურებთან რომ გაგვაიგივეს, მთავარი შეურაცხყოფა ის არის, საქართველოს ხელისუფლების წევრებს რომ შეგვადარეს". ესეც თქვენ!

კვირის ფრაზა

"საფრანგეთში ხართ ნამყოფი, ინგლისში ხართ ნამყოფი? გაუხსნიათ თქვენი ჩანთა? ჩვენ ზანგები ვართ თუ რა, რატომ ვიქცევით ველურებივით?"

უქნარა ოპოზიცია

შეიძლება ვინმემ მისაყვედუროს, რას გადაეკიდე ამ სააკაშვილს, ყოველ კვირას რომ რაღაცას გამოუჩხრიკავო. დავიწყოთ იქიდან, რომ მე კი არა, თავად ის გადამეკიდა. ზაფხულშიც კი არ ისვენებს და ყოველდღე ისეთ რაღაცებს ამბობს, რომ არ დაწერო, უთავმოყვარეო ჟურნალისტი იქნები. ესეც რომ არა, სხვაზე ვისზე დავწერო? ოპოზიციაზე, რომელიც შემთხვევით დაღვრილი ეთილის სპირტივით აორთქლდა? რომელიც არავინ იცის, სად არის, - გაიპარა თუ დაიმალა? ან იქნებ დაიღალა? არჩევნებს იმდენი ძალა შეალია, რომ კარგი დასვენება სჭირდება.

კი მაგრამ, ეს სააკაშვილი რატომ არ იღლება, ამ შუა ზაფხულში მეორე სუნთქვა რომ გაეხსნა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, 2012 წლის საარჩევნო კამპანია უკვე გახსნილად გამოაცხადა? გასაგებია, რომ ოპოზიციას არჩევნები ნახევარი ძალით მოუგო და დიდი ენერგია არ დაუხარჯავს. გასაგებია, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით ძალის აღსადგენად უკეთესი პირობები აქვს, მაგრამ სულ ასე ჩირგვებში შეძრომა გაგონილა?

ბოლო ორი კვირაა, ქვეყანას ოპოზიცია თუ ჰყავს, კაცი ვერ გაიგებს. ზაფხულში პოლიტიკური სეზონი არ არის და, ალბათ, შემოდგომას ელოდებიან, მაგრამ სააკაშვილისთვის რატომ არის სულ პოლიტიკური სეზონი? ის კი არა, აგერ, გიგი უგულავამ ისევ დაიწყო სხვადასხვა საწარმოში სიარული და საჩვენებელი მუშაობა. წინადღეს თვალი მოვკარი, რაღაცას ღებავდა. კი, ზაფხულია და ყველას დასვენება სჭირდება, მაგრამ, როდესაც ხელისუფლება ასე აქტიურობს, შენც რაღაცით ხომ უნდა უპასუხო? თუნდაც პრესკონფერენცია გამართე და გააკრიტიკე.

ხალხს აჩვენე, რომ შენც არსებობ და არა მარტო ერთი პოლიტიკური ძალა. მერე იტყვიან, სააკაშვილი უსამართლოდ გვჯობნისო. არა, ბატონებო, ძალიანაც სამართლიანად გჯობნით. ენერგიით გჯობნით, დაუდგრომლობით გჯობნით, მას შეუძლია შექმნას შთაბეჭდილება, რომ მუდამ მუშაობს, მუდამ რაღაცას აკეთებს, თქვენ კი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომ მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის ამარა  ხართ.  ელოდებით, როდის დაუშვებს ხელისუფლება ისეთ შეცდომას, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, ამის იქით ვეღარ წახვედით. და რომ აღარ დაუშვას, მერე?

ავიღოთ თუნდაც კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც სააკაშვილს საშუალებას აძლევს სამუდამოდ დარჩეს ქვეყნის მმართველად. განა ეს არ არის საკმარისი მიზეზი აქტიურობისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ თქვენს საყვარელ ქუჩაში გამოხვიდეთ?

კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვა უკვე დაიწყო, კომისია მუშაობს და სულაც არ ელოდება შემოდგომას. განა ასეთი კონსტიტუციის განხილვა საპროტესტო აქციების თანხლებით არ უნდა მიმდინარეობდეს? განა ისეთი შთაბეჭდილება უნდა იქმნებოდეს, რომ არაფერი ხდება? ამაზე ჩვენი ძვირფასი ოპოზიციონერები, ალბათ, მეტყვიან, - ამ გადახურებულ აგვისტოში აქციებზე ვინ მოვაო. რა მნიშვნელობა აქვს რაოდენობას? ხუთი კაციც რომ მოვიდეს და პროტესტი გამოხატოს, უკვე აქციაა.

თუ იმას ფიქრობთ, რომ აქციის გამართვას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ასი ათასი კაცი გამოდის, ძალიან ცდებით. ან თუ ფიქრობთ, რომ აქცია მხოლოდ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით უნდა გაიმართოს, აქაც შემცდარი ბრძანდებით. სააკაშვილის გადადგომა ყველაზე სულელური მოთხოვნაა. აქციები სწორედ კონკრეტულ საკითხებზე უნდა გაიმართოს. ვერც ქართველი და ვერც საერთაშორისო საზოგადოება ვერ ხედავს, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტს ვინმე ეწინააღმდეგება, ყველაფერი მშვიდად და წყნარად მიდის. რატომ? იმიტომ, რომ ოპოზიცია ისვენებს, პოლიტიკურ სეზონს ელოდება.

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

მე რა მენაღვლება, სააკაშვილის წყალობით თემები არ მომაკლდება.