"ვენის ტყის ზღაპრები" - კვირის პალიტრა

"ვენის ტყის ზღაპრები"

ანუ ქართველ მაღალჩინოსანთა ზღაპრული მოგზაურობა ავსტრიის დედაქალაქში

როდესაც რედაქციიდან დამირეკეს და მითხრეს, თბილისის მერის, გიგი უგულავას მეუღლემ, ლელა კილაძემ ვენაში იმშობიარაო, მივხვდი, ის სამედიცინო დაწესებულება უნდა მომეძებნა და დამედგინა, რა დაუჯდა თბილისის თავკაცს ვაჟის დაბადება. მართალი გითხრათ, გამიკვირდა, ბატონმა გიგიმ მეუღლე ვენაში რომ ჩამოიყვანა. ქართულ სატელევიზიო არხებს რომ ვუყურებ, სულ გაიძახიან, რომ წინ მივდივართ, რომ საქართველოში მედიცინის დონე უმაღლეს დონეზეა და... რა ვიცი, ავსტრიაში მეუღლის მოსამშობიარებლად ჩამოყვანა ხარჯი არ არის?..

დავიწყე სამშობიაროს ძებნა და იმასაც მივხვდი, რომ გიგი უგულავა რომელიმე სასტუმროში იქნებოდა დაბინავებული. რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, ძვირად ღირებული სასტუმროები გადავამოწმე. ბევრი ძებნა არ დამჭირვებია, თბილისის მერი სასტუმრო შაცჰერ-ში ვიპოვე... პირველ რიგში, თვალში მეცა ის, რომ სასტუმროს შესასვლელის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებდა.

ვიფიქრე, მარტო გიგი უგულავას ხათრით დროშა როგორ გამოჰკიდეს-მეთქი და მოპირდაპირე მხარეს კაფეში დავჯექი ფოტოაპარატმომარჯვებული. სამსაათიანი ლოდინის შემდეგ სასტუმროსთან ძვირად ღირებული ავტომობილების კოლონა გაჩერდა და მანქანებიდან ცნობილი ქართველები გადმოვიდნენ. ისინი ხმაურობდნენ და ზუსტად ისე იქცეოდნენ, როგორც საქართველოში. სასტუმრო შაცჰერ-ის წინ მდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ქართველთაგან ბევრი ვიცანი.

KvirisPalitra.Geმაგალითად, სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძე, რომელიც ჯერ შევარდნაძის გუნდში იყო, მერე - ჟვანიასთან, სააკაშვილთან და აგერ, ახლა ვენაში გიგისთან არის; აშშ-ში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია; სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად კრიმინალური პოლიციის შეფი ერეკლე კოდუა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი. ამას რაღა უნდა, ნეტავ, "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის წამყვან გვანცა დარასელიას?!

ერეკლე კოდუას ჟესტებზე და დგომაზეც ეტყობოდა, ვინ იყო იქ უფროსი... გიგი წერეთელი ყველას უღიმოდა. აი ის, თავდაპირველად მძღოლი რომ მეგონა, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი აღმოჩნდა - უგულავას და ერეკლე კოდუას ავტომობილის კარს უღებდა და თვალებში შესციცინებდა... გია ბარამიძე დონ კორლეონესავით გამოიყურებოდა - ქოლგითა და სათვალით ისე მოძრაობდა, მარლონ ბრანდოსაც შეშურდებოდა... აი, დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკა მემანიშვილიც, როგორ გამხდარა?!

როგორც შევიტყვეთ, ბატონი გიგის მეუღლემ კერძო კლინიკაში იმშობიარა, სადაც 5-დღიანი მკურნალობა 2.890 ევრო ღირს, ამას ემატება ექიმის ჰონორარი - 1.500 ევრო და თუ მშობიარეს პალატაში მარტო ყოფნა სურს, დღეში დამატებით 150 ევრო უნდა გადაიხადოს. ანუ, თბილისის მერს მემკვიდრის დაბადება, სულ მცირე, 5.140 ევრო დაუჯდებოდა (ეს მგზავრობის, კვებისა  და წვრილმანი ხარჯების ჩაუთვლელად). რაც შეეხება სასტუმროს, ქართველებს შაცჰერ-ში 310-ე, 315-ე, 715-ე და 717-ე ნომრები ჰქონდათ დაქირავებული.

ყველაზე ძვირი, ლუქს-ნომერი (#717) გიგი უგულავას ეკავა და ეს სიამოვნება დღეში 1.180 ევრო უჯდებოდა. სხვა ნომრებში ყოფნა კი 750 ევრო ღირდა.

სხვათა შორის, როგორც სასტუმროში გვითხრეს, ზემოაღნიშნული ნომრები ბატონი გიგი უგულავას სახელით იყო დაქირავებული...

სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" ავსტრიიდან  ლევან ხვედელიძე

"ყველა სიახლე" #30