რისი აშენება იგეგმება მეიდანზე?! - კვირის პალიტრა

რისი აშენება იგეგმება მეიდანზე?!

საპარკინგე ადგილის ნაკლებობა ქრონიკულ პრობლემად იქცა თბილისისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მერი დედაქალაქში ქუჩების ტრანსპორტისგან განტვირთვასა და საპარკინგე ადგილის გაფართოების პირობას დებს, რეალობა უფრო მძიმდება - მოქალაქეების დიდი ნაწილის დილა საპარკინგე ადგილის მოძიებაზე ფიქრით იწყება. ცალკე პრობლემაა ავტომობილებით გადატვირთული ტროტუარები.

ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისის მერიამ 210 ტროტუარზე პარკირების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო და კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდებოდა ინვესტორი კომპანიების მოსაზიდად მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი პარკირების ადგილების ასაშენებლად. მას შემდეგ დედაქალაქმა ახალი ხელმძღვანელობა აირჩია, თუმცა პრობლემა პრობლემად დარჩა - ინვესტორი ისევ მოსაზიდია.

მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძის უწყებამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა ტენდერი კერძო სექტორის დასაინტერესებლად და მიწისქვეშა საპარკინგე სივრცის მოსაწყობად ინვესტორებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესთავაზა ადგილები დედაქალაქში, კონკურსში არც ერთმა ინვესტორმა არ მიიღო მონაწილეობა - ტენდერი ჩავარდა.

ქალაქში, სადაც მანქანების რაოდენობამ 400 ათასს დიდი ხანია გადააჭარბა, პარკირების ადგილები დასწრებაზე და ე.წ. სტაიანშჩიკების ნებაზეა დამოკიდებული.

არ არის გამორიცხული, თბილისში საპარკინგე ადგილები კიდევ უფრო შემცირდეს. კულუარული ინფორმაციით, ძველი თბილისის ტერიტორიაზე, კერძოდ, მეიდანზე არსებული პარკინგის ხელშემწყობი ზონა, რომელიც ყოველდღიურად რამდენიმე ასეულ მანქანას ემსახურება (მძღოლი ტოვებს ტერიტორიაზე მანქანას და კომპანია "ვალეტ პარკინგის" თანამშრომლებს ავტომობილი გადაჰყავთ მიწისქვეშა პარკინგზე), უქმდება და მის ნაცვლად კვების ობიექტის აშენება იგეგმება.

ბუნებრივია, ინფორმაციის გადამოწმება მერიაში ვცადეთ და მერიის ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი თავართქილაძეს დავუკავშირდით:

- ბატონო ირაკლი, ადასტურებთ ინფორმაციას, რომ მეიდანზე პარკინგის ხელშემწყობი ზონის გაუქმება იგეგმება და ამ ტერიტორიაზე ახალი კვების ობიექტი უნდა აშენდეს? - კვების ობიექტის მშენებლობაზე არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ამ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა იგეგმება, რომლითაც როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ტურისტები უფასოდ ისარგებლებენ.

- რას გულისხმობთ საზოგადოებრივი სივრცის მოწყობაში - მეიდნის ამ მცირე ნაწილში ხეები დაირგვება? - გარანტიას გაძლევთ, რომ ამ ტერიტორიაზე კვების ობიექტი არ აშენდება, არც რაიმე ტიპის მარტივი კონსტრუქცია. როგორც გითხარით, საზოგადოებრივი სივრცე მოეწყობა და თუ როგორი იქნება, პროექტს მერია დაამუშავებს.

- ისეთი ვერსიაც გავრცელდა, რომ ამ ტერიტორიაზე კვების ობიექტების აშენებას ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ლობირებს. - ტყუილია...

- ცოტა ხნის წინ მერიამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა ტენდერი საპარკინგე სივრცის მოწყობისთვის, თუმცა ინვესტორები ამჯერადაც არ დაინტერესდნენ. რატომ? - ჩვენ ინვესტორებს კონკრეტული სივრცეები შევთავაზეთ, თუმცა ვერ გეტყვით, რატომ არ დაინტერესდნენ - მათ 25-წლიანი იჯარით სიმბოლურ ფასად ვთავაზობდით ადგილებს საპარკინგე სივრცის მოსაწყობად. ამჟამად ვფიქრობთ წინადადების დახვეწაზე, ლაპარაკია იმაზეც, რომ ინვესტორებს პარკინგის მოსაწყობად საკუთრებაში გადავცეთ ტერიტორია, ოღონდ მხოლოდ მიწისქვეშა სივრცე.

რუსუდან შელია