თუ "ოცნება" წლის ბოლომდე სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება" - კვირის პალიტრა

თუ "ოცნება" წლის ბოლომდე სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება"

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისათვის ალიანსის შექმნა და ერთობლივი ძალით ბრძოლა შესთავაზა. უსუფაშვილმა პრეზიდენტს ეს აცნობა ღია წერილით, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა. "თუ მარგველაშვილი თანახმაა, საპარლამენტო არჩევნების მომგები გუნდის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, მზად ვარ, ან მე ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თავად იყოს კანდიდატი. პრეზიდენტ მარგველაშვილს ვთავაზობ, საპრეზიდენტო არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ," - ვკითხულობთ წერილში, რომელშიც ასევე ვრცლადაა მიმოხილული ქვეყანაში შექმნილი ვითარება. როგორც წესი, ასეთი შეთავაზება კულუარულად ხდება ხოლმე და მოლაპარაკებაც ფარულად მიმდინარეობს. რატომ აირჩია უსუფაშვილმა პრეზიდენტთან ურთიერთობის ეს გზა? რამდენად რეალურია ამგვარი ალიანსის ჩამოყალიბება? - ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- ჩვენს საზოგადოებაში თანდათან უფრო მასშტაბური ხდება პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ძალის გამოჩენის მოთხოვნა, რომელიც შეძლებს მესამე პოლიტიკურ ცენტრად ქცევას. ამაზე მიუთითებს იმ ამომრჩეველთა რიცხვის ზრდა, რომლებიც არჩევნებზე წასვლაზე კატეგორიულ უარს ამბობენ.

ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უსუფაშვილმა პრეზიდენტისადმი მიმართვის ამგვარი ფორმა არჩია, სწორედ ის არის, რომ ეს იყო მიმართვა არა მხოლოდ მარგველაშვილის, არამედ საზოგადოების იმ ნაწილისადმიც, რომელიც ამ მესამე ცენტრის ჩამოყალიბებას ელოდება. ამ წერილში ქვეყანაში შექმნილი ვითარება ვრცლად არის მიმოხილული. რაც მთავარია, დასაწყისშივე, ფაქტობრივად, განსაზღვრულია პოლიტიკური სპექტრის ის ნაწილი, რომელსაც უსუფაშვილი სავარაუდო პარტნიორად განიხილავს. ის ამბობს, "ქართულმა ოცნებამ" ვერ უპატრონა ქვეყანას, "ნაციონალები" არყევენ, რუსები კი ანგრევენო, ანუ ამ სამი მიმართულების პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობაზე თავიდანვე უარს აცხადებს.

რამდენად სწორი იყო მიმართვის ეს ფორმა და რეალურია ასეთი ტანდემის შექმნა თუ არა, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა: აქამდეც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ

თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთ კანდიდატზე არ შეჯერდება, წარმატების შანსი არ ექნებათ, ასეთ კანდიდატურად კი ორად ორ პიროვნებას ვხედავ: უსუფაშვილს ან მარგველაშვილს.

ამ ორ ადამიანს აქვს საშუალება, "ქართული ოცნებიდან" წამოსული ამომრჩეველი მიიმხროს. როგორც ჩანს, უსუფაშვილიც ასე ხედავს პროცესებს, ამიტომაც ფიქრობს, იყაროს კენჭი, თუმცა, თუ მარგველაშვილი გადაწყვეტს ამას, მზადაა, სწორედ მას დაუჭიროს მხარი.

ამასთან, სწორად არის დასმული საკითხი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირ არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან. როდესაც ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეჯერდეს, ამას სწორედ საპარლამენტო ჭრილში განვიხილავ.

თუ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი სათანადო წინააღმდეგობას გაუწევს მმართველი ძალის კანდიდატს, ეს ამომრჩეველს გაუჩენს იმედს, რომ 2020 წლისთვის "ქართული ოცნების" დამარცხება შესაძლებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმები გაიფანტა, ნიჰილიზმი უფრო გაღვივდება...

მეორე საკითხია, აპირებს თუ არა მარგველაშვილი პოლიტიკაში დარჩენას, და თუ აპირებს, როგორ?

თუ კვლავაც აპირებს პოლიტიკაში ყოფნას, მას აუცილებლად დასჭირდება პოლიტიკური გუნდი, რისი შექმნაც იოლი საქმე არ არის, ამიტომაც ვფიქრობ, რომ მან უსუფაშვილის შეთავაზება უნდა გაიზიაროს. ჩემი აზრით, დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია მესამე ცენტრის ჩამოყალიბება.

თუ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ვერ შეთანხმდება, შესაძლოა, უკეთესიც კი იყოს, მათ საერთოდ უარი თქვან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, ჩაატარონ აგრესიული კამპანია იმისთვის, რომ ამომრჩეველი არ მივიდეს საარჩევნო ურნებთან და ასპარეზზე მარტო დატოვონ "ქართული ოცნება". ასეთ შემთხვევაში კარგად გამოჩნდება, ბოლოს და ბოლოს, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს "ქართულ ოცნებას". ვეღარც "მგელი მოდის!" ძახილით შეაშინებენ ამომრჩეველს. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს, ეს სერიოზული პოლიტიკური განაცხადი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის...

იმას კი, შექმნის შემთხვევაში რამდენად ქმედუნარიანი იქნება ეს ალიანსი, მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

- ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, "უსუფაშვილს სააკაშვილი, უფრო სწორად, მისნაირი ქარიზმის ფიგურა სჭირდება..." მან ახსენა სააკაშვილ-ჟვანიას ალიანსიც... - სამწუხაროდ, სააკაშვილ-ჟვანიას ტანდემი ცუდად დამთავრდა. არ ვისურვებდი მოვლენების ასე განვითარებას... ჩვენ ინერციულად ისევ ვფიქრობთ, რომ საზოგადოება კვლავ ქარიზმატულ ლიდერს ითხოვს. თუ ასეა, მაშინ ამ ალიანსს ექნება პრობლემები, თუმცა, მგონია, რომ ეს მოთხოვნა აღარ არის ასეთი მძაფრი, მით უფრო, რომ თითქმის ყველანაირი ქარიზმატული ლიდერი მოვსინჯეთ - მდიდარიც, ღარიბიც, კომუნისტიც, დისიდენტიც...

მხოლოდ ეკლესიიდან წამოსული ქარიზმატული ლიდერი არ გვყოლია და იმედია, ამგვარი რამ არც მოხდება. მგონი, დროა, ქარიზმატულ წინამძღოლთა დრო რეალურ ლიდერთა ეპოქით შეიცვალოს...

ისე, თუ მესამე ცენტრი ვერ ჩამოყალიბდა და საზოგადოების განწყობას პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ უპასუხა, მაშინ რეალურია, რომ პროცესებმა კვლავაც ქუჩაში და გაცილებით მძაფრად გადაინაცვლოს და სწორედ ქუჩამ შექმნას ასეთი ქარიზმატული ლიდერი, როგორც ამ ცოტა ხნის წინ სომხეთში მოხდა. ფაშინიანი მანამდე არ იყო ქარიზმატული პოლიტიკოსი, ის წარმოადგენდა პოლიტიკურ ოპოზიციას, მაგრამ მისგან მეამბოხე ლიდერი სწორედ ქუჩამ შექმნა.

- უსუფაშვილის წერილის შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, რომ თუ მისი და მარგველაშვილის ალიანსი შედგა, შესაძალოა, მათთან ერთად გიორგი კვირიკაშვილიც ვიხილოთ... - კვირიკაშვილს ორწლიანი პრემიერობის პერიოდში არც გუნდი ჩამოუყალიბებია, არც პოლიტიკური კაპიტალი დაუგროვებია, თუმცა მას მოსახლეობა ნეგატიურად არ აფასებს. სიმართლე გითხრათ, მეეჭვება, მან პოლიტიკურ ასპარეზზე გააგრძელოს საქმიანობა, მაგრამ თუ მაინც ამას გადაწყვეტს, ალბათ, ეს ალიანსი მისთვის საუკეთესო გზა იქნება...

- რას ფიქრობთ ახალი პრემიერის, მამუკა ბახტაძის, ინიცირებულ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე? - ქვეყანას სჭირდება სწრაფი და რეალური რეფორმები, თუმცა გასაანალიზებელია, რა იგულისხმება ამაში. როდესაც ამაზე ვლაპარაკობ, მე ვგულისხმობ, რომ მმართველობითი სისტემა შესაცვლელია. სახელმწიფო უნდა აიგოს სხვა პრინციპით, პოლიტიკური ცხოვრება უნდა მოწესრიგდეს. რაც ახლა ხდება - სამინისტროების შეერთება, გაყოფა და ა.შ. აქამდეც არაერთხელ გვინახავს... რა შედეგზეა გათვლილი ეს ცვლილებები, იცის ვინმემ?!

როდესაც კულტურის სამინისტროს ვუერთებთ განათლების უწყებას და ვარქმევთ კულტურის დეპარტამენტს, თუმცა ვაკისრებთ იმავე ფუნქციებს, რაც სამინისტროს ჰქონდა, მიპასუხოს ვინმემ, რა აზრი აქვს ასეთ შეერთებას?!

გარდა ამისა, ჩვენ კონსტიტუციურად ვართ საპარლამენტო მმართველობა, მაგრამ განა ეს რეალურია?! საპარლამენტო მმართველობა ნიშნავს, რომ გამარჯვებული პარტიის ლიდერი ხდება პრემიერი, პარლამენტი კი ახერხებს მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობას. თუ პარტიის თავმჯდომარე ისევ რჩება პარტიის თავმჯდომარედ და ის გვინიშნავს ქვეყნის პირველ პირს, მაშინ რა წყობას ვიღებთ?

ასეთი პრინციპით აწყობილი სისტემა ეფექტიანი ვერასდროს იქნება. კვირიკაშვილი ორი წლის განმავლობაში პრემიერი იყო, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, ისევე როგორც მისი წინამორბედი და იცით, რატომ? მათ საკუთარი მინისტრთა კაბინეტის შექმნაც კი ვერ შეძლეს.

მათ მინისტრთა კაბინეტში ვიღაცას ივანიშვილი ნიშნავდა, ვიღაცას - პოლიტიკური სუს-ი, ვიღაცას - კიდევ სხვა... როდესაც ასეთი ვერტიკალი არ არის, როდესაც გუნდი არ არის, წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

როდესაც მეკითხებით, ბახტაძე იქნება თუ არა წარმატებული, ჩამოყალიბდება თუ არა ლიდერად, შეძლებს თუ არა რეფორმების გატარებას, ჩემი პასუხია - ვერა! ის ახალგაზრდა და მოტივირებული ადამიანია, მაგრამ დღეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში პრემიერი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური კაპიტალი, ვერაფერს იზამს.

ასეთი პოლიტიკური კაპიტალი "ქართულ ოცნებაში" ერთადერთ კაცს აქვს - ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

როდესაც ის პრემიერობიდან გადადგომას აპირებდა, ღია წერილით მივმართე. ვუთხარი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლებოდა, რომ ცუდად წავიდოდა საქმე... ასეც მოხდა... ახლა დაბრუნდა პოლიტიკაში და დაბრუნდა არასწორ ადგილზე. ის უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც რეალურად შეძლებს მართვას. სხვაგვარად ეს სისტემა არ მუშაობს და ვერც იმუშავებს.

ძალიან მინდა, წარმატებული იყოს ხელისუფლება, მაგრამ ვერ იქნება... თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, "ქართულ ოცნებას" ჯერჯერობით მაინც აქვს რესურსი, რომ ცუდად მიმავალი პოლიტიკური პროცესი შეაჩეროს და შემოაბრუნოს, ოღონდ ამას სჭირდება უმნიშვნელოვანესი ხარვეზის გამოსწორება - პრემიერად სხვა კაცი არ უნდა იჯდეს და ქვეყანას რეალურად სხვა არ უნდა მართავდეს! მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ ამით უნდა დაიწყოს. ჩემი აზრით, თუ წლის ბოლომდე "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს ცუდად მიმავალი პროცესების შეჩერებას, მას ძალიან გაუჭირდება. ამან შეიძლება მიგვიყვანოს უმართავ პროცესებამდე, ისევ ქუჩაში გადაინაცვლოს პოლიტიკურმა აქტიურობამ და ამას რა მოჰყვება, არავინ იცის. ჩემი აზრით, "ოცნებამ" უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ალბათ, მიიღებს კიდეც. ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კიდევ იქნება ცვლილებები...

- მიუხედავად პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადებისა, რომ თითქოს მინისტრობის კანდიდატები უკვე შერჩეულია, დღემდე მათი ვინაობა უცნობია. სავარაუდოდ, კადრების შერჩევის პროცესი რთულად მიმდინარეობს. კვლავ აქტუალურია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის საკითხიც. რატომ ვერ ელევა მას "ქართული ოცნება"? ერთ-ერთი ვერსიით, ის თითქოს აშანტაჟებს თანაგუნდელებს... - კადრების შერჩევა, ვფიქრობ, კომპლექსური პრობლემაა. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში პროფესიონალი ცოტაა, მათგან პოლიტიკაში წასვლაც ძალიან ცოტას უნდა. სულ არ არის გასაკვირი, თუ ადამიანი, რომელსაც აქვს წარმატებული კარიერა, მით უფრო - უცხოეთში და აქვს მაღალი ანაზღაურება, ჩამოსვლასა და მინისტრობაზე უარს ამბობს.

გარდა ამისა, მას ვერ ექნება სტაბილურობის განცდა, რადგან არავინ იცის, როდის გაუშვებენ ამ პრემიერს თანამდებობიდან და თავის მოყვანილ ადამიანებსაც, ტრადიციულად, უკან მიაყოლებენ. ძალიან რთულია, გადადგა ასეთი ნაბიჯი და მინისტრის პორტფელი ჩაიბარო, როდესაც გუნდის იმედი არ გაქვს.

კაბინეტის დაკომპლექტების პრობლემა წარმოშვა პარტიის შიგნით არსებულმა დაჯგუფებებმაც. მათ შორის დიდი ბრძოლა მიდის. ეს ჯგუფები საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ შეადგენს 2020 წლის საპარლამენტო სიას, ამიტომაც გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა სულ უფრო მძაფრდება.

რაც შეეხება წულუკიანს, მეც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, რასაც მან თავი ვერ გაართვა. რომელი ერთი ჩამოვთვალო: სასამართლო სისტემის გაუმართაობა, ჩამოშლილი მართლმსაჯულება, საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი მარცხი და ა.შ. სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ ის აშანტაჟებს "ქართულ ოცნებას". თუ ეს სიმართლეა და მთავრობა წულუკიანის მძევლად იქცა, მაშინ ეს ქალბატონი ამ ხელისუფლებას გადაიყოლებს. ბარემ პრემიერად პირდაპირ წულუკიანი დანიშნონ, თუ ის ყოფილა ყველაზე გავლენიანი ფიგურა და თანამდებობიდან ვერ ათავისუფლებენ. თუ იმის ეშინიათ, რომ ოპოზიციაში წავა, არ არის წულუკიანი ისეთი ფიგურა, რომელიც ოპოზიციაში წასვლით რამეს სერიოზულად ავნებს "ქართულ ოცნებას". ის არ არის არც ოქრუაშვილი 2007 წელს და არც ქვეყანაშია ისე მომწიფებული პროტესტი, რომ მისი დემარში რევოლუციის მიზეზი გახდეს, მით უფრო, თუ გავიხსენებთ მის ძალიან დაბალ რეიტინგს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ისმის კითხვა: მაშ, რატომ არ ათავისუფლებენ? მე უფრო მგონია, რომ ე.წ. ხორავას ქუჩის საქმის გამო შოთაძის წავლის შემდეგ, რაც ოპოზიციამ საკუთარ გამარჯვებად მიითვალა, "ქართულ ოცნებას" აღარ უნდა, წულუკიანიც გაუშვას. მისი წასვლაც შეიძლება სწორედ ამ საქმეს დაუკავშირდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მას არ შეელევიან...

- მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" საზოგადოებას დაჰპირდა, მთავარი პროკურორის პოსტზე დამოუკიდებელ და საზოგადოებისთვის მისაღებ ადამიანს შეარჩევდა, ჩანს, ამ პოსტზე სახელისუფლებო ჩინოსანს, შალვა თადუმაძეს დანიშნავენ, რომელიც ამჟამად პრემიერის ადმინისტრაციის უფროსია... - ამ პროცესმაც აჩვენა, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება. ისე, სიმართლე უნდა ითქვას - მხოლოდ ერთი ადამიანი, რაც უნდა საუკეთესო შეერჩიათ ამ პოსტზე, ვერაფერს იზამდა, რადგან სისტემაა უკიდურესად მძიმე და მას ერთი კაცის შეცვლა ვერ უშველის. სამწუხაროდ, ჩვენი პროკურატურა რჩება საბჭოთა სამართალდამცავი სისტემის იდეოლოგიურ მემკვიდრედ. "ნაციონალური მოძრაობის" მართვის ცხრა წელმა სწორედ ძველი საბჭოური სისტემის რეანიმაცია მოახდინა. დღევანდელი პრობლემა პერსონა მურუსიძე კი არ არის, არამედ ის სისტემა, რომლის სიმბოლოც არის მურუსიძე...

- მას მერე, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვისა და შს სამინისტროები აქტიურად თანამშრომლობდნენ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ პეტრე დევრიშაძესთან, რომელიც თავის დანაშაულს აღიარებდა და ჰყვებოდა, როგორ გახდა რუსული დაზვერვის აგენტი, უამრავი უპასუხო კითხვა გაჩნდა... მართალია, პეტრე დევრიშაძე აცხადებს, რომ ოპერაცია "ენვერი" სპექტაკლი იყო და ის რეაბილიტირებულია, მაგრამ სახელმწიფო უწყებებმა მის კომპანიასთან ხელშეკრულებები გაწყვიტეს... - ჩემთვის დევრიშაძესთან დაკავშირებული ამბავი ძალიან ბუნდოვანია. თუ ეს ადამიანი რეჟიმის მსხვერპლი იყო და "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს ის გაამართლეს, მაშინ მაინტერესებს, რატომ არ უნდა იღებდეს ტენდერებში მონაწილეობას?!

თუ დამნაშავე და აგენტია და ამას სახელმწიფოც აღიარებს, მაშინ ვინც მას ამ ტენდერებში მონაწილეობა მიაღებინა და გამარჯვების საშუალება მისცა, იმან უნდა აგოს პასუხი.

საერთოდ, ვფიქრობ, აქაც საკანონმდებლო პრობლემებთან გვაქვს საქმე. ტენდერის ჩატარებას შესაბამისი წესები აქვს და როდესაც საქმე ძალოვან სტრუქტურებს ეხება, ტენდერში მონაწილეების შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

ნათია დოლიძე