"ნენსკრა მთის ვერაგი მდინარეა, არასოდეს იცი, როდის აბობოქრდება"
09-07-2018
"ნენსკრა მთის ვერაგი მდინარეა, არასოდეს იცი, როდის აბობოქრდება"
რამ გამოიწვია ჭუბერში სტიქია და აქვს თუ არა მას კავშირი ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდრ­ოელექტროსადგურის მშენებლობასთან? სტიქიის დაწყებისთანავე, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, საზოგადოების დიდი ნაწილი ჰესის მშენებლობის საფრთხეებზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა, თუმცა თავად სააქციო საზოგადოება "ნენსკრა ჰიდრომ" საგანგებო განცხადებაში განმარტა, რომ სოფელ ჭუბერში შექმნილ ვითარებას "ნენსკრაჰესის" მშენებლობასთან კავშირი არა აქვს. არგუმენტად დასახელდა ის, რომ რამდენიმე თვეა შეჩერებულია ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაო, რომელიც გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას,
სტიქიური მოვლენა კი სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ, მდინარის მიმართულებით წარმოიშვა.

წინასწარი მონაცემებით, ჭუბერის ინფრასტრუქტურა, პრაქტიკულად, განადგურებულია, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა ათობით სახლი, გზები და წაიღო ხიდები, რის გამოც გარე სამყაროს მოსწყდა რამდენიმე სოფელი. საბედნიეროდ, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე შეიქმნა სპეციალური შტაბი და ჭუბერს
ესტუმრა პრემიერ-მინისტრიც, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაციას დაჰპირდა. მამუკა ბახტაძემ სტიქია ტყის მასობრივ ჭრას დაუკავშირა. რატომ ადიდდა მდინარე ნენსკრა, "კვირის პალიტრა" დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს თეა გოდოლაძეს ესაუბრა:

- ჭუბერში სტიქიის დაწყებისთანავე ვაკვირდებით მის ბუნებრივ მახასიათებლებს, თუმცა ცენტრის მკვლევრებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა ჯერაც არ მოგვეცა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით კი ჩვენი ვარაუდი, ფაქტობრივად, დადასტურდა - ჭუბერში სტიქია არ ყოფილა მეწყრული პროცესებით განპირობებული. ეს იყო ღვარცოფი, თუმცა დასადგენია მიზეზი, სამი დღის განმავლობაში რატომ შემცირდა წყლის რაოდენობა მცირედით. შესაძლოა ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის, უხვი ნალექი ან მყინვარული დნობა.
ჩვენ იმდენად მოუმზადებელი ვართ ასეთი სტიქიისთვის, რომ მინიმალური ტექნიკური აღჭურვილობაც კი არ გაგვაჩნია, მათ შორის ნალექის სიხშირის დამდგენი სადგურიც. ამიტომ ისევ ნასა-ს მონაცემებს უნდა დაველოდოთ.

ჭუბერში ნიადაგის ბიოლოგიური სტრუქტურა განსხვავებულია, იქ მეწყერსაშიში­ ზონები არ გვხვდება, ამიტომაც მეწყერი თავიდანვე შეგვიძლია გამოვრიცხოთ.
მეტეოსადგური ჭუბერშიც არ გვაქვს, მესტიის მეტეოსადგურის მონაცემებით კი 5 ივლისს მესტიაში არ იყო ისეთი რაოდენობის ნალექი, რომ ღვარცოფული პროცესები დაწყებულიყო.

- პრემიერ-მინისტრმა სტიქიის წამახალისებელ ფაქტორად ტყის მასობრივად ჭრა დაასახელა.
- ტყის ჭრა ღვარცოფთან არაფერ შუაშია. ხეების გაჩეხამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ლანდშაფტზე. ბატონი პრემიერი არ არის პროფესიონალი გეოლოგი­, მას ეს ინფორმაცია, დიდი ალბათობით, ექსპერტებმა მიაწოდეს და უხერხულ მდგომარეობაშიც ჩააყენეს, რის გამოც ე.წ. ექსპერტების კომპეტენციას დეტალურად შევისწავლიდი და შესაბამის პასუხისმგებლობასაც დავაკისრებდი.

- პრემიერისგან განსხვავებით, მოსახლეობა და გარემოს დამცველთა ნაწილიც ხეობაში ჰესის მშენებლობის საშიშროებაზე ლაპარაკობენ.
- ჰესის მშენებლობა ჯერ არც კი დაწყებულა, ამიტომ პროექტის დადანაშაულება სტიქიაში, არასერიოზულია. საბედნიეროდ, ჭუბერში ჯერ არ არის კაშხლის ტიპის ჰესი, ანუ რეზერვუარი, რომელიც ასეთი სტიქიის დროს საშიში ხდება და აუცილებლად დასრულდებოდა მსხვერპლით.

სხვათა შორის, როდესაც ჰესის მშენებლობამდე ჩატარებულ გეოლოგიურ სამუშაოს ვსწავლობდი, აღმოვაჩინე, რომ ღვარცოფული მოვლენების მოდელირება ექსპერტებს არც კი გაუთვალისწინებიათ. ასე რომ, სტიქია ჰესის შედეგი რომ იყოს, მერწმუნეთ, ზარალი ბევრად მასშტაბური იქნებოდა.

- სტიქიის განმეორების საფრთხე კიდევ არის?
- საქართველოს ისეთი გეოგრაფიული­ მდებარეობა აქვს, სტიქიის განმეორების საფრთხე ყოველთვის იარსებებს. ასეთ დროს ჩვენი მომზადების დონე უნდა იყოს მაღალი - მართალია, მიწისძვრის პროგნოზირება­ შეუძლებელია, თუმცა ღვარცოფის განსაზღვრის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს. მონიტორინგის სისტემები რომ გვქონოდა, ჭუბერის სტიქიის წინასწარ განსაზღვრა და სწრაფი პრევენციული სამუშაოს ჩატარება, მათ შორის, კალაპოტის დროებით გამაგრება, შეგვეძლო. დასანანია, რომ მოსახლეობა­ დაზარალდა, მაგრამ ნენსკრა ბუნებრივი­ კონტურითაა შემოსაზღვრული - ეს არის ჭალა, სადაც დაუშვებელია ადამიანის ცხოვრება. ნენსკრა მთის ვერაგი მდინარეა, არასოდეს იცი, როდის აბობოქრდება და თან მყინვარულია, ასეთი მდინარის ნაპირას კი მოსახლეობა ცხოვრობს და მეტიც, ჰესის მშენებლობას გეგმავენ. ასეთივე საფრთხე არსებობს რაჭის მთის მდინარეებზეც, რომლის ჭალებშიც ასევე მოსახლეობა ცხოვრობს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები