"არავინ იფიქროს, რომ მარგველაშვილში ახალ მზეჭაბუკს ვხედავ" - კვირის პალიტრა

"არავინ იფიქროს, რომ მარგველაშვილში ახალ მზეჭაბუკს ვხედავ"

"ვითარება რთულია, ქვეყანა თავზე გვექცევა", - ამ სიტყვებით იწყებს თავის ღია წერილს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომლითაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს და ერთობლივი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. რატომ აკეთებს ფსონს პრეზიდენტზე და როგორ წარმოუდგენია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება,""კვირის პალიტრის" კითხვებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი პასუხობს:

- 2012 წლის სახელისუფლებო ცვლილების მთავარი არსი "ქართულმა ოცნებამ" ნელ-ნელა გაფანტა, მეტიც, დაკარგა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კი ერთპარტიული მმართველობის სახიფათო გზას დაადგა - "ნაცმოძრაობის" შექმნილი მახინჯი სისტემა შეინარჩუნა, მათ შორის, სასამართლოსა თუ პროკურატურაში, მართვის რესურსი კი ვერ გამოავლინა.

შარშან ბათუმში მომხდარი დაპირისპირების შემდეგაც გაჩნდა კითხვები ხელისუფლების მართვის უნარებზე - რამდენად შეუძლია მას პრევენციაზე მუშაობა ან პრობლემასთან გამკლავება, თუმცა ხორავას ქუჩის საქმემ ყველა კითხვაზე პასუხი ნათელი გახადა. ყველას გვქონდა განცდა, რომ ეს საქმე იქნებოდა გაკვეთილი არა მხოლოდ დამნაშავეებისთვის, არამედ ბავშვებისთვის, მშობლებისა თუ პედაგოგებისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია ქვეყანაში აღარ დატრიალდება. ყველაფერი პირიქით მოხდა, თუმცა პირადად ჩემთვის კიდევ უფრო საგანგაშო აღმოჩნდა ის გადაწყვეტილებები, რომლებითაც "ქართული ოცნება" პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას შეეცადა - ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, მაგრამ ყრილობაზე გამოჩენის შემდეგ ვინმემ სადმე ვიხილეთ?! ან რა განსხვავებაა ქვეყანაში ივანიშვილის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გამოცხადებასა და იმ პერიოდს შორის, როდესაც ის ოფიციალურად გარიდებული იყო პოლიტიკურ პროცესებს? ვინმეს სჯერა, რომ მანამდე არ ჰქონდა კონტაქტი გუნდის წევრებთან? ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას რომ ჰქონოდა ეფექტი და გაჩენილიყო პოლიტიკური ლიდერი, რომელიც კრიზისის მართვას საკუთარ თავზე აიღებდა, იმედიც გაჩნდებოდა, მაგრამ არა, ახლა მართლაც ქვეყნის დაქცევის ზღვარზე ვართ.

- ხორავას ქუჩის საქმეზე არის დაპირება, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ, შექმნილია საპარლამენტო კომისია, რომლის მსგავსიც სხვა გახმაურებულ საქმეებზე, ოპოზიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, თქვენი პარლამენტის თავმჯდომარეობისას არ შექმნილა. რაც შეეხება ივანიშვილის დაბრუნებას, ის ეფექტი ჰქონდა, რომ სამთავრობო გუნდი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეიცვალა. - ეფექტია ის, რომ "ქართული ოცნების" აზრით, პრობლემები კვირიკაშვილის წასვლით მოგვარდება?! ანუ, ეს ერთი ადამიანი, მონსტრი კვირიკაშვილი იყო განმაპირობებელი ქვეყანაში არასწორი პოლიტიკისა თუ მძიმე სოციალური ფონის?!

- კვირიკაშვილი იყო ქვეყნის პრემიერი და გუნდმა მას დააკისრა პასუხისმგებლობა. - აშკარაა, რომ "ქართული ოცნება" ვერ უმკლავდება ქვეყნის მართვას, მეორე მხრივ, "ნაციონალური მოძრაობა" არყევს სახელმწიფო სისტემას, რუსული და პრორუსული ძალები კი ქვეყნის პირდაპირი ნგრევით არიან დაკავებული. სახელმწიფო ისედაც სუსტია, დემოკრატია ახალი ხილია ჩვენთვის და ამ დროს სამი მხრიდან არსებული პრობლემა - უსუსური მართვა, რყევებისა და ნგრევის მსურველები - დაგვღუპავს. რაც შეეხება რუსეთს, რბილი თუ ღია ძალით, სუსტი ხელისუფლების პირობებში დიდი საფრთხეა, ამიტომაც ვამბობ, რომ ქვეყანა თავზე გვენგრევა. ეს არ ნიშნავს, რომ დავიღუპეთ, მაგრამ სანამ დავიღუპებით, ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. დროა, შევეშვათ მოთქმა-გოდებას, ინდივიდუალურ მცდელობებსა და გმირობებს, ჩავდგეთ ქვეყნის სამსახურში და ერთხელ და სამუდამოდ გავატაროთ სწორი პოლიტიკა.

დღეს საზოგადოებაში ჩამოყალიბდა განწყობა, რომ პოლიტიკა და პოლიტიკოსები არ გვინდა, ანუ, ცუდმა პარტიებმა თუ პოლიტიკოსებმა და მანკიერმა სისტემამ ხალხს პოლიტიკაზე უარი ათქმევინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე ვთქვათ უარი. სახელმწიფო პოლიტიკოსებისა და არჩევნების გარეშე არ არსებობს. სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს სახიფათო ნიშნულამდე დასული ეროვნული, სახელმწიფოებრივი თვითორგანიზების სურვილი, რაც ქვეყანას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამიტომ მარგველაშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდგომ კერძო საქმიანობას კი არ უნდა მიუბრუნდეს, პოლიტიკური კაპიტალი ახალი პოლიტიკური გუნდის ფორმირებას უნდა მოახმაროს - იბრძოლოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და მთავარ ამოცანად დაისახოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება.

- დავაზუსტებ თქვენს პოლიტიკურ ფორმულას: მარგველაშვილთან ერთად გსურთ ჩაერთოთ საპრეზიდენტო მარათონში. შესაძლოა გაქვთ განწყობა, რომ ვერ გაიმარჯვებთ ოქტომბრის არჩევნებში, მაგრამ ხელისუფლების შეცვლას მარგველაშვილთან ერთად შექმნილი პოლიტიკური გუნდით 2020 წელს გეგმავთ? - სწორი ბრძანდებით... საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება არ უნდა მოხდეს ფორმულით "ყველა გავანადგურო და მხოლოდ მე გავიმარჯვო". ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ახალ პოლიტიკურ ჯგუფს წესდებაში ჩავუწერდი, თუ არჩევნებზე 30-35%-ზე მეტს მივიღებთ, უარი ვთქვათ გამარჯვებაზე. ჩემი მთავარი ამოცანაა, თანაცხოვრება ვისწავლოთ. როდესაც ვამბობ, პრორუსი, "ოცნებელი" თუ "ნაციონალი" ვერც პატრონობენ ან ანგრევენ ქვეყანას, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ზედმეტი არიან საზოგადოებისთვის. მათ მოთხოვნებსაც უნდა შევეხმიანოთ და საპრეზიდენტო არჩევნები ზუსტად ამ კონტექსტში დავინახოთ - იზოლირებულად საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება არაფერს მოგვიტანს.

- თქვენ საზოგადოებაში პოლიტიკოსების მიმართ ნდობის დაკარგვაზე ლაპარაკობთ. მარგველაშვილთან ერთად გაქვთ კი სათანადო რესურსი, რომ მოსახლეობაში ნიჰილიზმი ოპტიმიზმით ჩაანაცვლოთ? - მე თავად ვარ ამ გუნდის ფორმირების ერთ-ერთი თანამონაწილე და მზად ვარ პრეზიდენტობის კანდიდატის როლში გამოვჩნდე არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, როგორი იქნება გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური ნაბიჯები, ამ გზას არ გადავუხვევ. თუ მარგველაშვილი გადაწყვეტს თავად იყოს აქტიური პოლიტიკოსი და ჩამოვყალიბდებით, რომ მისი კანდიდატურა უფრო პერსპექტიული იქნება საპრეზიდენტო არჩევნებზე, მას მხარს აუცილებლად დავუჭერ.

ჩემთვის ამოსავალი პოლიტიკური გუნდის ფორმირებაა. რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ მზად, რომ შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებზე დავმარცხდეთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას სახლში წავიდეთ და პოლიტიკური კაპიტალი გავანიავოთ.

- თქვენსავე ლოგიკას ხომ არ ეწინააღმდეგებით, როდესაც ამბობთ, რომ ქვეყანა ინგრევა, მაგრამ მაინც არ გამორიცხავთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამარცხდებით? ხომ არ ნიშნავს ეს აღიარებას, რომ პრობლემების მიუხედავად, საზოგადოება თქვენზე მეტად მაინც "ქართულ ოცნებას" ენდობა? - დღევანდელი გადასახედიდან თანაბარი შანსია, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა არჩევნებში გაიმარჯვოს ან დამარცხდეს. რაც შეეხება ფაქტორებს, სახელისუფლებო კანდიდატის ხელშია ადმინისტრაციული რესურსი, მედიასაშუალებების დიდი ნაწილი, სპეცსამსახურები და არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ "ქართული ოცნება" საზოგადოებისთვის საინტერესო კანდიდატს დაასახელებს. ასე რომ, გასაგებია სახელისუფლებო კანდიდატის უპირატესობა, მაგრამ სწორედ იმით არის მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები, რომ ახალი პოლიტიკური გუნდი შეიქმნება.

- მაინც არ მიპასუხეთ შეკითხვაზე - რა გაძლევთ იმედს, რომ უსუფაშვილ-მარგველაშვილის კოალიცია და თქვენ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური გუნდი საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებას შეცვლის? - ინდივიდების დონეზე რა რესურსიც დაგროვდა ქვეყანაში, კარგად ვხედავ - ბევრი წარმატებული ფიგურა მუშაობს დღეს ოფისებში, რომლებიც მომავალში დიდ რესურსს აუცილებლად შექმნიან. მათ მინდა მივმართო - სანამ ვინმე რამეს დაგანახებთ, თქვენ დაანახეთ ხალხს საკუთარი პოტენციალი. გავახილოთ თვალი, საკუთარი ძალების ვირწმუნოთ, რომ უპირველესად ჩვენშია დიდი პოლიტიკური რესურსი. დღეს პოლიტიკურ ფსონს მარგველაშვილზე კი არა, ასობით თანალიდერზე ვდებ. არავინ იფიქროს, რომ მარგველაშვილში ახალ მზეჭაბუკს ვხედავ, ასეთი არც უსუფაშვილია. პრეზიდენტს ვეუბნები - ჩვენ ისეთ საქმეებთან მოგვიწია შეჭიდებამ, არა გვაქვს უფლება, სახლში წავიდეთ, დიდი ამოცანა გვაქვს - ჩვენზე უკეთესებს უნდა დავეხმაროთ ფართო ასპარეზზე გამოჩენაში-მეთქი. მარგველაშვილით გადარჩენილ ქვეყანას კი არ ვპირდები ხალხს, მარგველაშვილთან ერთად ბევრი ადამიანის გაერთიანებას ვცდილობ, რომლებმაც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოიყვანონ და შექმნან ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო.

რუსუდან შელია