"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს" - კვირის პალიტრა

"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"

რა წერია საქართველოს მთავრობის მიერ "უპრეცედენტო დოკუმენტად" აღიარებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რას ფიქრობენ ბრიუსელში "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე" და აპირებს თუ არა ევროკავშირი აშშ-ს მიჰბაძოს და დახმარება შეუწყვიტოს იმ ქვეყნებს, რომლებიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს აღიარებენ, ამ საკითხებზე პოლონელ ევროპარლამენტარსა და რეზოლუციის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, ანა ფოტიგას ვესაუბრეთ:

- მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღეს, თქვენი კოლეგები პირად საუბარში ლაპარაკობენ ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ძალებზე, რომლებსაც არ სურდათ რეზოლუციას დღის სინათლე ეხილა, არგუმენტად კი "რუსეთის პროვოცირების" თემა სახელდებოდა. რომელი პარტიები იყვნენ წინააღმდეგი?

- რეზოლუციისთვის უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება მოვახერხეთ, თუმცა ზოგიერთმა ჯგუფმა სათაურის შეცვლა მოითხოვა, კითხვის ქვეშ დააყენეს ის, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი ამ კონფლიქტში, არადა, რეზოლუცია აშკარად მიანიშნებს, ვინ იყო აგრესორი და ვინ მსხვერპლი. განსაკუთრებული მონდომებით მემარცხენე რადიკალები გამოირჩეოდნენ...

- რეზოლუციაში ნახსენებია რუსეთ-საქართველოს 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც დღესაც შეუსრულებელია. რა ბერკეტი აიძUულებს რუსეთს ვალდებულებების შესრულებას? - მახსოვს ის დრო, როდესაც ჩვენი განცხადებებიც არ იყო ისეთი მკაფიო, როგორიც დღესაა. თანდათან დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით უპირველესად თავიანთ თავსა და ღირებულებებს დაიცავენ.

- არის თუ არა ამ საკითხზე მსგავსი კონსენსუსი ევროკავშირში? - კონსენსუსი ფართოა და მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია სამართლებრივად მავალდებულებელი დოკუმენტი არ არის, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ეს რეზოლუცია არის დასავლეთის ცნობიერებაში მენტალური ცვლილებების ნიშანი. ეს მნიშვნელოვანია, რათა უახლოეს მომავალში რუსეთმა საერთაშორისო საზოგადოებრიობის წნეხი იგრძნოს.

- რეზოლუციაში გაკვრითაც კი არ არის ნახსენები გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობები. არაფერია ნათქვამი იმ სიაზეც, რომელიც ქართველების მკვლელობებსა და წამებაში მონაწილე პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. - ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ სიას! მსგავსი ზეწოლა აუცილებელი იყო და განზრახული გვაქვს ამ პოლიტიკის გაგრძელება ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების დონეზე.

- ბაშარ ასადის რეჟიმმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. გასულ წელს აშშ-მა მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვით, იმ ქვეყნებს, რომლებიც მსგავს ნაბიჯს გადადგამენ, აშშ-ის დახმარება შეუწყდებათ. ხომ არ არის დრო, ევროკავშირმაც მიიღოს საკანონმდებლო აქტი? - ხალხი, რომელსაც კარგად ესმის, რა თამაშს თამაშობს პუტინის რუსეთი, არც ისე ბევრი ვართ ევროპარლამენტში, სადღაც 70 კაცი, მაგრამ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ საკითხების წინ წამოსაწევად. სირიის ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, კარგიცაა, ჯობია, იცოდე, ვინ გიჭერს მხარს და ვინ არა. სირიის მთავრობა სასიცოცხლოდაა დამოკიდებული პუტინსა და რუსეთზე და სწორედ ამიტომ იქცევა ასე.

ვაჟა თავბერიძე

ინტერვიუ მომზადდა ორგანიზაცია"ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" პროექტის "გზავნილი ბრიუსელიდან" ფარგლებში