"ჩემი დანაშაული ის არის, რომ ცოცხალი ვარ"
"ჩემი დანაშაული ის არის, რომ ცოცხალი ვარ"
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თითქმის ერთი წელია ტყვეობაშია, მას ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან გასვლის უფლება ეკრძალება. თამარი სიმართლისთვის ისჯება, მუდმივად წერს და საუბრობს რაიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე. აპროტესტებს ე.წ. ხელისუფლების მხრიდან სასტიკი მოპყრობის ფაქტებს... ამის გამო ისჯება და მის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით არის შეთითხნილი (ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღება, საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად; ყალბი დოკუმენტების დამზადება და პარტია "ერთიანი­ ოსეთის" მიმართ ცილისწამება). "ბრალის" დამტკიცების შემთხვევაში ცხინვალის ციხეში ერთწლიანი პატიმრობა
ემუქრება... კონფლიქტის ზონაში უუფლებოდ დარჩენილ ქალს ყოველდღე ავიწროებენ, უთვალთვალებენ და იქაურობის დატოვების შემთხვევაში, შესაძლოა არჩილ ტატუნაშვილის ბედიც გაიზიაროს, ან ე.წ. საზღვრის მალულად გადაკვეთის გამო, ესროლონ კიდეც...

თამარ მეარაყიშვილმა მისი დასჯით დაინტერესებული პირების სია გამოაქვეყნა, მათ შორის არის ჩვენთვის კარგად ცნობილი დავით გურწიევი, რომელსაც "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში"
"საპატიო" ადგილი უჭირავს...
ახალგორელი აქტივისტის დასჯას ითხოვს ასევე კარგად ცნობილი სპარტაკ დრიაევი. ის ქართულ ციხეებში მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდა სასჯელს. 2011 წელს ის პატიმრებში გაცვალეს... თამარ მეარაყიშვილის დასჯით ასევე­ დაინტერესებული არიან ელზა ქისიევა, მაია ქისიევა და მაია ფარჩუკაშვილიც. ერთ-ერთი მათგანი დაემუქრა კიდეც, რომ "სიცოცხლეს ცუდად დაასრულებდა".

თამარ მეარაყიშვილი: - სიმართლისთვის ვისჯები! გავაპროტესტე კორუფ­ციისა და სასტიკი მოპყრობის არაერთი ფაქტი. გასაგები მიზეზების გამო დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სრულიად დაუცველი ვარ და მუდმივად მითვალთვალებენ. 2 ივლისს დავიწყე შიმშილობა. ხანდახან წნევა მივარდება, თავბრუ მესხმის, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ სიმარ­თლეს დავამტკიცებ...

- თქვენ ახალგორის რაიონი 2008 წლის ომის შემდეგაც არ დაგიტოვებიათ... საინტერესოა ე.წ. ხელმძღვანელობის დამოკიდებულება ქართველი მოსახლეობის მიმართ...
- აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელი ხელმძღვანელობის დამოკიდებულება უცნაურადაც კი გვეჩვენებოდა. ედუარდ კოკოითი ხშირად ჩამოდიოდა მოსახლეობასთან, გვაიმედებდა და გარანტიებს გვაძლევდა, თუ აქ ცხოვრებას გადაწყვეტთ, როგორც ოსებს, ისე ქართველებს, საკუთარ სახლებში მშვიდად ცხოვრების პირობას გაძლევთო. სკოლებში სწავლა 1-ლ სექტემბერს დაიწყო, თავდაპირველად ძალიან ცოტა მოსწავლე იყო, თუმცა, როდესაც ნახეს, რომ ვითარება სტაბილური იყო, მათი რიცხი გაიზარდა... 2009 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენს მოსახლეობას წეროვანში კოტეჯები დაურიგა, რაიონი ბევრმა დატოვა.

- ახლა როგორ ცხოვრობს იქ ქართველი მოსახლეობა. ქართული სკოლები და ბაღები დახურეს და პერსონალი უმუშევარი დარჩა.
- გასული წლის სექტემბრიდან სკოლე­ბი რუსულად გადაკეთდა... მასწავლებლებმა განაცხადეს, რომ რუსულადაც შეეძლოთ ესწავლებინათ ბავშვებისთვის და ისინი არ გაუთავისუფლებიათ. ბაგა-ბაღებიდან ის მასწავლებლები გაუშვეს, რომლებიც ოსურ და რუსულ ენებს ვერ ფლობდნენ... რაც შეეხება შემოსავალს, ვინც საბიუჯეტო სამსახურებშია დასაქმებული, კარგად ცხოვრობენ. მაგალითად, მასწავლებლები არც ისე მცირე ხელფასს იღებენ, გარდა ამისა, მათ საქართველოს ხელისუფლებისგან ეგზავნებათ დახმარება. ასე არიან ექიმებიც.

- თქვენ როგორ განაგრძეთ ცხოვრება ომის შემდგომ. ვიცი, პროექტებიც გქონდათ...
- მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი ვიყავი და 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პოზიცია შევინარჩუნე. ჩემი ორგანიზაცია ყველაზე წარმატებული იყო რაიონში, ცხინვალში უცხოელი თუ ჩამოდიოდა, ჩვენთან მოჰყავდათ. ჩვენ ვიყავით ნათელი მაგალითი­ იმისა, როგორ მშვიდად და მეგობრულად შეუძლიათ თანაცხოვრება ქართველებსა და ოსებს. 2014 წელს ცხინვალის რეგიონის მაშინდელ მმართველთან, ლეონიდ თიბილოვ­თან შეხვედრაზე დასმული კითხვები არ მაპა­ტიეს, ისევე როგორც­­ კრიტიკული დამოკიდებულება ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. შეხვედრის დასრულებისთანავე ზემდგომმა დამიბარა, შენი ნებით დაწერე განცხადება სამსახურიდან წასვლაზეო. ეს არ გავაკეთე და საოცარი მიზეზით მომხსნეს, თითქოს სამსახურში მისვლა 4 საათით დავაგვიანე...­ 2014 წლიდან უმუშევარი ვარ. ახლა 11 თვეა ტყვეობაში­ ვარ და ვცდილობ, არ გავტყდე. ვამზადებ ბროშებს და თბილისში­ მეგობრების დახმარებით ვყიდი. ისინი პერიოდულად აწყობენ ჩემი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას. ამით გადავუხადე ჩემს შვილს სწავლის ფული, ადვოკატის მომსახურება ავანაზღაურე... მეგობრებიც მეხმარებიან...

მე სამი მუხლით მასამართლებენ, თუმცა მხოლოდ ორია აღძრული, რაღაცები შეთითხნეს, თითქოს ყალბ დოკუმენტებს ვამზადებდი... არც კი მახსოვს, რამდენჯერ ვიყავი სასამართლოსა და პროკურატურაში. ვხედავ, პროკურატურა როგორ სასაცილოდ კერავს საქმეებს. უცხო ადამიანები, როგორც ოსი, ისე ქართველი, სოციალურ ქსელებში მხარში მიდგანან და მეხმარებიან. სასამართლოზეც მოდიან, თუმცა ზოგჯერ მოსამართლე პროცესზე დასწრების უფლებას არ აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ დახურული არ არის. ჩემი ცხინვალელი მეგობრები თამამად აკრიტიკებენ მათ, ვინც მავიწროებს.

- 11 თვეა, პრაქტიკულად, ტყვეობაში­ ხართ. ამ ხნის განმავლობაში შვილთან ურთიერთობის საშუალება თუ გაქვთ?
- ჩემი ქალიშვილი ხშირად ჩამოდის. ის ჩემს დაპატიმრებას დაესწრო. ეს იყო გასული წლის 16 აგვისტოს, როდესაც პარტია "ერთიანი ოსეთის" 4 წევრზე "ცილისწამებისთვის" დამაპატიმრეს (თამარ­მა­­ ანატოლი ბიბილოვის მომხრეთა­ მაღალ­ თანამდებობებზე დანიშვნა გააპროტესტა... ამის გამო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა პარტია "ერთიანი ოსეთის"­ წევრმა სპარტაკ ბრიაევმა, რომელიც ამჟამად ახალგორის ე.წ. სატყეო სამსახუ­რის უფროსია. შეგახსენებთ, ეს ის ბრიაევია, რომელიც არსებული ინფორმაციით, უშუალოდ მონაწილეობდა არჩილ­ ტატუნაშვილის მკვლელობაში. - ავტ.)
ეს ცირკი რამდენიმე საათს გაგრძელდა, ჩემი შვილი შეუძლოდ იყო, სიცხიანი იწვა, ჩვენს სახლს კი ჩხრეკდნენ...

- ოსი საზოგადოებისა და ადგილობრივი მედიისგან გრძნობთ მხარდაჭერას?
- ოსური მედია, ძირითადად, სახელისუფლებოა და ჩემზე არაფერს წერენ, თუმცა საზოგადოების ძალიან ცნობილი ადამიანებისაგან მუდმივად ვგრძნობ მხარდაჭერას, ხშირად აკეთებენ კომენტარებს და წუხან, რომ ასე უსამართლოდ მექცევა ხელისუფლება. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მათგან სრული იგნორია...

- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი­ ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება­ უძლურია დაიცვას საქართველოს მოქალაქე,­ რადგან ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდება.
- ეს იყო სამარცხვინო კომენტარი... თებერვალში დამიკავშირდა მისი მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც ორი სიტყვით მომიკითხა და ერთი საათის განმავლობაში ხან ჭკუას მარიგებდა, ხან მაშანტაჟებდა, რათა შემეწყვიტა მისი კრიტიკა... მათგან თანაგრძნობა არ მიგრძნია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მითხრა, რომ ჩემს საკითხს უცხოელ პარტნიორებთან დააყენებდნენ, თუმცა უცხოელებთან გაგზავნილი­ ბოლო წერილის თარიღია გასული წლის აგვისტო. 11 თვეა ტყვეობაში ვარ და არც კი იციან, რას მედავება პროკურატურა... მე მათთვის დახმარება არ მითხოვია, რადგან მათთან შეხვედრის შემდეგ არაერთი ახალგორელი დარჩენილა იმედგაცრუებული. ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ ცოცხალი ვარ. მაპატიეთ, რომ აქამდე ცოცხალი ვარ!

ლალი პაპასკირი
zari
20 ივლისი 2018 11:43
ასეთ ვითარებაში საქართველოს მოქალაქეს, ქალბატონს, სახელმწიფო მხარს რომ არ დაუჭერს,რა იმედი უნდა უნდა გვქონდეს?
ფიცი მწამს,,, ბოლო მაკვირვებს
20 ივლისი 2018 11:41
თვით პიარშია ჩაძირული...
ახალგორელები (ვისაც სურვილი აქვს!) გადი - გამოდიან, ვაჭრობენ, მუშაობენ და ეს რატომ თვითმსხვერპლაობს ? )))
გალელი
20 ივლისი 2018 08:44
ვინ მფარველობს ამ ციხელაშვილს?ვის სჭირდება სრულიად ქმედუუნარო მისი სამინისტრო?თუ ოდნავ ჭკუა მაინც შერჩენია მთავრობას თუ გვყავს ჩვენ მთავრობა გამოიყვანოს მეარაყიშვილი ახალგორიდან და დანიშნოს ციხელაშვილის ადგილზე,აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობები კიდევ ცალკე თემაა თბილისში რომ არიან მოკალათებულნი არაფრის მაქნისები
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები