"ხელისუფლება მთავარი პროკურორის პოსტს დამოუკიდებელი ფიგურისთვის ვერ თმობს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება მთავარი პროკურორის პოსტს დამოუკიდებელი ფიგურისთვის ვერ თმობს"

მთავარი პროკურორის პოსტს, დიდი ალბათობით, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე დაიკავებს. ასეთი მოლოდინი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს, თეა წულუკიანის გამო, თავიდანვე გაემიჯნენ. მიუხედავად მათი პროტესტისა, სამი კანდიდატი უკვე შერჩეულია - საპროკურორო საბჭოს ახლა არჩევანის გაკეთება მოუწევს შალვა თადუმაძეს, შალვა შავგულიძესა და პროფესორ ნინო გოგნიაშვილს შორის, რადგან სამეულში ვერ მოხვდა პროკურატურის მოქმედი მაღალჩინოსანი ირაკლი ნადარეიშვილი - როგორც კულუარებში ამბობენ, პროკურორების უმრავლესობა სწორედ მათ კოლეგას უჭერდა მხარს. შემთხვევითი არ უნდა იყოს ისიც, რომ მთავარი პროკურორის პოსტისთვის შერჩეული კანდიდატები იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, მისმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ დაასახელა. მეტიც, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, იმის გამო, რომ თეა წულუკიანი ახლა შვებულებაშია და ის თავად ასრულებს მინისტრის მოვალეობას, მთავარი პროკურორის პოსტისთვის წარდგენილი 18-კაციანი სიიდან სამი კანდიდატის გამოყოფა მისი პირადი არჩევანი იყო... საპროკურორო საბჭოსთვის გადაგზავნილი სამკაციანი სიიდან პროფესორი ნინო გოგნიაშვილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანდიდატურაა, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფიგურაა, სამაგიეროდ, კარგად იცნობენ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ შალვა შავგულიძეს, რომელიც მთავარი პროკურორის პოსტისთვის კანდიდატად "ევროპულმა საქართველომ" დაასახელა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ის სამეულში მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური ეფექტისთვის მოხვდა და მას საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერის მინიმალური შანსი აქვს.

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესსა და მოსალოდნელ შედეგს "კვირის პალიტრასთან" საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე აფასებს:

- ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, წულუკიანის წინადადებას არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ვერ მივიღებდით - იუსტიციის მინისტრმა დაკარგა ლეგიტიმაცია და ნდობა, რომ ახალი მთავარი პროკურორის არჩევაში ისევ მიეღო მონაწილეობა. ნაცვლად იმისა, რომ ახალ პრემიერს ეს პასუხისმგებლობა ეგრძნო და წულუკიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დაეფიქსირებინა, პროცესები განსხვავებული სცენარით წარიმართა - დღეს მაღალია ალბათობა, რომ განახლებულ მთავრობაში წულუკიანი პოსტს შეინარჩუნებს, ანუ პრემიერი ისევ უარს ამბობს ჩავარდნილ რეფორმებსა და კრიზისზე პასუხისმგებლობის გაზიარებაზე. როდესაც ეს განწყობა დავინახეთ, იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურორის შერჩევის შეჩერება შევთავაზეთ - სამ-ოთხ თვეში კონსტიტუციაში ძალაში შევა ჩანაწერი, რომლის მიხედვით, მთავარი პროკურორის შერჩევის წესი იცვლება - კანდიდატების შერჩევა აღარ დაევალება იუსტიციის მინისტრს და გადაწყვეტილების მიღება საპროკურორო საბჭოსა და პარლამენტზე იქნება დამოკიდებული. წულუკიანმა ჩვენს შეთავაზებაზეც უარი თქვა და "საუცხოო" გადაწყვეტილება მიიღო - საპროკურორო საბჭოს, რომელშიც 15 წევრიდან 8 მოქმედი პროკურორია, წარუდგინა კანდიდატები, რომელთაგანაც არც ერთი არ არის პროკურორი.

- ეს გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ საბჭოზე ხმები არ გაყოფილიყო და საბჭოს წევრებს, მაგალითად, პროკურატურის მოქმედი მაღალჩინოსნისთვის, ირაკლი ნადარეიშვილისთვის არ დაეჭირათ მხარი? - ასე ჩანს, რადგან, ფაქტობრივად, საპროკურორო საბჭოს არჩევანის გაკეთება მხოლოდ შალვა თადუმაძესა და შალვა შავგულიძეს შორის მოუწევს და მცირეა შანსი, რომ ისინი მხარს ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერენ. შესაბამისად, ეს იყო გზა, საპროკურორო საბჭოს მთავარ პროკურორად "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი, შალვა თადუმაძე აერჩია. სამეულში ნადარეიშვილის დასახელების შემთხვევაში, ხმები აუცილებლად გაიყოფოდა და მოქმედი პროკურორები თავიანთ კოლეგას დაუჭერდნენ მხარს, რაც წულუკიანს, ფაქტია, არ აწყობდა. საინტერესო დეტალია, რომ თადუმაძე დღემდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, მანამდე ის საპარლამენტო მდივანი გახლდათ, შესაბამისად, მას ხშირი კონტაქტი ჰქონდა და აქვს სხვადასხვა ინსტიტუციასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" თადუმაძეს საკუთარი გუნდის წევრად აღიქვამს. ეს კი ამცირებს შანსს, რომ ის დამოუკიდებელი იქნება, არ დაექვემდებარება პოლიტიკურ კონიუნქტურასა და თუნდაც კონკრეტული გავლენიანი პირების სატელეფონო ზარებს.

- ეს ნიშნავს, რომ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის მიუხედავად, სისტემის ცვლილების ალბათობა ისევ მინიმალურია? - პროცესი მარტივია - იმდენად მაღალია პოლიტიკური ფასი, თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი, რომ ხელისუფლება ამ პოსტს რეალურად დამოუკიდებელი ფიგურისთვის ვერ თმობს. ამ შემთხვევაში მხოლოდ კარგი იურისტობა არ არის მთავარი, მთავარია, იყოს პრინციპული და პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ წასვლაც შეეძლოს. პროცესი ცხადყოფს, რომ ასეთი მთავარი პროკურორი ხელისუფლებას არ სჭირდება და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც თეა წულუკიანის მიერ უკვე მეხუთედ დაწყებულ წარუმატებელ პროცესში მონაწილეობა არ მივიღეთ.

რუსუდან შელია