"მთავრობის დაკომპლექტების პრობლემა წარმოშვა "ოცნების" შიგნით არსებულმა დაჯგუფებებმაც. მათ შორის დიდი ბრძოლა მიდის" - კვირის პალიტრა

"მთავრობის დაკომპლექტების პრობლემა წარმოშვა "ოცნების" შიგნით არსებულმა დაჯგუფებებმაც. მათ შორის დიდი ბრძოლა მიდის"

მიუხედავად პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადებისა, რომ თითქოს მინისტრობის კანდიდატები უკვე შერჩეულია, დღემდე მათი ვინაობა უცნობია. სავარაუდოდ, კადრების შერჩევის პროცესი რთულად მიმდინარეობს. კვლავ აქტუალურია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის საკითხიც. რატომ ვერ ელევა მას "ქართული ოცნება"? ერთ-ერთი ვერსიით, ის თითქოს აშანტაჟებს თანაგუნდელებს... მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებასა და მისი დაკომპლექტების პრობლემებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ვრცლად ისაუბრა ესპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

- ქვეყანას სჭირდება სწრაფი და რეალური რეფორმები, თუმცა გასაანალიზებელია, რა იგულისხმება ამაში. როდესაც ამაზე ვლაპარაკობ, მე ვგულისხმობ, რომ მმართველობითი სისტემა შესაცვლელია. სახელმწიფო უნდა აიგოს სხვა პრინციპით, პოლიტიკური ცხოვრება უნდა მოწესრიგდეს. რაც ახლა ხდება - სამინისტროების შეერთება, გაყოფა და ა.შ. აქამდეც არაერთხელ გვინახავს... რა შედეგზეა გათვლილი ეს ცვლილებები, იცის ვინმემ?!

...

გარდა ამისა, ჩვენ კონსტიტუციურად ვართ საპარლამენტო მმართველობა, მაგრამ განა ეს რეალურია?! საპარლამენტო მმართველობა ნიშნავს, რომ გამარჯვებული პარტიის ლიდერი ხდება პრემიერი, პარლამენტი კი ახერხებს მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობას. თუ პარტიის თავმჯდომარე ისევ რჩება პარტიის თავმჯდომარედ და ის გვინიშნავს ქვეყნის პირველ პირს, მაშინ რა წყობას ვიღებთ?

ასეთი პრინციპით აწყობილი სისტემა ეფექტიანი ვერასდროს იქნება. კვირიკაშვილი ორი წლის განმავლობაში პრემიერი იყო, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, ისევე როგორც მისი წინამორბედი და იცით, რატომ? მათ საკუთარი მინისტრთა კაბინეტის შექმნაც კი ვერ შეძლეს.

მათ მინისტრთა კაბინეტში ვიღაცას ივანიშვილი ნიშნავდა, ვიღაცას - პოლიტიკური სუს-ი, ვიღაცას - კიდევ სხვა... როდესაც ასეთი ვერტიკალი არ არის, როდესაც გუნდი არ არის, წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

როდესაც მეკითხებით, ბახტაძე იქნება თუ არა წარმატებული, ჩამოყალიბდება თუ არა ლიდერად, შეძლებს თუ არა რეფორმების გატარებას, ჩემი პასუხია - ვერა! ის ახალგაზრდა და მოტივირებული ადამიანია, მაგრამ დღეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში პრემიერი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური კაპიტალი, ვერაფერს იზამს.

ასეთი პოლიტიკური კაპიტალი "ქართულ ოცნებაში" ერთადერთ კაცს აქვს - ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

როდესაც ის პრემიერობიდან გადადგომას აპირებდა, ღია წერილით მივმართე. ვუთხარი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლებოდა, რომ ცუდად წავიდოდა საქმე... ასეც მოხდა... ახლა დაბრუნდა პოლიტიკაში და დაბრუნდა არასწორ ადგილზე. ის უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც რეალურად შეძლებს მართვას. სხვაგვარად ეს სისტემა არ მუშაობს და ვერც იმუშავებს.

...ყველაფრის მიუხედავად, "ქართულ ოცნებას" ჯერჯერობით მაინც აქვს რესურსი, რომ ცუდად მიმავალი პოლიტიკური პროცესი შეაჩეროს და შემოაბრუნოს, ოღონდ ამას სჭირდება უმნიშვნელოვანესი ხარვეზის გამოსწორება - პრემიერად სხვა კაცი არ უნდა იჯდეს და ქვეყანას რეალურად სხვა არ უნდა მართავდეს! მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ ამით უნდა დაიწყოს. ჩემი აზრით, თუ წლის ბოლომდე "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს ცუდად მიმავალი პროცესების შეჩერებას, მას ძალიან გაუჭირდება. ამან შეიძლება მიგვიყვანოს უმართავ პროცესებამდე, ისევ ქუჩაში გადაინაცვლოს პოლიტიკურმა აქტიურობამ და ამას რა მოჰყვება, არავინ იცის. ჩემი აზრით, "ოცნებამ" უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ალბათ, მიიღებს კიდეც. ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კიდევ იქნება ცვლილებები...

...

კადრების შერჩევა, ვფიქრობ, კომპლექსური პრობლემაა. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში პროფესიონალი ცოტაა, მათგან პოლიტიკაში წასვლაც ძალიან ცოტას უნდა. სულ არ არის გასაკვირი, თუ ადამიანი, რომელსაც აქვს წარმატებული კარიერა, მით უფრო - უცხოეთში და აქვს მაღალი ანაზღაურება, ჩამოსვლასა და მინისტრობაზე უარს ამბობს.

გარდა ამისა, მას ვერ ექნება სტაბილურობის განცდა, რადგან არავინ იცის, როდის გაუშვებენ ამ პრემიერს თანამდებობიდან და თავის მოყვანილ ადამიანებსაც, ტრადიციულად, უკან მიაყოლებენ. ძალიან რთულია, გადადგა ასეთი ნაბიჯი და მინისტრის პორტფელი ჩაიბარო, როდესაც გუნდის იმედი არ გაქვს.

მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების პრობლემა წარმოშვა პარტიის შიგნით არსებულმა დაჯგუფებებმაც. მათ შორის დიდი ბრძოლა მიდის. ეს ჯგუფები საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ შეადგენს 2020 წლის საპარლამენტო სიას, ამიტომაც გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა სულ უფრო მძაფრდება.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

ნათია დოლიძე