ვინ იქნებიან მამუკა ბახტაძის "მცირე მთავრობის" ახალი წევრები? - კვირის პალიტრა

ვინ იქნებიან მამუკა ბახტაძის "მცირე მთავრობის" ახალი წევრები?

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.

ვინ არიან წარდგენილი კანდიდატები?

ჩვენი ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანს ბოლო წლებში კომპანია “ჯეოსელის” კომერციული დირექტორის თანამდებობა ეკავა.

მიხეილ ბატიაშვილი, ამ დრომდე გახლდათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

წლების განმავლობაში იყო ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

იყო „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტის ხელმძღვანელი, (პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი, რომლის მშენებლობასაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებდა.)

2012 წელს მიხეილ ბატიაშვილი გახდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი.

იყო მსოფლიო ბანკის ეკონომიკური რეფორმის ცენტრის ვიცე დირექტორი. ასევე ის გახლავთ საკონსულტაციო კომპანიის “IPN Consulting”- ის თანადამფუძნებელი.

მიხეილ ბატიაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

BMG-ის ინფორმაციით,  გიორგი ქობულია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის და ამერიკული ემორის კურსდამთავრებულია. 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზის“ (McKinsey) გუნდის წევრია და დღეს უფროსი პარტნიორის რანგშია McKinsey-ის მოსკოვის ოფისში, სადაც საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიას უწევს კონსულტირებას: ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, მეტალურგიული სექტორის და ასევე წიაღისეულის მომპოვებელ-გადამმუშავებელ კომპანიებს, რაც მოიცავს მათ ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას, სტრატეგიის შემუშავებას, შესყიდვების მწყობრი სისტემის დანერგვას და მრავალ სხვა მიმართულებას.

ვიდრე McKinsey-ის შეუერთდებოდა, ქობულია საქართველოს კარდიოლოგიის ინსტიტუტის კარდიოლოგი იყო. იგი ასევე უმსხვილესი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck, Sharp & Dohme-ის მეცნიერ-თანამშრომელიც იყო“.

მთავრობაში სულ 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი იქნება.