რომელ საფეხბურთო ნაკრებს გულშემატკივრობენ ქართველი პოლიტიკოსები? - კვირის პალიტრა

რომელ საფეხბურთო ნაკრებს გულშემატკივრობენ ქართველი პოლიტიკოსები?

ფეხბურთში მსოფლიო პირველობა დასასრულს უახლოვდება, ფინალისტები უკვე ცნობილია - ახალი ჩემპიონის ვინაობა საფრანგეთისა და ხორვატიის დაპირისპირებაში გაირკვევა. როგორც აღმოჩნდა, ქართველი პოლიტიკოსები ფეხბურთის გამოცდილი გულშემატკივრები არიან. ორივე გუნდს ჩვენში საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, განსაკუთრებით ხორვატიას, რომელმაც ნახევარფინალის გზა ოკუპანტის ქვეყნის "რუსეთის" ნაკრებს გადაუკეტა.

kvirispalitra.ge დაინტერესდა უყურებენ თუ არა ქართველი პოლიტიკოსები ფეხბურთს და რომელ გუნდს გულშემატკივრობენ.

გიგა ბუკია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

"ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ცოტა უცნაური თამაშებია - არგენტინა და სხვა სერიოზული გუნდები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მე პირადად ბრაზილიას ვგულშემატკივრობდი, გულდაწყვეტილი ვარ მისი წარუმატებლობით.

რაც შეეხება საყვარელ ფეხბურთელს, ვინ როგორ თამაშობს იმის მიხედვით ვარჩევ კონკრეტული თამაშიდან გამომდინარე. თავგადაკლული არცერთი ფებურთელის "ბალეშჩიკი" არ ვარ.

ენძელა მაჭავარიანი, "ქართული ოცნების" წევრი:

"ფეხბურთს ვუყურებ, ჩემი საყვრელი გუნდი არის საქართველოს ნაკრები, ასევე თბილისის "დინამო", მაგრამ რადგან ჩვენი ნაკრები არ თამაშობს, ამ ჩემპიონატზე ვინც კარგად თამაშობს, იმას ვგულშემატკივრობ. გამიხარდებოდა ინგლისი თუ გახდება მსოფლიო ჩემპიონი...

ჩემი შვილი, რომელიც 10 წლისაა, მესის ფანია, ძალიან გულდაწყვეტილია არგენტინის გავარდნით.

ისე ამ ჩემპიონატზე ფრანგებს კარგი გუნდი ჰყავთ, რაც ფინალში გასვლითაც დადასტურდა, მომწონს ხორვატიაც, მინდა, სწორედ მან გაიმარჯვოს.

ირაკლი აბესაძე, "ევროპული საქართველოს" წევრი:

"ფეხბურთში არგენტინას და ბრაზილიას ვგულშემატკივრობდი, თუმცა, სამწუხაროდ, ვერცერთმა ვერ გამიმართლა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო მარადონა, ახლა კი არავინ".

ეკა ბესელია, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი:

"ფეხბურთს გვიან ღამე ვუყურებ და დიდი ხანია ბრაზილიას ვგულშემატკივრობ. იმედი მქონდა, ჩემპიონი ბრაზილია გახდებოდა".

რომან გოცირიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: "ვგულშემატკივრობდი ესპანეთს და ბელგიას. ჯერ კიდევ მერვედფინალების წინ ვთქვი, რომ ბელგია მოუგებდა ბრაზილიას, გადაეყრებოდა საფრანგეთს და წააგებდა, საფრანგეთი კი გახდებოდა ჩემპიონი.

აგერ ნივთმტკიცებაც,

ფინალში ვის შეხვდება, ესეც მაშინ გამოვთვალე. მოწმეებიც მყავს-პოლიტიკური მოწინააღმდეგები. პარლამენტის ბიუროს სხდომის წინ განვაცხადე დეპუტატების თანდასწრებით და განსაკუთრებით სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, კარგი ფეხბურთელისა და ამ ჩემპიონატის სატელევიზიო ექსპერტის, მიხეილ ყაველაშვილის გასაგონად. მიმიწვიეთ თქვენს განხილვებში მეთქი. მსოფლიო ჩემპიონს დაგისაბუთებთ მეთქი. არ დამიძახეს და თავიანთ თავს დააბრალონ.

ბელგიის წაგება მეწყინა...

ხორვატიისთვის კი ეს უზარმაზარი მიღწევაა. ეყოფა. სამართლიანობაც ხომ უნდა არსებობდეს. ხორვატია ჩემპიონი გახდეს და ჰოლანდია ერთხელაც არა, ალოგიკურია". (წყარო)

ზაქარია ქუცნაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

"ზოგადად არგენტინის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, მეოთხედფინალში დამარცხდა. ურუგვაის ჰყავდა ძალიან ძლიერი გუნდი, მეგონა, ფინალშიც ვიხილავთ. ფრანგები კი, როგორც ყოველთვის თამაშობენ კლასიკურ ევროპულ ფეხბურთს და გამარჯვების დიდი შანსიც აქვთ.

თინა ბოკუჩავა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"იშვიათად ვუყურებ და შესაბამისად, დიდი გულშემატკივარი არ ვარ, თუმცა რუსეთი-ხორვატიის თამაში ვნახე, დიდი იმედი, მაქვს, რომ ხორვატია გაიმარჯვებს!"

თიკო ოსმანოვა (სპეციალურად საიტისთვის)