"ძალიან მაოცებდა ამ სამყაროში ორი რამ: მაღლა – მოჭედილი ცა და დაბლა – ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა" - კვირის პალიტრა

"ძალიან მაოცებდა ამ სამყაროში ორი რამ: მაღლა – მოჭედილი ცა და დაბლა – ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა"

გავაკეთე სერიოზული აღმოჩენა. თურმე ძალიან ვგავარ გენიალურ გერმანელ ფილოსოფოსს იმანუელ კანტს, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.

რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ის გერმანელ ფილოსოფოსს არა გარეგნულად, არამედ იდეებით გავს. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან, "ქართული ოცნების" საკადრო პოლიტიკა გააკრიტიკა.

"დღევანდელი გამოსვლების მერე და მას შემდეგ რაც მოვისმინე მთავრობის პროგრამა, ვიზუალურად შევხედე მთავრობას, გავაკეთე სერიოზული აღმოჩენა. თურმე ძალიან ვგავარ გენიალურ, გერმანელ ფილოსოფოსს იმანუელ კანტს. გარეგნულად კი არა, მე და ბატონ იმანუელ კანტს გვაქვს ერთნაირი იდეები. კანტმა ბრძანა - მე მუდამ მაოცებდა ორი რამ - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონები ჩემში. თურმე მეც ასე ვფიქრობდი, რომ ძალიან მაოცებდა ამ სამყაროში ორი რამ - მაღლა მოჭედილი ცა და დაბლა ბატონ ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა. საიდან მოიყვანეთ ეს ხალხი?! აი როგორც ვარსკვლავები გამოანათებენ და ჩაქრებიან, ზოგი ბჟუტავს კიდეც, საიდანღაც გაჩნდებიან, მერე ისევ გაქრებიან. აი ახლა ისევ ახალი გუნდი შემოვიდა და ყველას დაგვავიწყდა ისინი, ვინც იყვნენ. რომელი საკადრო პოლიტიკით ფორმირდება დღევანდელი ქართული მთავრობა. ამოიწურა "ქართუს" რეზერვები თუ "რეზერვუარები" და გაცდა "ქართუს" არეალს თქვენი საკადრო პოლიტიკა და ახალი კადრებით შეივსო", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების ადგილი მთავრობაში არ არის.

"პიროვნულად არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგო, თუმცა მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი არ მოდიან იქ სადაც მათი ადგილია. რამდენიმე თვეში ამას თვითონ მიხვდებიან და დარწმუნდებიან, თუ ადამიანი არ არის თავის ადგილზე, მაშინ იგი გახდება დაცინვის, "ვანოს შოუს", "ღამის შოუს" და პარლამენტ შოუს ობიექტი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"