ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი?!
ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი?!
"გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველო ნატოში გასაწევრებლად მოვამზადოთ", - ეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული დეკლარაცია დამტკიცდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრებლად საქართველოს აუცილებლად დასჭირდება გაწევრების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება. მოკლედ, მიუხედავად დიდი მოლოდინისა, საქართველო დაახლოებით 10 წლის წინანდელ პოზიციაზეა, ჩვენთვის ალიანსის კარი ღიაა, თუმცა მასში შესვლა ისევ გაურკვეველი პერსპექტივაა. გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- სიმართლე გითხრათ, ამ
სამიტისგან განსაკუთრებულ გადაწყვეტილებებს არც ველოდი. ვიცი, რომ არსებობს გარემოებები, რომელთა გამო დასავლეთი ამ კონკრეტულ მომენტში საქართველოს ვერ მიიღებს ალიანსში. სამწუხაროდ, ფუჭი მოლოდინის გაჩენას საზოგადოებაში ხშირად მიზანმიმართულად უწყობს ხელს პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ დასავლეთში ეძებს შველას - ეს ის ხალხია, ვისაც საკუთარი ინიციატივის, მოქმედების
გეგმის დასახვისა და ხორცშესხმის შნო არა აქვს და მხოლოდ დასავლეთზეა დამოკიდებული, იქ ეძებს ყველა მიმართულებით ხსნას. შესაბამისად, ალიანსის ყოველი ახალი ფორუმის წინ აჩენენ რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინს. როცა ეს არ ხდება, ამას მოსდევს საზოგადოების იმედგაცრუება და ნიჰილისტური განწყობა, რაც ნამდვილად ძალიან ცუდია. შესაძლოა განსაზღვრული ჯგუფები სწორედ ნიჰილიზმის გაღვივებისთვისაც კი ცდილობენ შეუსრულებელი პერსპექტივების დახატვას.
ჩემი აზრით, ამ სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რაც ირიბად ჩვენთანაც არის დაკავშირებული. ვგულისხმობ ევროპის ქვეყნებისთვის გაკეთებულ აშშ-ის მწვავე განცხადებებს. ტრამპმა სრულიად გასაგებად თქვა ის, რასაც ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ძალიან ხისტად ამბობს. ეს შეეხება განსაკუთრებით გერმანიას, რომლის მიმართაც ტრამპი ძალიან მკაცრი იყო, მას ასეთივე რიტორიკა არ გამოუყენებია საფრანგეთზე საუბრისას, თუმცა დაახლოებით იგივე იგულისხმებოდა. პრაქტიკულად, დღეს გერმანია და საფრანგეთი წარმართავენ ევროპის პოლიტიკას, რუსეთთან ურთიერთობის მათი პოლიტიკა, როგორც აღმოჩნდა, აშშ-ისთვის ძალიან მიუღებელია.

ჩვენ რატომ გვიკავშირდება ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ გერმანია და საფრანგეთი ის ორი ქვეყანაა, რომლებიც ესპანეთთან ერთად, საქართველოს ნატოში გაწევრების კატეგორიული წინააღმდეგი არიან. ამ პოზიციაზეა იტალიაც, მაგრამ ამ ქვეყნის აზრი დღევანდელ გეოპოლიტიკაში გადამწყვეტი არ არის. ამიტომაც არის დაკავშირებული ეს ნაბიჯი საქართველოსთანაც. აშშ-ის ასეთი ხისტი პოზიცია, ვფიქრობ, გარკვეულწილად იმოქმედებს ზემოთ ნახსენები ქვეყნების რუსეთთან დამოკიდებულებაზე.

დასავლეთი ძალიან დიდხანს უყურებდა ბატკნის თვალებით იმას, თუ როგორ იკავებდა რუსეთი სხვადასხვა სივრცეს პოლიტიკურ თუ მედიასივრცეში. ვფიქრობ, ეს მიდგომები სასწრაფოდ შესაცვლელია, რაც აუცილებლად აისახება საქართველოზეც.

- გარდა განცხადებებისა, რა ბერკეტები აქვს აშშ-ს ევროპის წამყვან ქვეყნებზე გავლენისთვის?
- აშშ-სა და განსაკუთრებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ მექანიზმები ევროპაზე ზეწოლისთვის. არ ვგულისხმობ სავაჭრო ომს აშშ-სა და ევროპას შორის. ვგულისხმობ სხვა ტიპის ფინანსური გავლენების გამოყენებას.

- დავუბრუნდეთ საქართველოს საშინაო საქმეებს. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მის მცირე მთავრობაში მხოლოდ სამი ახალი პირია...
- სიტუაცია მეტად ეკლექტიკურია, შესაბამისად, შეფასებაც ასეთივე გამომივა - ვფიქრობ, რამდენიმე პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა არის ბევრი ხარვეზიც. ჩემი აზრით, მთავრობის შემცირება სწორი ნაბიჯია, მაგრამ ეს თვითმიზნად არ უნდა იქცეს. პოზიტიურია ის, თუ როგორ გადანაწილდა ფუნქციები ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის. საინტერესო სვლები გაკეთდა, რადგან ფუნქციათა დუბლირება გარკვეულწილად მოიხსნა. ასევე სწორად მიმაჩნია რელიგიის სააგენტოს მიერთება შერიგებისა და თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან. რაც მთავარია, მამუკა ბახტაძემ ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთა და მწვავე ნაბიჯები დააანონსა განსაკუთრებით საგადასახადო სისტემასა და საფინანსო სფეროში. მთავარია, ეს ნაბიჯები ნამდვილად გადაიდგას.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პოზიტიურია, ეს არ არის საკმარისი, მით უფრო, რომ უზარმაზარი საგარეო ვალი გვაქვს და, პრაქტიკულად, ძალიან რთულ ვითარებაში ვართ.

აქვე ვიტყვი, რომ ჩემთვის სრულიად მიუღებელია კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება. საქმე ის არის, რომ ამჟამად განათლება რეფორმირების პროცესშია და გაერთიანებით ჩვენ რეფორმირებას ვერასდროს დავასრულებთ. რაც საქართველოს განათლების სისტემაში ხდება, კატასტროფაა. ჩვენ ვზრდით თაობებს, რომელთაც ვაძლევთ ყოვლად გაუგებარ ზოგად განათლებას და არა ღრმა ცოდნას. კულტურის სამინისტროში სპორტი და ძეგლთა დაცვის საკითხებიც ხომ შედიოდა, რაც ისედაც მეორე პლანზე იყო გადასული, ახლა მთლად დაიკარგება, იმიტომ კი არა, რომ ვინმე ყურადღებას არ მიაქცევს, არამედ იმიტომ, რომ სისტემის შექმნა ასეთ მონსტრში ძალიან რთულია.

არ ვიცნობ არც ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებად წარმოდგენილ პირებს, ვნახოთ, რას შეძლებენ.

კახი კახიშვილის მთავრობის ადმინისტრაციაში მოსვლა კარგია, თუმცა მიმაჩნია, რომ მისი დიაპაზონი გაცილებით დიდია, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოს "ქართულმა ოცნებამ".
ასევე კარგია, რომ პრემიერის აპარატი იბრუნებს განსაზღვრულ ფუნქციებს, მაგალითად, რეგიონების ზედამხედველობას. კვირიკაშვილის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ თვითმმართველობის საკითხები და რეგიონული პოლიტიკა მთლიანად ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადააბარა, სადაც საერთოდ დაიკარგა ეს პრობლემატიკა. ჩემი აზრით, რეგიონებში კატასტროფული მდგომარეობაა როგორც თვითმმართველობაში, ისე საკადრო პოლიტიკისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისითაც.

- "სრულიად ცალსახაა, რომ წულუკიანის მთავრობაში დატოვება ნიშნავს მართლმსაჯულების სისტემაში "კოლექტიური მურუსიძის" შენარჩუნებას", - ასე შეაფასა გია ხუხაშვილმა იუსტიციის პოსტზე თეა წულუკიანის დატოვება.
- "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი. მხოლოდ წულუკიანზე ხელის შეწმენდა არ შეიძლება. ბევრი რამ გუნდის გადაწყვეტილება იყო და არა მისი. შეიძლება სწორედ ამიტომაც არ გაუშვეს, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მას ბევრი უპირისპირდება არა დაშვებული შეცდომების გამო, არამედ იმიტომ, რომ ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა.

- მაინც რაში გამოიხატება მისი სიძლიერე? შეგახსენებთ ჩაფლავებულ სასამართლო რეფორმას, პროკურატურაში შენარჩუნებულ ძველ სისტემას და კადრებს, წაგებულ საერთაშორისო პროცესებს...
- გეთანხმებით, მას ბევრი გადაცდომა აქვს, კრიტიკას ვერ უძლებს ის გადაწყვეტილებები, რაც უცხო ქვეყნების სასამართლოებში წინა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის თაობაზე მიიღეს. მეტსაც გეტყვით, პროკურატურაში საერთაშორისო მიმართულების ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დღემდე მუშაობს ვანო მერაბიშვილის ახლობელი, რომელიც სწორედ მერაბიშვილის მინისტრობისას აღზევდა. როგორ წარმოგიდგენიათ, საერთაშორისო სასამართლო პროცესებზე რა დოკუმენტაციას გაგზავნიდა, ვთქვათ, კეზერაშვილის თაობაზე?
ერთი ფარატინა ქაღალდი გაგზავნეს და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. წულუკიანის შეცდომაც სწორედ ეგ არის, ასეთი ხალხი რომ არ მოაშორა პროკურატურას, როცა ამის ძალა შესწევდა.

- როგორც მოსალოდნელი იყო, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე შეარჩია. თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის კანდიდატურის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღო, თითქოსდა ამით სურდა საპროკურორო საბჭოს დამოუკიდებლობა ეჩვენებინა. მოგეხსენებათ, წულუკიანი თადუმაძის შვილის ნათლიაა... როგორ ფიქრობთ, ამგვარი დემონსტრაციულობით საზოგადოება უფრო მეტად არ ღიზიანდება, როცა თვალში ნაცარს ასე ცხადად აყრიან? ან თქვენი აზრით, შესაძლებელია, რომ თადუმაძე მართლაც პოლიტიკური თამაშებისგან დამოუკიდებელ მთავარ პროკურორად მოგვევლინოს, როდესაც მთელი ეს შერჩევის პროცესი, ფაქტობრივად, ფარსად იქცა?
- საპროკურორო საბჭოზე წულუკიანს გავლენა, რა თქმა უნდა, აქვს და მიიღებდა თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას, არაფერს ნიშნავს, თუმცა ერთ რამეს დარწმუნებით გეტყვით - თადუმაძის კანდიდატურა მისი წამოყენებული ნამდვილად არ იყო. ეს ზუსტად ვიცი. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ვითარებას გარიდებოდა - შვებულების აღების ამბავს გაგახსენებთ.
როგორც ვიცი, კანდიდატურების წარდგენისას სხვადასხვა ძალას შორის კულუარული ხელჩართული ბრძოლა იყო და ეს შეეხება "ქართულ ოცნებაში" არსებულ ვითარებასაც. იყო მთელი რიგი მანევრები, რამაც საბოლოოდ განაპირობა იმ სამი კანდიდატურის შერჩევა, რომელთაგან ერთმა - შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

მოგეხსენებათ, საქართველოში ყველა პოლიტიკაშია ჩართული, ამიტომაც ყველას უნდა, რომ ნებისმიერ საკვანძო ადგილას ჰყავდეს ადამიანი, რომელსაც მარტივად დაურეკავს. სამწუხაროდ, ჩვენში ისე ხდება, რომ გონიერი ადამიანები სწორი პროცესის შედეგად კი არა, შემთხვევით თუ ხვდებიან თანამდებობებზე და იქაც ხშირად არ აჩერებენ. საბოლოოდ ვიღებთ იმ შედეგს, რაც არის ჩვენი ცხოვრების წესის ადეკვატური. თადუმაძე არც ცუდი ადამიანი მგონია და არც უცოდინარს ჰგავს, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, როგორი მთავარი პროკურორი იქნება. ესაა სწორედ პრობლემა.
როდესაც ადამიანი მიდის ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, თან ისეთი მძიმე პროცესების შედეგად, რასაც წინა მთავარი პროკურორი გადაჰყვა, 80%-ით მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ, ეს კაცი გამოდგება ამ თანამდებობაზე თუ არა?!

ერთი რამ მინდა ვურჩიო თადუმაძეს - თუ მან საკადრო ცვლილებები არ დაიწყო, არ გაწმინდა პროკურატურა იმ ნაგვისგან, რაც იქ დაგროვდა, საქმეს არაფერი ეშველება. ძალიან გაუჭირდება სისტემის ამუშავება და რაც მთავარია, მასვე გამოუთხრიან ძირს ძალიან მალე.

- ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. "ქართულ ოცნებას" დაანონსებული აქვს, რომ კანდიდატურას ივლისის მიწურულს დაასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მმართველი ძალის კანდიდატურა სოზარ სუბარი ან სალომე ზურაბიშვილი იყოს. ასევე ითქვა, რომ "ქართულ ოცნებას" მოგება პირველივე ტურში უნდა, ამიტომაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი იყრის კენჭსო...
- ჩემი აზრით, არც ერთი კანდიდატურა რეალური არ არის. ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილზე მართლაც იყო გუნდში ლაპარაკი, მაგრამ ამ ეტაპზე ეს კანდიდატურა უარყოფილია, სოზარ სუბარის ბედიც სხვანაირად წყდება. რაც შეეხება ივანიშვილს, მას საერთოდ არ სურს თანამდებობაზე ყოფნა. ერთადერთი, შესაძლოა დასავლელი პარტნიორების განსაკუთრებული თხოვნის გამო შეიცვალოს აზრი და იყაროს კენჭი. მოახლოვდა კანდიდატურის დასახელების დრო და ვფიქრობ, ახლა გარკვეული ვერსიების მოსინჯვა მიმდინარეობს, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება "ქართულ ოცნებას" არ მიუღია.

- ამ ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრამ" გამოაქვეყნა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევის გზავნილები, საიდანაც ირკვევა, რომ ეს ჯგუფი საქართველოში მართლაც გარკვეული გეგმით იყო ჩამოსული. გასულ კვირას კი ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულ რამაზ მარგოშვილის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების ნაწილი გასაჯაროვდა, სადაც ის ამბობს, რომ ამავე სპეცოპერაციისას დაღუპული ასლანბეგ სოლტაჰმედოვი და იბრაჰიმ ადაშევი ერთ-ერთი ბიზნესმენის დაყაჩაღებას გეგმავდნენ.
- მთელი ეს ინფორმაცია ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ საქმე გვაქვს კლასიკურ სურათთან, თუ როგორ ხდება ტერორისტული ჯგუფის ქვეყანაში შემოღწევა, შემდეგ მისი "მოშინაურება" და სხვადასხვა ოპერაციის დაგეგმვა, მათ შორის შეიძლება იყოს ბიზნესმენის დაყაჩაღებაც და პოლიტიკური ტერორიც.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბევრი რამ გაუხმაურებელი იყო, ვამბობდი, რომ ჩვენ ძალიან დიდ ხიფათს გადავრჩით, დღეს ამას ყველა აშკარად ხედავს.
თუმცა ერთი კითხვა ძალიან მაწუხებს: საჭირო ხალხმა ამ სპეცოპერაციამდე კარგა ხნით ადრე იცოდა ჩატაევისა და მისი ჯგუფის საქართველოში ყოფნის ამბავი. რატომ არ გაანეიტრალეს ისინი დროულად? შეიძლება ვიღაცამ გვიპასუხოს, იმიტომ, რომ საბოლოოდ უნდა გარკვეულიყო მათი მიზნები და ამოცანები, ადამიანების ის წრე, ვინც ამაში იყვნენ ჩართულნიო და ა.შ. კი, ბატონო, გასაგებია, მაგრამ არსებობდა ძალიან დიდი საფრთხე, რომ ამ ჯგუფს დაესწრო სპეცსამსახურებისთვის და უბედურება დაეტრიალებინა. ვფიქრობ, ასეთ რისკზე არ უნდა წასულიყვნენ. ჩანასახშივე უნდა მოისპოს ამ ტიპის ჯგუფები.

- დასასრულ, მინდა გკითხოთ ხადას ხეობაში დატრიალებულ უბედურებაზე, სადაც მარნეულში წლების განმავლობაში მცხოვრები ამერიკელი წყვილი მცირეწლოვან შვილთან ერთად დახოცეს. ბრალდებული დაკავებულია, თუმცა კითხვა მაინც ბევრია. თქვენ თუ გჯერათ პროკურატურის ვერსიის, რომ დანაშაული ყოფითი კონფლიქტის გამო მოხდა და რას ფიქრობთ გამოძიებაში ეფ-ბი-აის ჩართვაზე?
- ძალიან დიდი უბედურება მოხდა, ვწუხვარ და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებსა და მეგობრებს. მიმაჩნია, რომ ეფ-ბი-აი აუცილებლად უნდა ჩაერთოს ამ საქმის გამოძიებაში, რათა არც ერთ მხარეს არ დარჩეს კითხვები და ჩრდილი არ მიადგეს საქართველოს სახელმწიფოს. მე ამ ოჯახის მარნეულში ცხოვრებისა და საქმიანობის თაობაზე მქონდა ინფორმაცია. გაინტერესებთ, ალბათ, საიდან - საერთოდ არ მეცოდინებოდა მათი არსებობის ამბავი, რომ არა მარნეულის მოქალაქეები, რომლებიც ამ ოჯახზე მესაუბრნენ, მათ რატომღაც აეჭვებდათ მათი საქმიანობა და მე, როგორც ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ადამიანს, დამისვეს შეკითხვები, თან არაერთხელ... არ მაქვს საფუძველი გამოძიების მიერ წარმოდგენილ მოტივში ეჭვი შევიტანო, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად უნდა გამოიძიონ.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები