"წულუკიანი ხელისუფლებისთვის იქნება კომპრომატი... სალომე ზურაბიშვილი კი შეიძლება მარგველაშვილზე დიდი პრობლემა აღმოჩნდეს" - კვირის პალიტრა

"წულუკიანი ხელისუფლებისთვის იქნება კომპრომატი... სალომე ზურაბიშვილი კი შეიძლება მარგველაშვილზე დიდი პრობლემა აღმოჩნდეს"

იქნება თუ არა ეფექტიანი პრემიერ მამუკა ბახტაძის მცირე მთავრობა და შეძლებს თუ არა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავებას - ეს კითხვები საზოგადოების დიდ ნაწილს აღელვებს, თუმცა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია.

- მთავრობაზე საუბარი და დასკვნების გაკეთება ნაადრევია. ის გეგმა, რომელიც პრემიერმა წარმოადგინა, ეკონომიკის ტრანსფორმაცია და მიდგომები, ჩემთვის მისაღებია. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ორიენტირება მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაზე არ იქნება, ეს კი დასაქმების საკითხს გადაწყვეტს და სოციალურ რისკებს შეამცირებს. ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ არის ორიენტირებული კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობაზე, ფაქტობრივად, განწირულია მარცხისთვის, ეს კი მუდმივი არასტაბილურობის საფუძველი ხდება. თუმცა ვნახოთ - ერთია განაცხადი და მეორე მისი აღსრულება. ლამაზი და კარგად შეფუთული განცხადებები ბევრი გვინახავს, მაგრამ შედეგიანი არცთუ ისე ბევრი. ასე რომ, დაველოდოთ რეალურ ქმედებებს.

ერთადერთი ხარვეზი, რაც ამ ეტაპზე დავინახე, ის არის, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანი დარჩა. ეს პრობლემაა, რომელიც ზიანს აყენებს ამ რეფორმების პროცესს.

- მთავრობის ახალ სახეებზე რას ფიქრობთ? - საუბარი შეუძლიათ, საქმეში კი ჯერ არ გვინახავს, ამიტომ მათ საქმიანობას ვერ შევაფასებ.

- წულუკიანი დარჩა, ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი კახი კახიშვილი კი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გადაიყვანეს... - რეფორმატორობის ნიჭი ამ მთავრობაში ბევრს არ გამოუვლენია. კახიშვილი იყო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, ვინც თავის უწყებაში რეალური რეფორმა გაატარა.

მერჩივნა იუსტიციის მინისტრად კახიშვილი მეხილა, ვიდრე წულუკიანი. ეს ქვეყანასაც წაადგებოდა და ხელისუფლებისთვისაც ბევრად უკეთესი იქნებოდა.

- წულუკიანის დარჩენა რა პრობლემებს შეუქმნის "ოცნების" ხელისუფლებას? - წულუკიანი თვითონ ხელისუფლებისთვის იქნება კომპრომატი. ხელისუფლებას სჭირდება სწრაფი შედეგები. ამის მიღება შეიძლებოდა მართლმსაჯულების სისტემის კარგი და აგრესიული რეფორმების დაწყებით. წულუკიანის დატოვება კი ნიშნავს იმას, რომ მართლმსაჯულების რეფორმის გატარებას ხელისუფლება არ აპირებს. წულუკიანის შვილობილია "კოლექტიური მურუსიძე", თავის შვილს კი არავინ აგდებს. ასე რომ, წულუკიანი თვითონ ხელისუფლებას შეუქმნის სერიოზულ რისკებს.

- კონკრეტულად, რა რისკებს? - რადგან ეკონომიკაში სწრაფი შედეგი არ მიიღება, სხვაგანაც არ გატარდება განსაკუთრებული რეფორმები, ადამიანები კი სულსწრაფები არიან - უკმაყოფილება უმაღლეს რეგისტრში ავა. ამიტომ ვამბობ, რომ "ოცნებას" პრობლემები შეექმნება.

- და ეს პრობლემები საპრეზიდენტო არჩევნებზე "ოცნების" კანდიდატის რეიტინგზე აისახება, თუ საპროტესტო მუხტის აგორებაა მოსალოდნელი? - უფრო შორს გავიხედავდი - წულუკიანისა და კიდევ სხვა ფაქტორები თუ არ შეიცვალა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ოცნებას" სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სერიოზულ პრობლემას არ ველოდები, თუნდაც იმიტომ, რომ პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს. ამიტომ სახელმწიფოებრივი კრიზისის შექმნა ნაკლებად სავარაუდოა.

- მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირება არ არის მოსალოდნელი? წულუკიანს მოწინააღმდეგეები ხომ თავად "ოცნებაშიც" ჰყავს? - შიდა დაპირისპირება პერმანენტულად "ქართულ ოცნებაში" სულ არის, მაგრამ ახლა არა მგონია, ამან რაღაც კრიზისი გამოიწვიოს...

ხელისუფლებაში არავის აქვს რესურსი, რომ რაღაც თამაში წამოიწყოს ან პროტესტი სერიოზულ სირთულეებში გადაიყვანოს. ამას ნაკლებად ველოდები. ცალკეული განცხადებები კი ამა თუ იმ საკითხებზე, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რეალური მოთამაშეები არ არსებობენ, ყველა ემყარება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს - ის არის შემკვრელი ძალა, ახლაც მოახერხებს ფსევდოერთიანობის შენარჩუნებას.

- არსებული ინფორმაციით, "ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. თქვენი აზრით, "ოცნება" წავა ამაზე? - ეს ძალიან სასაცილო იქნება. სალომე ზურაბიშვილი შეიძლება "ოცნებისთვის" მარგველაშვილზე დიდი პრობლემა აღმოჩნდეს.

- რის გამო შეიძლება წავიდეს "ოცნება" ამ რისკზე? - არ ვიცი, მკითხაობას ვერ დავიწყებ.

- მარგველაშვილის მონაწილეობას თუ ვარაუდობთ საპრეზიდენტო არჩევნებში?

- ვერაფერს გეტყვით, ეს არის ის ვითარება, როცა თვითონ მარგველაშვილმა არ იცის, რას იზამს.

- თუ მარგველაშვილმა გადაწყვიტა მონაწილეობა, სავარაუდოდ, რა შედეგი დადგება? - მარგველაშვილის მონაწილეობამ შეიძლება ხელისუფლებისთვის მეორე ტურის საფრთხე გააჩინოს. შეიძლება მეორე ადგილზე ვერ გავიდეს, მაგრამ მისი ფაქტორი უზრუნველყოფს მეორე ტურს. მარგველაშვილი წაიღებს იმ სამობილიზაციო რესურსს, რომელიც სხვა შემთხვევაში "ოცნებას" მისცემდა ხმას - იმ პრინციპით, რომ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპირ დარჩენილი ამომრჩეველი "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, მაგრამ თუ იქნება მესამე არჩევანი, იქით გადაიხრებოდა.

თიკო ოსმანოვა