"პუტინთან შეხვედრაზე ტრამპმა საკუთარი სახელმწიფო "ჩაუშვა" - კვირის პალიტრა

"პუტინთან შეხვედრაზე ტრამპმა საკუთარი სახელმწიფო "ჩაუშვა"

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ჰელსინკიში შეხვედრას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა, მით უმეტეს, რომ ნატოს სამიტის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ ორ პრეზიდენტს შორის მწვავე საუბარი გაიმართებოდა, თუმცა შეხვედრა ისე დასრულდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თანაპარტიელებმაც კი გააკრიტიკეს. კრიტიკა კი პრესკონფერენციაზე ტრამპის განცხადებას მოჰყვა, რომ პუტინის სიტყვების უფრო სჯერა, ვიდრე საკუთარი დაზვერვის სამსახურების. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა ვითარების განმუხტვა სცადა და კიდევ ერთი, ასევე ყველასთვის მოულოდნელი განცხადება ახლა უკვე თეთრი სახლიდან გააკეთა. პრეზიდენტმა თქვა, რომ სრულიად საპირისპირო რამის თქმა სურდა, თუმცა ამით ნეგატიური მუხტის ჩახშობა მაინც ვერ მოახერხა. ტრამპის განცხადების შესწორებიდან მალევე ასევე ცნობილი გახდა, რომ პუტინი თეთრ სახლს სექტემბერში ესტუმრება. რა გავლენას მოახდენს გლობალური პოლიტიკა საქართველოს საგარეო დღის წესრიგზე, "კვირის პალიტრა" "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა:

- მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია გაიმარჯვებდა არჩევნებში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის თანამიმდევრული იყო და აქცენტებიც არასოდეს იცვლებოდა, ტრამპმა კი, როგორც არაორდინარულმა პრეზიდენტმა, ახალი, სრულიად მოულოდნელი ინიციატივები გააჟღერა, რაც მსოფლიოში ამერიკის ტრადიციული საგარეო პოლიტიკიდან გადახვევად აღიქვეს. აშშ-ის ყველა ლიდერს ესმოდა, რომ ამერიკა გლობალური ძალაა, რომლის ეკონომიკაც არ შეიძლება იყოს იზოლირებული და ეს სახელმწიფოც ძლიერია მანამ, სანამ სწორედ გლობალურ პროცესებშია ჩართული, ტრამპს კი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკა აქვს, ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს ქვეყნის ეკონომიკა, რაც გამოჩნდა კიდეც სავაჭრო ურთიერთობების პოლიტიკის ცვლილებებში, ევროკავშირისთვის საბაჟო ტარიფების აწევასა და სხვა მსგავს ხისტ ინიციატივებში. არადა, მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის ეკონომიკა ისე არაა ინტერნაციონალიზებული, როგორც ამერიკის და ამას თავისი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს - რაც უფრო ინტენსიურია ეკონომიკური თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის, მით მეტია პოლიტიკური გავლენაც. თანაც, იზოლაციონიზმი ყოველთვის მოკლევადიან შედეგს გვაძლევს, შესაძლოა აშშ-ის ეკონომიკა ახლა მართლაც უპრეცედენტოდ იზრდება და მეტი სამუშაო ადგილიც იქმნება, მაგრამ რეალურად ეს არის რეგრესი, რომელიც აუცილებლად მივა ცუდ შედეგამდე - ომამდე ან სხვა კატაკლიზმამდე. თუ ტრამპი მსგავს ეკონომიკურ პოლიტიკას გააგრძელებს, აშშ-ის გავლენა ევროპაზე აუცილებლად შემცირდება და ეს მსოფლიოსთვის სახიფათო გახდება. როგორც ჩანს, ტრამპი გადაწყვეტილებებს ბიზნესხედვებიდან გამომდინარე იღებს, პოლიტიკა კი კომპლექსური სფეროა, სადაც ადამიანს ბევრი საკითხი უნდა ესმოდეს.

- ტრამპის განცხადება განსაკუთრებით გამაღიზიანებელი აღმოჩნდა პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც რესპუბლიკური პარტიის წევრებიც კი აღშფოთდნენ, რომ მან პოზიციები პუტინთან თითქოს დათმო. საქართველოზე რა გავლენას მოახდენს ქვეყნის მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერის ეს ნაბიჯი? - მომეჩვენა, რომ ტრამპი პუტინს დაახლოებით ისე ელაპარაკებოდა, როგორც მართლაც ისტორიული შეხვედრისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს. მასთან ენის მოჩლექით საუბარი კიდევ გამართლებულია, მაგრამ პუტინთან ანალოგიურად საუბარს ვერავინ გაიგებს. მით უმეტეს, როდესაც საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურებს პუტინთან აკრიტიკებ და ასევე ნეგატიურ კონტექსტში ლაპარაკობ შენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ძალაზე - დემოკრატებზე. მარტივი ფორმულაა - მტერთან მთავარ პრინციპებზე საუბრისას შენი ქვეყნის ერთიანობა უნდა გამოავლინო. ამერიკელი ჟურნალისტები წერდნენ, ვინმეს ეგონა, რომ ტრამპი პუტინთან სირიასა და უკრაინას "ჩაუშვებდა", ამ შეხვედრაზე მან უპირველესად საკუთარი სახელმწიფო "ჩაუშვაო". რაც შეეხება საქართველოს, ცოტა ხნის წინ ნატოს სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, სადაც საქართველო 18-ჯერ არის მოხსენიებული, რუსეთი კი უმწვავესადაა გაკრიტიკებული.

18-ჯერ მოხსენიება ნიშნავს, რომ ალიანსის ფოკუსი ჩვენკენ არის მომართული და რაც მთავარია, ასეთ მნიშვნელოვან დეკლარაციას აშშ-მაც მოაწერა ხელი. ასე რომ, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობაა პუტინთან პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ განცხადებებსა და ნატოს დეკლარაციის პოზიციას შორის, რაც დამაბნეველიც შეიძლება იყოს.

სამიტზე ითქვა ისიც, რომ საქართველო მაპ-ის გავლით უნდა გაწევრდეს ალიანსში, თუმცა იქვე მითითებული იყო, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა ნატოში გასაწევრებლად მოემზადოს. შესაბამისად, საქართველო მიიღებს ისეთი ტიპის დახმარებას, რომელსაც მაპ-ის მქონე სახელმწიფოები იღებენ. დეკლარაციაში საქართველო შავი ზღვის კონტექსტშია მოხსენიებული, რაც ნიშნავს, რომ შავი ზღვის ოპერაციებში ინტენსიურად გაგრძელდება ჩვენთან თანამშრომლობა და შესაძლოა ნატომ აქტიურად გამოიყენოს ქართული პორტები, რაც ჩვენთვის მეტ სამხედრო შესაძლებლობას აჩენს.

- რა არის დღეს მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი - ქვეყანა ვერ იღებს მაპ-ს, რუსეთი, როგორც აგრესორი, ოკუპირებული ტერიტორიები თუ ის, რომ ქვეყანა ვერ ახერხებს ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილებას? - რუსეთი. პუტინმა ნატოს სამიტის პარალელურად თქვა კიდეც, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრებას რუსეთის ხისტი რეაქცია მოჰყვება. ნატოს სტრატეგია ისეა შედგენილი, რომ ალიანსი ომში კი არ ერთვება, პრევენციაზე მუშაობს. ალიანსი ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარას ელოდება, ანუ ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებას, როგორიც იყო 2000-იან წლებში, როდესაც ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მოასწრეს ალიანსში გაწევრება.

სწორედ ამ მომენტისთვის უნდა მოვემზადოთ როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით.

რუსუდან შელია