შავი პიარის "შავი მუშები" - კვირის პალიტრა

შავი პიარის "შავი მუშები"

(AMBEBI.GE. 19 ივლისი)

პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ორგანიზებული შავი პიარის კამპანია მიმდინარეობს, რომლის მიზანი მინიმუმ მათი დისკრედიტაციაა.

ალავიძე და ქუმსიშვილი მათ წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე, ალბათ, თავად გასცემენ პასუხებს. თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღებას იმაზე გავამახვილებთ, რომ სავარაუდოდ დაკვეთილი მედიააჟიოტაჟის ავტორები ცდილობენ დარტყმა მიაყენონ იმ კერძო კომპანიების იმიჯს, რომელთაც არანაირი შეხება არ აქვთ პოლიტიკასთან და არც სახელისუფლებო ქვედა დინებებთან.

ეჭვი, რომ ეს კამპანია დაკვეთილია, რა თქმა უნდა, არ არის თითიდან გამოწოვილი. თუნდაც იმიტომ, რომ იმავე ქუმსიშვილზე "კომპრომატების" გამოქვეყნება ერთი და იმავე სქემით, ერთი და იმავე შინაარსით მიმდინარეობს - თურმე ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ბიზნესმენი ნათესავები ჰყავს და ისინი პროექტ "აწარმოე საქართველოში" მონაწილეობენ(!)

კიდევ ერთხელ ვიტყვით იმას, რაც არაერთხელ გვითქვამს და რაც არც არასოდეს დაგვიმალავს, რადგან დასამალი არაფერია. დიახ, "პალიტრამედიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი არის დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილი. დიახ, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესსუბიექტი "პალიტრამედია", რომელიც მედია და მომიჯნავე სფეროებში 20-მდე კომპანიას აერთიანებს და 2 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მონაწილეობდა, მონაწილეობს და მიიღებს მონაწილეობას ყველა იმ სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროგრამასა და ტენდერში, რაც ერთი მხრივ, ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარება და მეორე მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.

"პალიტრამედიის" ისტორია 23 წელს ითვლის, ხელისუფლებები იცვლებოდნენ, მედიაჰოლდინგი კი ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა. გვსურს, ეს კარგად დაიმახსოვრონ სხვადასხვა ანგაჟირებულმა "გამომძიებელ-ჟურნალისტებმა" და "არასამთავრობოებმა", რათა ხვალ კიდევ ერთხელ არ "აღმოაჩინონ", რომ თურმე ქუმსიშვილს ბიზნესმენი ნათესავები ჰყოლია.

პატარა გადახვევას გავაკეთებთ. დაკვირვებული მკითხველი თუ მაყურებელი შეამჩნევდა, რომ მსგავსი ტიპის შავი პიარის კამპანიებს ერთი ხელწერა აქვთ და რამდენიმეფაზიანია.

1) შავი სამუშაო - მედიასივრცეში კონკრეტული პირის თუ ორგანიზაციის მიმართ ბრალდებები (ხშირ შემთხვევაში სიცრუეზე აგებული) უნდა გაჟღერდეს. თავმოყვარე მედიასაშუალება თუ სხვა ორგანიზაცია ასეთ ბრალდებებზე ხელს არ მოაწერს. თუმცა ამისთვის არსებობენ ნაკლებად პოპულარული საიტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა მოტივით, მზად არიან, ეს იკისრონ.

2) თემის განვითარება - საქმეში ერთვება მძიმე არტილერია, როგორც წესი, "რუსთავი 2", რომელიც ამ ბრალდებების ავტორებს იყენებს რესპონდენტებად (ამით თავს იზღვევს, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში არ უჩივლონ), არ იწვევენ მეორე მხარეს ეთერში, არც ეკითხებიან მათ არაფერს (რადგან მეორე მხარის ერთი პასუხიც საკმარისია, რომ მათი "არგუმენტების" აბსურდულობა გამოაშკარავდეს), იღებს ვრცელ სიუჟეტებს და უფრო მაღალ დონეზე ფუთავს კამპანიას.

3) კულმინაცია - თუ მაყურებელი ანკესზე წამოეგო, მესამე ეტაპზე, "რუსთავი 2"-ის ტელეეთერში საქმეში ერთვებიან "შინაური" ექსპერტები თუ პოლიტიკოსები და შეტევა უკვე სხვა სიმაღლეებს აღწევს. რა თქმა უნდა, ეს გათვლილია იმაზეც, რომ ზოგიერთი სხვა მედიასაშუალებაც აჰყვება ამ აჟიოტაჟს...

დავუბრუნდეთ ჩვენს ძირითად სათქმელს... თურმე არსებობს ასეთი ორგანიზაცია - გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება. ჰოდა, ამ ორგანიზაციამ 17 ივლისს თავის საიტზე (იფაცტ.გე) გამოაქვეყნა "ჟურნალისტური გამოძიება" ხმამაღალი სათაურით: "ბიუჯეტი ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსანთა სამსახურში". ასეთი სათაურის წაკითხვის შემდეგ (თან ჟურნალისტური გამოძიების რუბრიკის ქვეშ), რა თქმა უნდა, მკითხველი იფიქრებს, რომ არიქა, გაიშიფრა ელიტური კორუფცია თავისი გვარ-სახელებითა თუ სქემებითო. თუმცა, მკითხველს იმედი გაუცრუვდება. კერძოდ, ამ "ჟურნალისტური გამოძიების" მთავარი "აღმოჩენა" ისევ და ისევ ის არის, რომ თურმე ქუმსიშვილს ბიზნესმენი ნათესავები ჰყავს, რომელთა კომპანიები პროგრამა "აწარმოე საქართველოში" მონაწილეობენ. მხოლოდ პატარა ამონარიდს მოვიყვანთ ამ "გამოძიებიდან": "ქართუ ბანკისგან" იაფი კრედიტი, 4.5 მილიონი ლარის ოდენობით, ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილის კომპანიამ, შპს "კოლორპაკმა" 2016 წელს მიიღო. სსიპ "აწარმოე საქართველოში"-მ ამ შემთხვევაში სესხის პროცენტის დასაფარად ბიუჯეტიდან 283,430 დოლარი დახარჯა..."

მოკლედ, მკითხველი ვერც მიხვდება, თუ რისი თქმა უნდათ "გამოძიების" ავტორებს. თუმცა, "რუსთავი 2"-მა "განმარტა", როდესაც 17 ივლისსავე, "კურიერის" გამოშვებაში ეს "ჟურნალისტური გამოძიება" მიაბა ქუმსიშვილის პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლის თემას.

"რუსთავი 2"-ის წამყვანმა ტრაგიკული ხმით დააანონსა: "როგორ იყენებდნენ სახელმწიფო რესურსებს ბიზნესის გასაფართოებლად ეკონომიკის მინისტრი, მისი ნათესავები და მოქმედი მაღალჩინოსნები". წამყვანმა შეშფოთებულმა ამცნო მაყურებელს, რომ თურმე ირკვევა - ზემოხსენებულ კომპანიებს ბანკის პროცენტს ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტი უხდიდა.

სიუჟეტის მთავარმა გმირებმა, "აიფაქტის" "ჟურნალისტური გამოძიების" ავტორებმა ისაუბრეს "ეკონომიკის სა-მინისტროს იაფ კრედიტზე" და განაცხადეს, რომ სამინისტრომ უნდა განმარტოს, იყვნენ თუ არა სხვა კომპანიები თანაბარ პირობებში და ყველას უფინანსებს თუ არა საბანკო პროცენტს სახელმწიფო. ერთ-ერთი "აიფაქტელი" ჟურნალისტის თქმით, თურმე ზოგიერთი ბიზნესმენი ჩივის, რომ მათ "აწარმოე საქართველოსგან" დახმარება ვერ მიიღეს.

ძალიან უხერხულია, რომ ელემენტარულ ანაბანაზე გვიწევს საუბარი "კოლეგებთან". არ დაგვენანება დრო და მათ პატარა გაკვეთილს ჩავუტარებთ - ზემოხსენებულ კითხვებზე პასუხის მიღება შეეძლოთ სულ რაღაც 15 წუთში. ამისთვის არსებობს სამი მეთოდი. 1. შეხვიდე "აწარმოე საქართველოს" საიტზე და წაიკითხო პროგრამის დებულება და გაიგო, რა წესით ხდება დიდი თუ მცირე კომპანიების დაფინანსება. 2. დარეკო "აწარმოე საქართველოში" და იკითხო. 3. დარეკო იმ კომპანიაში, რომელზეც "ჟურნალისტურ გამოძიებას" ატარებ და იქ იკითხო, თუ როგორ მიიღეს დაფინანსება.

მაგალითად, მათ "კოლორპაკში" რომ დაერეკათ, მთავარ კითხვაზე ხომ მიიღებდნენ პასუხს და სხვა უზუსტობებსაც ასცდებოდნენ. ჩვენ არ დაგვეზარა და დავრეკეთ.

გიორგი ჟორჟოლიანი ("კოლორპაკის" დირექტორი): "ჩვენმა კომპანიამ კრედიტი "ქართუ ბანკისგან" კი არ მიიღო, "თიბისი ბანკისგან"; კრედიტი ავიღეთ არა 2016 წელს, არამედ 2014 წელს; არა 4,5 მილიონი ლარი, არამედ დაახლოებით მილიონ ექვსასი ათასი დოლარი, რაც მაშინდელი კურსით სამ მილიონამდე ლარი იყო. 4,5 მილიონი ლარი არის სრულად განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა, რადგან "კოლორპაკმა" თვითონ, სხვა წყაროებიდან, დაახლოებით 1,5 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ბიზნესგეგმა 15 კაცის დასაქმებას ითვალისწინებდა, თუმცა დღეს 44 თანამშრომელი გვყავს.

სწორედ იმიტომ, რომ პირველი 2 წლის სუბსიდირება "აწარმოე საქართველოდან" ხდებოდა, ჩვენ გავრისკეთ და მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებას, ეტიკეტების ბეჭდვას, ნულიდან ვიწყებდით, 10-20 წლის მეორადი დანადგარების ნაცვლად, ამერიკული, უახლესი ტექნოლოგიის, საკმაოდ ძვირიანი, ეტიკეტების საბეჭდი დანადგარი შემოვიტანეთ საქართველოში, რომლის მსგავსი არც ქვეყანაში და არც რეგიონში არ იყო. ამ რისკმა გაამართლა, "კოლორპაკის" პროდუქციამ ჩაანაცვლა იმპორტი ძალიან ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის, არა მარტო თურქეთიდან და უკრაინიდან, არამედ იტალიიდან და ესპანეთიდანაც კი".

მოკლედ, ზემოხსენებული სამი მეთოდიდან ერთ-ერთის გამოყენებით, "გამომძიებლები" გაიგებდნენ მთავარს - პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში კომპანიები კრედიტს იღებენ ბანკებისგან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით - არა ბიუჯეტიდან ან ეკონომიკის სამინისტროდან, არამედ კომერციული ბანკებისგან. "აწარმოეს" საიტზე არსებული, ოფიციალური ინფორმაციით, "აწარმოე საქართველოსთან" 9 ბანკი თანამშრომლობს. შესაბამისად, ჯერ ბანკი აფასებს კომპანიის ბიზნესგეგმას და მის პერსპექტივებს და თუ სესხს უმტკიცებს, მხოლოდ ამის შემდეგ სახელმწიფო იმ მიზნით, რომ კომპანია და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკა განავითაროს, ორი წლის განმავლობაში უხდის ბანკის პროცენტს, კრედიტის ძირ თანხას სრულად მსესხებელი კომპანია იხდის. ორი წლის შემდეგ კი თავად კომპანია იხდის პროცენტსაც და საბოლოოდ, ფარავს სესხს. ასე ხდება აბსოლუტურად ყველა ბენეფიციარის შემთხვევაში!

"თუ კომპანიას ბანკმა დაუმტკიცა სესხი და ის პროდუქტი, რომლის წარმოებასაც აპირებს, ჩვენს პრიორიტეტთა ნუსხაშია, ავტომატურად მეწარმე-სუბიექტი ხდება ჩვენი ბენეფიციარი", - აცხადებს მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია.

ძვირფასო "გამომძიებელ-ჟურნალისტებო" - ხედავთ, რა მარტივია ყველაფერი. სულ რამდენიმე წუთში შეგეძლოთ გაგეგოთ ის, რასაც "იძიებთ" - ბანკი სესხებს არ იძლევა იმის მიხედვით, ვინ ვისი ნათესავია.

ასევე, თუ რომელიმე ბიზნესმენი ჩივის, რომ მას არ დაეხმარა "აწარმოე საქართველო", ეს ნიშნავს, რომ ბანკმა მას სესხი არ დაუმტკიცა.

ასევე, ზემოხსენებული სამი მეთოდიდან პირველი ან მეორე რომ გამოეყენებინათ, "აიფაქტელები" მიიღებდნენ პასუხს კიდევ ერთ კითხვაზე - დიახ, ყველა კომპანია თანაბარ პირობებშია და სესხის თანადაფინანსებით ისარგებლა 238-მა კომპანიამ, მათ შორის დიდმა კომპანიებმაც, საშუალოებმაც და წვრილებმაც. და ისარგებლეს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბანკმა სესხი დაუმტკიცა.

თუ ჟურნალისტმა არც "აწარმოე საქართველოს" დებულება ნახა და არც იმ კომპანიებში დარეკა, ვის საქმიანობასაც "იძიებდა", ამას ორმაგი არაპროფესიონალიზმი ჰქვია. მაგრამ თუ მიზანი ის არის, რომ საზოგადოებას მიაწოდო მესიჯი - ქუმსიშვილი ბიუჯეტიდან თავის ნათესავებს აფინანსებს, რა თქმა უნდა, ზემოხსენებული მონაცემები მაგიდაზეც რომ გედოს, არ გამოიყენებ. ამას უკვე იაფფასიან სპეკულაციაზე აგებული შეკვეთილი კამპანია ჰქვია, რომელიც არანაკლებ დამაზიანებელია ჟურნალისტის იმიჯისთვის, ვიდრე ორმაგი არაპროფესიონალიზმი.

ასევე, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ზემოთ ნახსენები კარგად აპრობირებული შავი პიარის კამპანიის პირველ ფაზასთან გვაქვს საქმე.

იმედია, რომ ეს ასე არ არის და სამომავლო გამოძიებისთვის ეს სტატია გამოადგებათ "აიფაქტის" ჟურნალისტებს. თორემ მაგალითად, დარწმუნებული ვარ, "რუსთავი 2"-მა ძალიან კარგად იცოდა, "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში როგორ ხდება დაფინანსება. უბრალოდ, "კოლორპაკი" "პალიტრამედიის" შემადგენლობაში შემავალი კომპანიაა და "რუსთავი 2" როგორ გაუშვებდა შანსს ხელიდან, რომ არ ეკბინა ჩვენი მედიასახლისთვის, მით უმეტეს ტელევიზია "პალიტრანიუსის" მზარდი გავლენისა და პოპულარობის გათვალისწინებით.

ვინ არის დამკვეთი?

რაც შეეხება ქუმსიშვილზე მიტანილ იერიშს, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა ყოფილი ხელისუფლების დოტაციაზე მყოფი ტელეკომპანიისა და მოქმედი სამთავრობო ან მასთან დაახლოებული დაჯგუფებების ინტერესები. ვინმემ ხვალ რომ განაცხადოს, რომ ქუმსიშვილმა ეგვიპტური პირამიდები თავის ცოლის ნათესავებს ააშენებინა, "რუსთავი 2" სრული სერიოზულობით მოიწვევს ამ ადამიანებს და ისე, რომ არც შეეცდება ბრალდების ადრესატს ანუ მეორე მხარეს კითხვა დაუსვას, მისი წამყვანი ტრაგიკული ხმით ამცნობს ტელემაყურებელს "როგორ იყენებდნენ ფარაონის რესურსებს საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე, ექსკლუზიურად ეკონომიკის მინისტრი და მისი ნათესავები".

სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, "ქუმსიშვილი-ნათესავების" ანალოგიური სქემით მოხდა შეტევა "პალიტრამედიის" კიდევ ერთ ორგანიზაციაზე, როდესაც "რუსთავი 2", საეჭვო წარმოშობის, სავარაუდოდ, თავისივე სატელიტი არასამთავრობოსა და ნიკანორ მელიას სიცრუის ტირაჟირებას ახდენდა, თითქოს სრული კონკურენციის პირობებში ჩატარებული ტენდერი გამარჯვებულმა უკონკურენტოდ მოიგო. ის სიცრუე ერთ დღეში ჩაეფუ-შათ, როგორც კი რეალური ფაქტები გახდა ცნობილი.

ეტყობა, ზოგიერთმა ვერ დაიჯერა, რომ ტყუილს მართლაც ძალიან, ძალიან მოკლე ფეხები აქვს...

ლევან რაზმაძე

ცუდია, როდესაც ტელევიზიას პოლიტიკური პარტია აკონტროლებს, მაგრამ არანაკლებ ცუდია, როდესაც ბიზნესმენი მედიასაშუალებას თავისი ბიზნესინტერესებისთვის იყენებს

თუ გავლენიანმა დაჯგუფებებმა პოზიციები გაიმყარეს, ქვეყანაში კრიმინალურ-ოლიგარქიული რეჟიმი დამყარდება, რაც სახელმწიფოსთვის უდიდესი დარტყმა იქნება

P.S. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ზემოხსენებული სტატია გამოქვეყნდა 19 ივლისს. ანუ წესით, "გამომძიებელ-ჟურნალისტებს" უნდა გაეგოთ "აწარმოე საქართველოს" ელემენტარული არსი და ისიც, რომ მათი "გამოძიება" თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული. "რუსთავი 2"-ს კი, სიცრუის ტირაჟირებაში მინიმუმ პაუზა უნდა აეღო. თუმცა...

21 ივლისის "შაბათის კურიერში" კვლავ გააგრძელეს "ქუმსიშვილ-ნათესავების" ხაზი, ოღონდ ეს შეფუთეს უკვე იმ კუთხით, რომ თურმე "აწარმოე საქართველოს" პროგრამაში მონაწილეობენ დიდი კომპანიებიც.

აქ მთავარი კიდევ ერთი ნიუანსია, "შაბათის კურიერის" ანონსის გასვლისთანავე "პალიტრამედიის" ერთ-ერთი კომპანიის, "კოლორპაკის" დირექტორმა, რომლის შემთხვევაც მოჰყავდათ როგორც "კომპრომატი", პირდაპირ "ფეისბუკზე" მიმართა "რუსთავი 2"-ის კოლექტივს, რომ მიეცათ მისთვისაც საშუალება, ესაუბრა სიუჟეტში, სადაც მარტივად დაამტკიცებდა, რომ გადაცემის რესპონდენტები არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ. თან პერსონალურად მონიშნა "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტების გვერდები, რომ მათ აუცილებლად ენახათ ეს მიმართვა.

...როგორც მოსალოდნელი იყო, "რუსთავი 2"-დან მას არავინ შეხმიანებია და ისევ ცალმხრივი, დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდეს მაყურებელს.

მოკლედ, კითხვაც აღარ არის დასასმელი, არის თუ არა ეს შავი პიარი. უკვე ნათელია, რომ "რუსთავი 2"-ში ერთმანეთს დაემთხვა "ნაციონალური მოძრაობის" და ამჟამინდელი ხელისუფლებისა თუ მასთან დაახლოებული დაჯგუფებების ინტერესები. შავი პიარის დამკვეთი გავლენიანი დაჯგუფებები ცდილობენ "გააშავონ" ყოფილი პრემიერის გუნდი, ამისთვის იყენებენ ყველა საშუალებას, მათ შორის, გავლენის აგენტებს სოციალურ ქსელში, ე.წ. ტროლებს. "რუსთავი 2" ანუ "ნაცმოძრაობა" ცდილობს, "გააშავოს" ხელისუფლება და ამისთვის იყენებს იმ "ჩაწოდებებს", რომელიც ამ დაჯგუფებებიდან მოდის. პარალელურად, ჰკბენს კონკურენტ "პალიტრამედიას".

"რუსთავი 2" მარტო არ არის. "ქუმსიშვილ-ნათესავების" თემის განვითარებას შეეცადა თამბაქოს მაგნატის ტელევიზია "იბერიაც", ოღონდ თუ "რუსთავი 2"-მა სტრატეგია იმაზე ააგო, რომ თურმე პროგრამა "აწარმოე საქართველოში" უკვე წარმატებული, საკმაოდ დიდი კომპანიები არიან ჩართული, "ბიზნესკოდის" წამყვან აკაკი გოგიჩაიშვილს ის "უკვირს", რატომ მონაწილეობენ პროგრამაში დაბალი ბრუნვის მქონე ბიზნესსუბიექტები. რაც ყველაზე სასაცილოა, ამ ორ ურთიერთგამომრიცხავ დასკვნას, ერთი და იმავე რესპონდენტებზე დაყრდნობით, ერთი და იმავე კონკრეტული კომპანიის "კოლორპაკის" მაგალითზე აკეთებენ.(!)

ბოლო დღეების მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - ცუდია, როდესაც ტელევიზიას პოლიტიკური პარტია აკონტროლებს, მაგრამ არანაკლებ ცუდია, როდესაც მსხვილი ბიზნესმენი მედიასაშუალებას თავისი ბიზნესინტერესებისთვის იყენებს - ხან მოეფერება ხელისუფლებას, ხან დააშანტაჟებს, ზოგჯერ კონკურენტებზე მიიტანს იერიშს და ა.შ. როდესაც მედიასაშუალება დამოუკიდებელი არ არის, ის ადვილი გამოსაყენებელია სხვადასხვა ინტერესისთვის.

ყოფილი პრემიერისა თუ მისი გუნდის მუშაობის შეფასების პოლიტიკური თუ სამართლებრივი ასპექტები სულ სხვა თემაა. მთავარი და საგანგაშო ის არის, რომ არსებობენ გავლენიანი დაჯგუფებები, რომლებიც მზად არიან, თავიანთი მიზნების მისაღწევად ცილი დასწამონ და შავი პიარი აუგორონ იმ ბიზნესორგანიზაციებსაც, რომელთაც არანაირი შეხება არ აქვთ პოლიტიკასთან. თუ გავლენიანმა დაჯგუფებებმა პოზიციები გაიმყარეს, ქვეყანაში კრიმინალურ-ოლიგარქიული რეჟიმი დამყარდება, რაც სახელმწიფოსთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

ამიტომ შევეცდებით, ჩვენი "კოლეგებისგან" განსხვავებით, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით, გამოვიკვლიოთ და ვუთხრათ მკითხველს თუ მაყურებელს, ვინ არიან დღეს საქართველოში "რუხი კარდინალები" და როგორ ცდილობენ ისინი ყველას და ყველაფრის გაკონტროლებას.

გიორგი კვიტაშვილი