"დახვრეტამდე ჯერ შორს ვართ, თუმცა კომპარტიის მეთოდები არც მმართველ გუნდს მოუტანს კარგს და არც - ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"დახვრეტამდე ჯერ შორს ვართ, თუმცა კომპარტიის მეთოდები არც მმართველ გუნდს მოუტანს კარგს და არც - ქვეყანას"

"ჩვენ გარშემო მსოფლიო იცვლება, ჩვენ კი ისევ გასული საუკუნის პირველი ნახევრის თუ კომუნისტური რეჟიმის დროინდელ პარტიული მართვის სტილს ვებღაუჭებით"

"ქართული ოცნებიდან" დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვამ ზოგ ექსპერტს ავადსახსენებელი კომპარტია გაახსენა.

რამაზ საყვარელიძე: - როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თქვა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება "მეორედ მოსვლის" ტოლფასი იქნებოდა. "ქართულ ოცნებაში" მართლაც "მეორედ მოსვლის" მსგავსი პროცესები განვითარდა და ყოფილი პრემიერი პარტიაში თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნდა, მთავარ არგუმენტად კი გუნდის წევრებს შორის დაპირისპირება დაასახელა. ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, აშკარაა, რომ "ქართულ ოცნებაში" მართვის სტილმა და დაპირისპირებამ უფრო მძიმე ფორმა მიიღო და ამას ბიძინა ივანიშვილმაც ვერ უშველა, ყოველ შემთხვევაში, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები სწორედ ამაზე მეტყველებს. იერარქიული მართვა, როდესაც გუნდის წევრებისგან ლიდერის კრიტიკა დაუშვებელი და მიუღებელია, არაერთ სტრუქტურაში გვხვდება, მათ შორის - რელიგიურ თუ ძალოვან სისტემებში, რასაც, შესაძლოა, გამართლება მოვუძებნოთ, მაგრამ როდესაც პარტიიდან, უდისციპლინობის მოტივით, კრიტიკისთვის თანაგუნდელს რიცხავენ, ეს უფრო ღრმა და სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ასე იქცეოდნენ კომუნისტები, ოღონდ პარტიიდან გარიცხვის შემდეგ, ხშირად ადამიანს ხვრეტდნენ. საბედნიეროდ, დახვრეტამდე ჯერ შორს ვართ, თუმცა კომპარტიის მეთოდები არც მმართველ გუნდს მოუტანს კარგს და არც - ქვეყანას.

- "ქართული ოცნების" ლიდერებმა დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვა გუნდში სტაბილურობის შენარჩუნების მცდელობად შეაფასეს. მათივე განცხადებით, დაუშვებელია, თანაპარტიელი გუნდის წევრებს, მაგალითად, ცხვრებად მოიხსენიებდეს...

- აშშ-ში,"რესპუბლიკური პარტიის წევრთა ნაწილი დღეს აკრიტიკებს ტრამპს და დოყლაპიად მოიხსენიებს, თუმცა ლიდერის შეურაცხყოფის გამო რომელიმეს გარიცხვის საკითხი დადგა დღის წესრიგში? რა თქმა უნდა, არა! სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო მსოფლიო იცვლება, ჩვენ კი ისევ გასული საუკუნის პირველი ნახევრის თუ კომუნისტური რეჟიმის დროინდელ პარტიული მართვის სტილს ვებღაუჭებით.

პარტიიდან გარიცხვით ვერავის შეაშინებ და ეს დავით ჭიჭინაძის მაგალითზეც გამოჩნდა - თუ რამდენიმე თვის წინ დავით ჭიჭინაძეს, როგორც პოლიტიკოსს, არავინ იცნობდა, ბოლო დღეებში გუნდთან დაპირისპირებით მან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება შეძლო. საერთოდ, ძალის დემონსტრირებით პარტიის მართვა ყველაზე იოლია, საკითხების დემოკრატიულად გადაწყვეტაა რთული. "ქართული ოცნება" იოლ გზას დაადგა, შედეგი კი აუცილებლად მძიმე იქნება. (იხილეთ სრულად)