"სამწუხაროა, რომ 2012 წლის გამარჯვებამ ექვსი წლის თავზე "კოლექტიური ზარდიაშვილების" სახე მიიღო" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროა, რომ 2012 წლის გამარჯვებამ ექვსი წლის თავზე "კოლექტიური ზარდიაშვილების" სახე მიიღო"

"ბოლომდე ნუ ამალაპარაკებენ - ყველაზე ყველაფერი კარგად მახსოვს"

პარტიის იმიჯისა და ინტერესების შელახვა და თანაგუნდელების საჯარო შეურაცხყოფა - ასე განმარტა "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი რიგებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, გადაწყვეტილება არა მხოლოდ ისნის მაჟორიტარი დეპუტატისთვის, პარტიის დანარჩენი წევრებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

დავით ჭიჭინაძე: - პარტიიდან ჩემი გარიცხვის შემდეგ "ქართული ოცნების" წევრების განცხადებებს ყურადღებით ვუსმენდი და მეცინებოდა. პატარა ბავშვებივით არიან, განსაკუთრებით ზაქარია ქუცნაშვილზე გამეცინა, საზოგადოებას რომ ატყუებს, ჭიჭინაძე პარტიაში 2016 წელს გაწევრდა და მანამდე თვალით არ გვინახავსო.

თუ არ ახსოვს, შევახსენებ: ერთ-ერთი არჩევნების წინ სახლში მივაკითხე და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა შევთავაზე, ის კი ოთახში ჩაიკეტა და გარეთ გამოსვლა ვერ გაბედა... ასე რომ, ვურჩევ, ბოლომდე ნუ ამალაპარაკებენ - ყველაზე ყველაფერი კარგად მახსოვს. 2012 წელს კი, "ქართული ოცნების" ბევრი დღევანდელი, ე.წ. ახალი სახისგან განსხვავებით, პარტიას რიგითი მხარდამჭერის პოზიციიდან ვეხმარებოდი. მე ვაზიანებ იმ პარტიის იმიჯს, რომლის წევრები გუნდიდან წასულ ადამიანებს წიხლებს ურტყამენ?! გია ვოლსკიმ განაცხადა, დავით ჭიჭინაძეს პარტიული სტანდარტი არ ესმისო. მე კი ვფიქრობ, რომ თავად გია ვოლსკია მის მიერ გამოვლილი გზის - კომკავშირისა და ცეკა-ს სტანდარტებში ჩარჩენილი.

რომელ სტანდარტებზე მესაუბრებიან, ყველა დასავლური პარტია დემოკრატიული მართვის პრინციპებზეა დამყარებული და ჩვენგან განსხვავებით, კულუარულად კი არ მართავენ პარტიებს, ღიად ისმენენ თანაგუნდელებისგან კრიტიკასაც და განსხვავებული მოსაზრების გაანალიზებაც არ უჭირთ...

"კოლექტიური ზარდიაშვილებისთვის" ყველა, ვინც თანამდებობას ტოვებს, მეორე დღესვე საძულველი ხდება - მხოლოდ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი ადამიანები უყვართ. როგორც ჩანს, ერთადერთი ბიძინა ივანიშვილია, ვისაც ჯერ კიდევ ვერაფერს უბედავენ, მაგრამ

გარწმუნებთ, ხვალ სხვა ლიდერი რომ გამოჩნდეს, პირველს სწორედ ივანიშვილს ესვრიან ტალახს და "ქართული ოცნებიდან" სიხარულით გაიქცევიან. საბედნიეროდ, მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ამ ყველაფერს ხვდება - პარტიიდან ბევრმა დამირეკა, უხერხულ სიტუაციაში ვართ და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთო, ან როგორ უნდა იყვნენ ბედნიერები, როდესაც კოლეგის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება არც კი შეუთანხმეს, აზრიც კი არ ჰკითხეს და ამის შესახებ მხოლოდ მედიიდან შეიტყვეს?! ისე იქცევიან, ზოგჯერ მგონია, რომ სიზმარში ვარ და მალე უნდა გამომეღვიძოს.

სამწუხაროა, რომ 2012 წლის გამარჯვებამ ექვსი წლის თავზე "კოლექტიური ზარდიაშვილების" სახე მიიღო, ამიტომაც დაკარგა "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოების ნდობა. დამოუკიდებელი დეპუტატი ვიქნები და ყველაფერზე ღიად ვილაპარაკებ - ამ მოწვევის პარლამენტმა მხოლოდ "ქართული ოცნების" მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახერხა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, მალე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწევთ. მერე ვნახოთ, ვის რამდენი მხარდამჭერი ჰყავს, მე უფრო მენდობა ხალხი თუ ირაკლი კობახიძეს და მის სამკაციან ე.წ. გუნდს.

რუსუდან შელია